გინეკოლოგია, დაავადებები

საშვილოსნოს მიომა

https://lh6.googleusercontent.com/-CKlkEJ1gIyk/T0-FSm6wB1I/AAAAAAAACV8/DnyGk-8l7WE/s400/mioma.gifსაშვილოსნოს მიომა ქალის სასქესო ორგანოების საკმაოდ გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა.

ის დისკომფორტს უქმნის ქალებს და შესაძლოა უნაყოფობის მიზეზადაც იქცეს.

ქალის საშვილოსნო კუნთოვანი, ღრუ ორგანოა, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ლორწოვანი გარსით, ხოლო გარედან – შემაერთებელი ქსოვილით. მიომა კი კუნთოვან ქსოვილში განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია. მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და გამოყოფილია გარშემომყოფი ქსოვილებისგან ( ეს განასხვავეს ავთვისებიან სიმსივნისგან, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სხვა ქსოვილებს).

საშვილოსნოს მიომა შეიძლება სხვადასხვა ზომის იყოს, გიგანტური მიომა 5 კგ. და მეტსაც იწონის.

არსებობს საშვილოსნოს სამი ფორმა:

  1. ინტერსტიციული – მიომა საშვილოსნოს კედლის სისქეშია მოთავსებული;
  2. სუბმუკოზური – კვანძი ლორწოვანი გარსის ქვეშ იზრდება;
  3. სუბსეროზული – მიომური წარმონაქმნი მიმართულია გარეთა შემაერთებელი ქსოვილისკენ.

სამივე ფორმა თავს განსხვავებულად ავლენს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა.

სიმსივნის განვითარების კონკრეტული მიზეზი უცნობია. თუმცა არსებობს მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები:

  • ჰორმონების ბალანსის დარღვევა, სპეციალისტთა უმრავლესობა თვლის, რომ მიომური კვანძის განვითარებას იწვევს ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენის – სიჭარბე. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მენოპაუზის დადგომისას, როდესაც მენსტრუაცია ქრება, მიომური კვანძი ზომაში მცირდება;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი ხასიათის დაზიანებანი;
  • ხშირი აბორტები;
  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

საშვილოსნოს მიომა ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმსივნის აღმოჩენა ხდება შემთხვევით, როდესაც ქალი სხვა მიზეზით ეწვევა გინეკოლოგს.

ძირითადი კლინიკური ნიშნებიდან კი აღსანიშნავია:

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა – მენსტრუალური სისხლდენა ხანგრძლივდება 12 დღემდე და გამონადენი ჭარბია. ზოგჯერ შეინიშნება მეტრორაგიაც ანუ მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა “სხვა” დღეებში;
  • ტკივილი – იგი იმის მანიშნებელია, რომ სიმსივნური კვანძი დიდი ზომისაა, აწვება სხვა ორგანოებს, ან თვით კვანძში დაირღვა სისხლის მიმოქცევა, განვითარდა ნეკროზი (უჯრედების სიკვდილი) ან “სოკოს” ფორმის სიმსივნური წარმონაქმნი შემოიგრიხა თავის “ფეხზე”;
  • ანემია (სისხლნაკლებობა) – ქალი ფერმკრთალდება, შესაძლოა შეუშუპდეს სახე და კიდურები. სისხლის ანალიზით ვლინდება “დაბალი” ჰემოგლობინი. ქალს აწუხებს სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, გულის ფრიალი;
  • საშვილოსნოს “მეზობელი” ორგანოების (საშარდე სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციის მოშლა – დიდი ზომის კვანძი ხშირად აწვება საშარდე ბუსტს და იწვევს შარდვის გაძნელებას, ზოგჯერ შარდის შეკავებას. სწორ ნაწლავზე ზეწოლა კი იწვევს შეკრულობას.

საშვილოსნოს მიომა ხშირად არის უშვილობის მიზეზი. თუ ქალი მაინც დაორსულდა, შესაძლოა ნაყოფის ზრდას ხელი შეუშალოს და გამოიწვიოს სპონტანური ანუ თვითნებური აბორტი.

საშვილოსნოს მიომის დიაგნოზი ემყარება:

კლინიკურ სიმპტომებს, ულტრაბგერით გამოკვლევას.

მიომას მკურნალობენ ჰორმონალური პრეპარატებით ან ოპერაციულად. მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს აუცილებლად ექიმი.