დაავადებები, ონკოლოგია

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებიარსებობს  ფარისებრი  ჯირკვლის ავთვისებიანი  და  კეთილთვისებიანი  სიმსივნეები.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე  ჩვეულებრივ  ვლინდება  კვანძოვანი ჩიყვის სახით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვანძოვანი ჩიყვი ყოველთვის სიმსივნის შედეგია.

ფარისებრი ჯირკვლის  სიმსივნე  შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ხშირ შემთხვევაში დაავადება  შედარებით ნელი ტემპით განიცდის პროგრესირებას, თუმცა შესაძლებელია მისი ძალზე ავთვისებიანი მიმდინარეობაც.

წლების განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე შესაძლებელია მხოლოდ ჩიყვის ფორმით გამოვლინდეს. სიმსივნის გარკვეული  ფორმების  დროს  ვლინდება თირეოტოქსიკოზის დამახასიათებელი ნიშნები, ზოგჯერ კი პირიქით, ავადმყოფს  აღენიშნება  ჰიპოთირეოზის მოვლენები.

სიმსივნის დროს ჩიყვი ხშირად მკვრივი კონსისტენციისაა, მოგვიანებით სტადიაში იგი შეიძლება “ჩაიზარდოს” ირგვლივ მდებარე  ორგანოებში  ან  დააწვეს  მათ და  გამოიწვიოს  მათი ფუნქციის მოშლა. ეს შესაძლებელია  გამოვლინდეს  ხმის ჩახლეჩით,  ყლაპვის  გაძნელებით,  სახის მიდამოს შეშუპებით და სხვ.

ფარისებრი  ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი _ ექოსკოპია – ის ფარისებრი  ჯირკვლის  ნებისმიერი ცვლილების  შესაფასებლად  ყველაზე საიმედო თანამედროვე საშუალებაა;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე;
  • ანამნეზი — კლინიკური ნიშნების არსებობა,
  • სისხლში  აუტოანტისხეულების მომატებული  რაოდენობის  აღმოჩენა — რომლებიც გამომუშავებულია  ფარისებრი ჯირკვლის  ქსოვილის  საწინააღმდეგოდ.

ფარისებრი ჯირკვლის  სიმსივნეების დროული დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობის საფუძველია.

ფარისებრი ჯირკვლის  სიმსივნეების მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. საჭიროების შემთხვევაში  ამ  მეთოდთან  ერთად  გამოიყენება  მკურნალობა  რადიოაქტიური იოდითაც. მომდევნო პერიოდში, როგორც წესი, საჭირო ხდება მუდმივი მკურნალობა  ფარისებრი  ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებით, რაც თავიდან აგვაცილებს ოპერაციის  შემდგომ  ჰიპოთირეოზსა  და დათრგუნავს  სიმსივნის  მასტიმულირებელი ფაქტორების აქტივობას.