სოკოვანი დაავადებები
სოკო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი პრობლემური დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.
სოკოვანი დაავადებები მრავალი მიზეზით არის გამოწვეული. მათ შორისაა გლობალური დათბობა, ტენიანობის მომატება, რის გამოც შესანიშნავი გარემო პირობები შეიქმნა სოკოვანი დაავადებების გავრცელებისათვის ანუ მარტივი ცოცხალი წარმონაქმნის გამრავლებისათვის.
დღითიდღე მატულობს იმ სოკოთა რიცხვი, რომლებიც ადამიანისთვის პათოგენურია. ასეთი 300-მდე სახეობის სოკოა და თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკურად გამოხატული სურათი აქვს.
ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად.
ზოგჯერ დაავადებას ახასიათებს რემისია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხელსაყრელი პირობები ექმნება, ის თავს კვლავ იჩენს.
ლოკალიზაციის (მდებარეობის) მიხედვით არსებობს სოკოვანი დაავადების რამოდენიმე ფორმა:
- ტერფის მიკოზი;
- კანის სოკოვანი დაავადება;
- ვაგინალური კანდიდოზი;
- ფრჩხილის სოკო
- პირის ღრუს სოკოვანი დაავადება;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სოკოვანი დაავადება.
სოკოვანი დაავადების დიაგნოზი ემყარება:
- კლინიკურ სურათს — ზოგიერთი სოკოსათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი იმდენად ტიპიურია, რომ გამოცდილ ექიმ-მიკოლოგს თავისუფლად შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა ესა თუ ის გამონაყარი სოკოსგან გამოწვეული.
- ბაქტერიოსკოპიული ლაბორატორიული კვლევა — გულისხმობს დაზიანებული ადგილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ კვლევას.
- ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა — ამ დროს დაავადებული ადგილიდან იღებენ ნიმუშს, თესავენ და შემდეგ ზუსტად იკვლევენ რომელი ტიპის სოკოსთან გვაქვს საქმე. ბაქტერიოლოგიური კვლევა სოკოს სახეობისა და შტამების დადგენის საშუალებას გვაძლევს.
ამჟამად ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებად ითვლება ტერფის მიკოზი, ანუ ტერფის სოკო.
ტერფის სოკოს ხელშემწყობი ფაქტორებია:
- დახურული ფეხსაცმლის სიცხეში დიდხანს ტარება;
- ოფლიანობა.
ზაფხულში, როდესაც ფეხი არ ნიავდება, მიკრობებისა და სოკოვანი დაავადების გამრავლებისათვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება. ეს ჰიგიენის წესების დარღვევაა, რასაც შემდგომ გართულებები მოსდევს.
კანის სოკოვანი დაავადებები ადვილად იკურნება. ფრჩხილში დაბუდებული სოკო კი უფრო ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა სწორი მკურნალობით ამ დაავადების დამარცხება გარანტირებულია.
მხოლოდ ქირურგიული გზით ფრჩხილის სოკოს მკურნალობა არასწორია. Aამ დროს კანს დაზიანებული ნაწილი შეიძლება მოსცილდეს, მაგრამ ახალი ფრჩხილი კვლავ დაავადებული ამოვა. ამიტომ ქირურგიული ჩარევა პრობლემას არ წყვეტს. თუმცა დაავადებული ფრჩხილის გარკვეული ნაწილის (თუ ის ძალიან გასქელებულია) დამარბილებელი საშუალებებით მოცილება აუცილებელია. მის შემდეგ კი იწყება მისი მკურნალობა სრულ განკურნებამდე.
ვაგინალურ კანდიდოზს Candida-ს ჯგუფის სოკო იწვევს, რომელიც საშოს ლორწოვანზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და პირის ღრუს ლორწოვანზე ბინადრობს. ხელშემწყობი პირობების დროს კანდიდა გამრავლებას იწყებს და ვაგინალური კანდიდოზის მიზეზი ხდება.
ვაგინალური კანდიდოზისთვის დამახასიათებელია:
- ქავილი;
- წვა;
- სიწითლე.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, ხელშემწყობი პირობების მოცილება.
სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა ჰიგიენის წესების დაცვაა:
- არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი;
- მოიხმარეთ მხოლოდ პირადი ჰიგიენური საშუალებები (პირსახოცი, საპარსი, მაკრატელი);
- გამოიყენეთ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები, რათა სოკოვან დაავადებებს გამრავლების ხელსაყრელი გარემო არ შევუქმნათ;
- არ არის სასურველი ვიწრო ფეხსაცმელის ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში.
თუ ადამიანს ბავშობიდანვე ჩავუნერგავთ ამ უმარტივეს წესებს, სოკოვანი დაავადება აღარ დაემუქრება.
ამჟამად შექმნილი ახალი თაობის ანტიმიკოზური პრეპარატების ფართო სპექტრი ნებისმიერი სოკოვანი დაავადების განკურნების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამას კარგი სპეციალისტი და სწორი მიმართულებით მკურნალობა სჭირდება.
არასწორი მკურნალობის შედეგად კლინიკური სურათი იშლება და დიაგნოზის დასმა რთულდება.
გართულებული მდგომარეობა გულისხმობს მკურნალობის 3 — 4 თვიან პერიოდს, რაც პაციენტის ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა ეს უნდა შეძლოს. იმისთვის, რომ დროულად დაიწყოთ მკურნალობა, მიმართეთ ექიმს.