დაავადებები, სასუნთქი სისტემა

რა იწვევს ხველას და როგორ ვიმკურნალოთ

რა იწვევს ხველასხველა არის პაციენტის ექიმთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.

ეს ფაქტი განსაკუთრებით დამახასიათებელია ბავშვებისთვის.

ხველა, თავისი მახასიათებლების მიხედვით, ძირითადად, შეიძლება დაიყოს რამდენიმე ტიპად:

ხანგრძლივობის მიხედვით:

  • მწვავე- ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირამდე.
  • ქრონიკული -გრძელდება 8 კვირაზე მეტი.

ნახველის გამოყოფისა და ხმიანობის მიხედვით:

  • მშრალი ხველა – როდესაც არ ხდება ნახველის გამოყოფა.
  • სველი ხველა – ხდება ნახველის გამოყოფა.

გამომწვევის მიხედვით:

  • სპეციფიური – ხველა, რომელიც ასოცირებულია სხვა სიმპტომებთან, რომლებიც შეიძლება გამოხატავდნენ ხველის უშუალო ან ხელშემწყობ მიზეზებს.
  • არასპეციფიური – უპირატესად მშრალი ხველა, რომელიც არ არის სასუნთქი სისტემის გამოვლენილ პათოლოგიასთან.
  • „მოსალოდნელი“ ანუ „ნორმალური ხველა- როდესაც პიროვნება 1 საათის განმავლობაში ახველებს 1 ან 2-ჯერ ანუ, 24 საათში 24 ან 48-ჯერ და ამ დროს არ არის გამოხატული, სხვა, რაიმე დაავადების ნიშნები.

მწვავე ხველის უხშირესი მიზეზია ზემო სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: გაციება ანუ მსუბუქად მიმდინარე რინო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, რინო-სინუსიტი.

ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელია მშრალი ან მცირე რაოდენობით ნახველიანი ხველა, ტემპერატურის მეტ-ნაკლები მატება, ცხვირიდან სხვადასხვა კონსისტენციის გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ჩახეხვის შეგრძნება. დაავადება გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში და უხშირესად ჩაივლის ყოველგვარი გართულების გარეშე. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო არაა. მაღალი ტემპერატურისა და ყელის ტკივილის შემთხვევაში გამოიყენება აცეტამინოფენი (ან სხვა ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები). სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება გამოვიყენოთ პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები (მაგ. სუპრასტინი 5 დღის განმავლობაში). პაციენტი უნდა მოთავსდეს კომფორტულ გარემოში და მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.

ამოსახველებელი ან ხველის დამაწყნარებელი საშუალებები (ე.წ. ხველის ცენტრალური ან პერიფერიული სუპრესანტები) არ ხასიათდებიან მაღალი ეფექტით და მათი გამოყენება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია მისაღები.

სპეციფიური გამოკვლევები საჭირო არ არის.

თუ ხველა გრძელდება 2 კვირაზე მეტი და ამას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ზოგადი დისკომფორტი, სუნთქვის გაძნელება ან სხვა პათოლოგიური გამოვლინებები, ეჭვი უნდა მივიტანოთ ფილტვების ანთების ან ბრონქიტის არსებობაზე და საჭიროა ექიმის კონსულტაცია და კვლევები.

თუ ხველა გრძელდება 8 კვირაზე მეტი (ბავშვებში 4 კვირაზე მეტი) – ეს ქრონიკული ხველაა და ამ დროს უნდა ვივარაუდოდ ისეთი დაავადებების არსებობა, როგორიცაა ბრონქული ასთმა, არა ასთმური ეოზინოფილური ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, კისტოფიბროზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ზოგიერთი მედიკამენტის (არტერიული წნევის დამწევი ზოგიერთი საშუალება), სინუსიტი და ზემო სასუნთქ გზებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების გამო განვითარებული ე.წ. «წვეთის გადადინების სინდრომი».

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ე.წ. ფსიქოგენური ხველა, რომელიც ადამიანის ნერვული სისტემის თავისებურებითაა გამოწვეული და შეიძლება გამოხატავდეს ამ სისტემის პათოლოგიას ან პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას (მაგ. რაღაცის პროტესტს).

ქრონიკული ხველის დროს აუცილებელია ისეთი გამოკვლევები, როგოროცაა რენტგენოგრაფია და სპიროგრაფია.

დაბოლოს : კატეგორიულად უნდა ვთქვათ, რომ ხველის სამკურნალო პრეპარატები, პრაქტიკულად, არ არსებობენ და მოთხოვნა «უმკურნალეთ ხველას» გაუმართლებელია.

უნდა ვუმკურნალოთ არა ხველას – არამედ იმ მიზეზებსა და დაავადებებს, რამაც ხველა გამოიწვია.

 

©medicalhouse.ge