რევმატიზმი და მკურნალობა
რევმატიზმი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაავადებაა, პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. დამახასიათებელია აგრეთვე სახსრების, ნერვული სისტემის, კანის და სხვა სისტემების დაზიანება.
რევმატიზმის კლინიკური სურათი ძალიან მრავალფეროვანია: ავადმყოფი უჩივის ძლიერ სისუსტეს, ყრუ ხასიათის, ზოგჯერ ჩხვლეტით ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას გულის მიდამოში, გულის ფრიალს, ცხელებას, დაღლილობას, მადის დაკარგვას, სიფერმკრთალეს, მუცლის ტკივილს და სისხლდენას ცხვირიდან.
რევმატიზმის დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდირებულია ანტიბიოტიკოთერაპიის სრული კურსი. აუცილებელია ყელის ინფექციების მკურნალობა, რადგან შესაძლოა, სტრეპტოკოკი კვლავ არსებობდეს ტონზილებში და ასტიმულირებდეს იმუნურ სისტემას. დაავადების ძირითადი სიმპრომები თავისთავად უკუგანვითარდება, თუმცა, რჩება ახალი შეტევების განვითარების რისკი, რომელიც უფრო მაღალია დაავადების დაწყებიდან პირველის 5 წლის განმავლობაში.
პროფილაქტიკური მკურნალობის გაგრძელება სავალდებულოა, რათა შემცირდეს ახალი შეტევების განვითარების შანსი. ექიმების უმრავლესობის აზრით, პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა, 5 წლის მანძილზე, ან, თუ გულის დაზიანება გამოხატული არ არის, მანამ, სანამ პაციენტი 18 წლის არ გახდება; თუ სახეზეა გულის დაზიანება, პროფილაქტიკა რეკომენდირებულია 40 წლის ასაკამდე.
გულის სარქვლების დაზიანების მქონე პაციენტებისთვის, სტომატოლოგიური ან ქირურგიული მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბაქტერიული ენდოკარდიტის პრევენცია ანტიბიოტიკებით. ეს აუცილებელია, რადგან სხეულის სხვა ნაწილებში, განსაკუთრებით კი, პირის ღრუში, არსებულმა ბაქტერიებმა, შეიძლება, გულის სარქვლების ინფექცია გამოიწვიოს.