დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები

პანკრეატიტი

პანკრეატიტიპანკრეატიტი არის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ქსოვილის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.

მის განვითარებას იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნაღვლის სადინრების დახშობა, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ინფექციები, ზოგიერთი მედიკამენტი, კვების რეჟიმის დარღვევა კერძოდ, ზედმეტად ცხიმიანი და ცხარე საკვები, მასში ცილის დეფიციტი.

პანკრეასი გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს და საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით მდიდარ წვენს. პანკრეატიტის დროს ეს ფერმენტები აქტიურდებიან და საკუთარი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებენ – “ინელებენ”, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედების სიკვდილი მოჰყვება.

მწვავე პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი უეცრად იწყება, ქრონიკულის დროს კი – პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად საკუთარი ფერმენტების გააქტიურება და პროცესის გამწვავება ახლავს თან.

პანკრეატიტის მთავარი ნიშანია სარტყლისებური ტკივილი, რომელიც უპირატესად გამოხატულია მუცლის ზემო ნაწილში და გადაეცემა წელისა და ზურგის მიმართულებით. ტკივილი თავს იჩენს მეტწილად ღამის საათებში, ცხიმით მდიდარი საკვებისა და ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
პანკრეატიტის დროს აღინიშნება ასევე: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შემაწუხებელი სლოკინი, ტემპერატურის მომატება.

ტკივილის შეტევის დასაწყისში ადამიანი მოუსვენრადაა, თუ მდგომარეობა დამძიმდა, ავადმყოფი გაუნძრევლად წევს, სახე აქვს ფერმკრთალი, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს. თუ ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა, შესაძლოა, შოკური მდგომარეობაც განვითარდეს.

ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკური სურათი თავდაპირველად მწვავეს ჰგავს. დაავადების დაწყებიდან 5-6 წლის შემდეგ აღინიშნება ხშირი დეფეკაცია მონაცრისფრო მყრალი, ცხიმოვანი განავლით, წონაში დაკლება, შედარებით მოგვიანებით, დაახლოებით 8-10 წლის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ჰორმონების უკმარისობა.

ქრონიკული პანკრეატიტის მოგვიანებით ნიშნებს მიეკუთვნება აგრეთვე: შეშუპება, ანემია, კანზე მრგვალი წითელი ლაქები ე.წ. “წითელი წვეთები”.

პანკრეატიტის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  • კლინიკური მონაცემები, ანუ ის რასაც უჩივის ავადმყოფი;
  • ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური (ტესტები), კერძოდ პანკრეასის ფერმენტების (განსაკუთრებით ამილაზას) აქტივობის განსაზღვრა სისხლსა და შარდში;
  • ინსტრუმენტული გამოკვლევა, ყველაზე ხშირად გამოიყენება ლაპაროსკოპია, ექოსკოპია, კომპიუტერული ან ბირთვულმაგნიტური ტომოგრაფია, ყველაზე ინფორმაციულია პანკრეასის ბიოფსია.

პანკრეატიტის მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადად, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების პერიოდში ტარდება ისეთივე მკურნალობა, როგორც მწვავე პანკრეატიტის დროს, კერძოდ, საჭიროა ტკივილის მოხსნა, მკაცრი დიეტა და ალკოჰოლის შეზღუდვა. ტკივილის დაწყებისთანავე კარგია მტკივან ადგილას ცივი კომპრესის (ყინულის) დადება, სრული სიმშვიდე და შიმშილი.