რა დავადებაა ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ჩონჩხის ძვლების სიმკვრივის შემცირება. მას თან სდევს ტანადობის შეცვლა, ძვლების ტკივილი და რაც მნიშვნელოვანია, ხშირი მოტეხილობების განვითარება.
ოსტეოპოროზი გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ქალები გაცილებით ხშირად ავადდებიან და მისი გამოვლენის პიკი კლიმაქსის პერიოდზე მოდის.
არსებული მონაცემებით, მენსტრუაციის შეწყვეტის (მენოპაუზის) შემდეგ ყოველ მესამეს, ხოლო 75-80 წლის ასაკის ქალთა ნახევარს ოსტეოპოროზი აღენიშნება. ოსტეოპოროზი ნელა, შემპარავად ვითარდება და ხშირად მისი პირველი გამოვლენა მოტეხილობაა. სწორედ ამიტომ მას “ფარულ ეპიდემიას” უწოდებენ.
თუ პაციენტს აღენიშნა:
- სიმაღლის შემცირება,
- ტანადობის დარღვევა,
- ხერხემლის გამრუდება,
- ტკივილი წელის და კუდუსუნის არეში,
- გაუჩნდა პრობლემები კბილების მხრივ,
ძალზე რეალურია, რომ მას ოსტეოპოროზი აქვს. უკვე ამ ეტაპზე სასურველია მიმართოს ექიმს სათანადო კორექციის და ცხოვრების უსაფრთხოების მიზნით. ოსტეოპოროზი იმ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის პროფილაქტიკა შესაძლებელია, ხოლო უკვე არსებული ოსტეოპოროზის დროს სათანადო და დროული ჩარევით შეიძლება გართულებების აცილება, განსაკუთრებით ისეთი მძიმე მდგომარეობის, როგორიცაა მოტეხილობა. ოსტეოპოროზის დიაგნოზი დაფუძნებულია მარტივ, მეთოდზე, რომელსაც ეწოდება დენსიტომეტრია.
ამრიგად, ოსტეოპოროზზე მცირე ეჭვის შემთხვევაშიც დროულად მიმართეთ ექიმს.