რა არის კარდიომიოპათია და რატომ ვითარდება
არის შემთხვევები, როდესაც კარდიომიოპათიის მიზეზი უცნობი რჩება, მაგრამ ცნობილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათია მეტწილად ამა თუ იმ ტოქსინის, ინფექციური აგენტისა თუ მეტაბოლური ფაქტორების გულის კუნთზე ზემოქმედების შედეგია.
დაავადება შესაძლოა მწვავე ვირუსულ მიოკარდიტსაც მოჰყვეს.
ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ორსულთა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კოკაინის მოხმარება და ხანგრძლივი ტაქიკარდია შეუქცევადი დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზია.
დადგენილია, რომ იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი რაოდენობის ალკოჰოლს იღებენ, დილატაციური კარდიომიოპათია უვითარდებათ. ამ დაავადების რისკი მათ გარკვეულწილად გენეტიკურად აქვთ დეტერმინირებული.
გახსოვდეთ: თუ ადამიანი ალკოჰოლის მიღებას გულის მძიმე უკმარისობის აღმოცენებამდე შეწყვეტს, დილატაციური კარდიომიოპათიის პროგრესირება შეფერხდება და შესაძლოა, უკუგანვითარდეს კიდეც.
მათთვის კი, ვინც ალკოჰოლის მიღებას განაგრძობს და გულის უკმარისობაც აღენიშნება, პროგნოზი მძიმეა: მათი სამი მეოთხედი რამდენიმე წელიწადში იღუპება.
ბევრს შესაძლოა არც კი სმენია, რომ მეტისმეტად დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებისას ვლინდება მისი კარდიოტოქსიკური ეფექტი, რაც განმეორებითი ტაქიკარდიის შეტევებით ვლინდება. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მიზეზად გენეტიკურ ფაქტორს მიიჩნევენ. დაავადებულთა თითქმის ნახევარს აღენიშნება კარდიომიოპათიის ოჯახური ისტორია.
დაავადების აღმოცენებას ათამდე სხვადასხვა გენის 150-მდე განსხვავებული მუტაცია განაპირობებს. რესტრიქციული კარდიომიოპათია სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ ფორმის კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის დაზიანება ამილოიდოზს, ჰემოქრომატოზს, გლიკოგენის ჩალაგებას, სარკოიდოზს, სკლეროდერმიასა და სხვა დაავადებებს უკავშირდება.