დიეტა

მაწვნის დიეტა ნიღბების თანხლებით

მაწვნის დიეტა დიეტა, თავისი ნიღბებიანად, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, დასაშვებია ქალბატონებისთვის 18 წლიდან ზემოთ, განუსაზღვრელ ასაკამდე.

ეს დიეტა განსაკუთრებით ადვილი გასაკეთებელი და ეფექტური სწორედ ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდშია, რადგან, ჯერ ერთი, წლის ამ პერიოდებში უამრავი სახეობის ახალი ხილი და ბოსტნეულია ჩვენს ხელთ, მეორეც, განსაკუთრებით ზაფხულში, ადამიანს თითქმის არ აქვს ნოყიერი საკვების მოთხოვნილება.

გარდა ამისა, ეს დიეტა არის ეგრეთ წოდებული „მოთელვა“, ანუ ორგანიზმის მოსამზადებელი პერიოდი იმათთვის, ვისაც დიდი რაოდენობით ჭარბი წონა აქვს „დასაგდები“. ანუ: თუ თქვენ 5-6 კილოგრამის მოშორება გსურთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტა დაიცავით 2 კვირის განმავლობაში და მერე გადადით ჩვეულებრივ, ოღონდ, მსუბუქ კვებაზე. მაგრამ თუ მეტად გსურთ წონაში დაკლება, მაშინ ასეთი სქემა უნდა შეარჩიოთ:

1 კვირა – დღევანდელი დიეტა, მომდევნო 1 კვირა – თქვენთვის მისაღები ჩვენ მიერ ადრე შემოთავაზებული ნებისმიერი დიეტა, შემდეგი 1 კვირა – ისევ დღევანდელი დიეტა და ასე უნდა განმეორდეს სამჯერ, ანუ ჯამში უნდა გამოვიდეს: 3 კვირა დღევანდელი დიეტა და 3 კვირა ნებისმიერი სხვა დიეტა. თუ ამ ყველაფერს ელემენტარულ ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ, განსაკუთრებით, 40 წელს გადაცილებული ქალბატონები (ისე, ვარჯიში და წყლის პროცედურები უფრო ახალგაზრდებსაც არ აწყენთ), შედეგიც უფრო ეფექტური იქნება და წონის დაკლების შემდეგ კანიც არ ჩამოგეკიდებათ. ნიღბები კი უფრო ხავერდოვანს, მკვრივსა და ელასტიკურს გახდის თქვენს კანს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული დიეტა სკურპულოზურად უნდა დაიცვათ. ერთადერთი, თავისუფლება გენიჭებათ იმაში, რომ ყოველ მომდევნო დღეს შეგიძლიათ, ხილის ერთი სახეობა სხვა ხილით ჩაანაცვლოთ.
მათ საყურადღებოდ, ვისაც ყავის გარეშე გაძლება არ შეუძლია:

უფლება გეძლევათ, მხოლოდ დილით, პირველი საუზმის წინ, 1 პატარა ფინჯანი უშაქრო (ან 1 ჩაის კოვზი თაფლით დამტკბარი) ყავა მიირთვათ.

და კიდევ: ყოველი ჯერის შემდეგ მოიტოვეთ 1-2 სადილის კოვზი თქვენი დიეტური საკვები და წაისვით სახეზე, ყელზე და დეკოლტეს მიდამოებზე (ასაკოვანმა ქალბატონებმა – მკლავებზეც), გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დღის მკვებავი კრემის თხელი ფენა.
შეგახსენებთ, რომ გთავაზობთ ერთი დღის ვარიანტს. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მხოლოდ ხილის სახეობები ცვალოთ.

9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა. 1 ჩაის ჭიქა მაწონში გათქვეფილი 1 სადილის კოვზი კურკაგამოცლილი ალუბალი.
12 საათი: 1,5 ჩაის ჭიქა მაწონში გათქვეფილი 1-1,5 სადილის კოვზი ჟოლო.
15 საათი: 2 ჩაის ჭიქა მაწონში ჩამბალი 1-1,5 სადილის კოვზი „ჰერკულესი“ (ან წიწიბურა).
18 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონში გათქვეფილი ნახევარი ბანანი.
20 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი.

შუალედებში შეგიძლიათ, დალიოთ გაზგასული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი, დღეში 1,5-2 ლიტრის ოდენობით, ან ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული დაუშაქრავი წვენი (1 ჩაის ჭიქა).