ყველა სახეობის ცხიმი მავნე როდია
დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველგვარი დიეტა უსარგებლოა, თუ არ დავიცავთ ექვს მარტივ წესს.
წესი პირველი: კარგი და ცუდი საკვები არ არსებობს; არსებობს მეტად და ნაკლებად ცხიმიანი, ცილოვანი, მარილიანი, ტკბილი საკვები. სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს ყველა პროდუქტი შეიცავს. თუ რაციონიდან რომელიმე მნიშვნელოვან კომპონენტს ამოვიღებთ, ორგანიზმი სანაცვლოდ ცხიმის დაგროვებას დაიწყებს.
წესი მეორე: თავი დაანებეთ ჭამაზე ფიქრს! ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა პრობლემა თავშია. ეცადეთ, საკვებზე დამოკიდებული არ გახდეთ.
წესი მესამე: ოდესმე ყველა დიეტა მთავრდება. როგორც კი წონა სასურველ ნიშნულს მიაღწევს, ადამიანი თავს ანებებს დიეტას და მაშინვე იწყებს გასუქებას, ხშირად აჭარბებს კიდეც თავდაპირველ წონას. საჭიროა დავაბალანსოთ რაციონი.
წესი მეოთხე: დივანზე წოლით წონას ვერ დაიკლებთ. თუ ორგანიზმს ფიზიკურად არ დატვირთავთ, აუცილებლად გასუქდებით. სპორტდარბაზში გამუდმებული ვარჯიშიც არ არის აუცილებელი, საკმარისია, სუფთა ჰაერზე რამდენიმე საათი ისეირნოთ.
წესი მეხუთე: ყოველგვარი ცხიმი არ არის მავნე. მაგალითად, ცხიმი, რომელსაც შეიცავს თევზი და ნიგოზი, სასარგებლოა.
წესი მეექვსე: ნუ მიეძალებით გაზიან სასმელს და ნატურალურ წვენებს. გავრცელებულია აზრი, რომ წვენები და მატონიზებელი სასმელი უვნებელი და დაბალკალორიულია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის – ყველა სასმელი შეიცავს შაქარს. ამიტომ უმჯობესია, მიირთვათ ხილი და დალიოთ ჩვეულებრივი, უგაზო წყალი.