გინეკოლოგია, დაავადებები

საკვერცხის კისტა

საკვერცხის კისტასაკვერცხის კისტა არის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება საკვერცხეში მანამდე წარმოქმნილ ღრუში სითხის დაგროვების შედეგად. საკვერცხის კისტებს მიდრეკილება აქვთ გადიდებისკენ, რის გამოც ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ.

კისტების წარმოქმნას ხელს უწყობს ანთებითი ცვლილებები საკვერცხეში და ჰორმონალური დისბალანსი. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს.

არსებობს საკვერცხის სხვადასხვა სახის კისტა:

  • ფოლიკულური კისტა;
  • ყვითელი სხეულის კისტა;
  • დერმოიდული კისტა;
  • საკვერცხის კისტომები და ა.შ.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ადგილმდებარეობით, შემადგენლობით, გამომწვევი მიზეზებით და სხვ.

  • ფოლიკულური კისტა, რომელიც საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე ხშირია, ის ქალებს 21-40 წლის ასაკში უვითარდებათ. ფოლიკულური კისტა, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, მენსტრუალური ციკლის მოშლა, შორსწასულ შემთხვევებში – უნაყოფობა.
  • ფოლიკულური კისტა რომელსაც ხშირად თან ახლავს სხვადასხვა დაავადებები: საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, სხვა სახის კისტები, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის პოლიპები და სხვა. ფოლიკულური კისტა ყოველთვის ერთკამერიანია და მისი მინიმალური ზიმაა 1,5-2 სმ., ხოლო მაქსიმალურია დიამეტრი 5-10 სმ. შესაძლოა იგი ჰორმონალური დარღვევების ან საკვერცხეების “მსუბუქი” პათოლოგიის შედეგად წარმოიშვას, ქონდეს მხოლოდ ფუნქციური ხასიათი და ძირითადი დაავადების (რის გამოც ის წარმოიშვა) მკურნალობის შემდეგ უკვალოდ გაქრეს. ასეთ შემთხვევაში, თუ ფოლიკულური კისტა სამ თვეში არ გაქრა, მაშინ საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
  • ყვითელი სხეულის კისტა შედარებით იშვიათია. ის წარმოიქმნება ყვითელ სხეულში ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, რასაც იწვევს ჰორმონალური დარღვევები და ანთება. ამ ტიპის კისტა 20-45 წლის ასაკში ვითარდება, მისი ზომები 3-დან 8 სმ-მდეა. ყვითელი სხეულის კისტა რაიმე დამახასიათებელი სიმპტომით არ გამოირჩევა, იშვიათად შესაძლოა ქალს აღენიშნებოდეს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ისევე როგორც ფოლიკულური კისტა, ყვითელი სხეულის კისტასაც აქვს ფუნქციური ხასიათი და შესაზლოა თავისთავად გაქრეს.
  • დერმოიდული კისტა ქალებს 20-40 წლის ასაკში უვითარდებათ. მას მწვავე ტერატომასაც უწოდებენ. ამ დროს კისტა უმეტესად ცალმხრივია, დაახლოებით 15%-ია ორმხრივი. კისტის ზომა მერყეობს ქინძისთავისოდენობიდან 10-15 სმ-მდე. მისი შემადგენლობა არაერთგვაროვანია. კისტა შეიძლება შესდგებოდეს ცხიმოვანი სითხისგან, გამკვრივებული უბნებისაგან, ჩანასახოვანი ელემენტებისაგან (კანის, კბილების, ძვლებისაგან და სხვ.). დერმოიდული კისტის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.
  • საკვერცხის კისტომები საკვერცხის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება. მას თავისებური აგებულება აქვს — კისტომა ე.წ. “სიმსივნურ” ფეხზე დგას. ამ ფეხის სიგრძე სხვადასხვაა. რაც უფრო გრძელია იგი, მით მეტია კისტის შემოგრეხისა და გასკდომის საშიშროება. კისტომებს თანახლავს ტკივილი მუცლის არეში, ადვილად დაღლა, გახდომა და სხვ. მისი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.

საკვერცხის ყველა სახის კისტას ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება, ვინაიდან მათ საკმაოდ საშიში გართულებები ახასიათებთ.

ეს გართულებებია:

კისტის შემოგრეხა (რომელსაც აქვს ფეხი), კისტის გასკდომა (შემოგრეხის შედეგად), დაინფიცირება (დაჩირქება და ამის გამო პერიტონიტის განვითარება).

კისტა ფეხის საშუალებით საკვერცხისაგან იღებს საკვებს, შემოგრეხის დროს კი იგი კარგავს სისხლისმომარაგებას და ვითარდება მწვავე მდგომარეობა, ამ დროს ქალს აღენიშნება უეცარი და ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის გახშირება, კანის გაფერმკრთალება. მუცლის კუნთები გამაგრებულია, ოდნავ მატულობს ტემპერატურა. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ქალმა გონებაც დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს (სასწრაფოდ უნდა მოხდეს ოპერაციული ჩარევა).

ნებისმიერი კისტის აღმოსაჩენად საჭიროა გაკეთდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა. კისტის შემადგენლობის შესასწავლად კი კეთდება ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი საზღვრავს — ეს კისტა არის ფუნქციური და მას მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, თუ არის სასწრაფო საოპერაციო.