დაავადებები, სასუნთქი სისტემა

ბრონქული ასთმა

ბრონქული ასთმა ბრონქული ასთმა (ბერძნულიდან – “მძიმე სუნთქვა”) არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრონქოსპაზმის (ბრონქის კუნთების სპაზმური შეკუმშვა) განმეორებითი შეტევები.

მას იწვევს ბრონქების მომატებული რეაქტიულობა (მგრძნობელობა) სასუნთქი გზების ქრონიკული ანთების ფონზე. შეტევები შეიძლება ზოგჯერ მოიხსნას თავისთავად, ყოველგვარი მედიკამენტური ჩარევის გარეშე.

არსებობს ბრონქული ასთმის ალერგიული, იდიოსინკრაზიული ანუ ენდოგენური (შინაგანი) და შერეული ფორმები. ყველა შემთხვევაში დაავადების ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს ბრონქების მომატებული მგრძნობელობა იმ ფაქტორთა მიმართ, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებში არ იწვევენ ბრონქოსპაზმს.

ალერგიული ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ალერგენებს (ალერგიული რეაქციის გამომწვევებს). ამ დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ალერგენების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ფილტვებში არსებული სპეციფიკური პოხიერი უჯრედების ზედაპირზე თავს იყრიან ანტიგენანტისხეულების კომპლექსები, რის გამოც ამ უჯრედებიდან თავისუფლდება სხვადასხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ანთებას და ამის შედეგად ბრონქის სანათურის დახშობას, ბრონქოსპაზმს.

ბრონქული ასთმის შეტევის დროს სანათურის დახშობა ვითარდება ყველა ბრონქში, ხოლო შეტევის მოხსნისას თავდაპირველად ფართოვდება მსხვილი, შემდგომ კი – წვრილი ბრონქები.

ბრონქული ასთმის შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს:

  •  ალერგენებმა, რომელიც შეიძლება იყოს: ოთახის მტვერი, ბუმბული, ცხოველების ბეწვი, ობის სოკო, ყვავილის მტვერი და სხვა;
  • სხვადასხვა მედიკამენტის ზემოქმედებამ, მაგალითად ასპირინმა, β ბლოკატორებმა, სულფანილამიდებმა;
  • გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა: კლიმატური პირობები (ცივი ჰაერი) და ატმოსფეროში არსებული მავნე ნივთიერებები (ოზონი, აზოტის ორჟანგი, გოგირდის ორჟანგი);
  • ინფექციამ, განსაკუთრებით, გრიპის და პარაგრიპის ვირუსებმა;
  • მაპროვოცირებელმა ფაქტორებმა, კერძოდ: სტრესმა და ფიზიკურმა დატვირთვამ.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ ბრონქული ასთმის 4 საფეხურს: მსუბუქი ინტერმისიული, მსუბუქი პერსისტიული, ზომიერი პერსისტიული და მძიმე პერსისტიული.

ბრონქული ასთმა ბრონქული ასთმის შეტევა სამ სიმპტომს მოიცავს, ესენია: ქოშინი, ხველა და მსტვინავი სუნთქვა. ქოშინის ინტენსივობა ყოველთვის არ შეესაბამება ბრონქების დახშობის ხარისხს. შეტევის დასაწყისში აღინიშნება მოხრჩობის შეგრძნება, გახანგრძილევული ამოსუნთქვა, ტაქიკარდია (პულსის აჩქარება), შესაძლოა ზომიერად მოიმატოს არტერიულმა წნევამ, ჩქარდება სუნთქვის სიხშირე, რომელიც ზოგჯერ წუთში 25-40-ს აღწევს. შესაძლოა შეტევის დროს მხოლოდ ხველა ან ხმის ჩახლეჩა აღინიშნებოდეს. შეტევა მთავრდება ხველით და წებოვანი, გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით.

თუ ასთმის შეტევა გახანგრძლივდა ერთი ან მეტი დღის მანძილზე, მაშინ საუბრობენ ასთმურ სტატუსზე.

ბრონქული ასთმის  დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ჩატარდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • ფილტვების ფუნქციური მაჩვენებლების განსაზღვრა;
  • არტერიული სისხლის აირების განსაზღვრა;
  •  სისხლში ეოზინოფილების დაIgE-ს განსაზღვრა;
  • ნახველის გამოკვლევა;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • ელექტროკარდიოგრამა.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა შეფასდეს დაავადების სიმძიმე და შეძლებისდაგვარად მოხდეს გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილება. ექიმის მიერ უნდა შემუშავდეს მედიკამენტური მკურნალობის ინდივიდუალური სქემა. თვითმკურნალობა კი სასტიკად დაუშვებელია.