ნუ შეიჭრით თმას წვეულების წინ
თუ თქვენს ვარცხნილობას განახლება სჭირდება, გირჩევთ, ეს წვეულებამდე ან დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე გააკეთოთ და არა წინა დღეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
ნებისმიერ ვარცხნილობას “დასალაგებლად” დრო სჭირდება.
რაც შეეხება თმის ფერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თმა ბუნებრივად და ჯანსაღად შეღებვიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოიყურება, როცა სიგრძეში 0,5-1 მილიმეტრით იზრდება.
თუმცა წარმატებით შერჩეული ვარცხნილობა და ფერი ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, სილამაზისთვის მთავარი ჯანმრთელი და მბზინავი თმაა. მართალია, ამისთვის უამრავი თანამედროვე მზა საშუალება არსებობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ხალხურ რეცეპტებსაც გამოიყენებთ.
ცხიმიანი თმისთვის: ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ლიმონის წვენი, ალოე და კვერცხის გული. დაბანის წინ წაისვით თმაზე და ერთი საათით გაიჩერეთ.
მშრალი თმისთვის კარგია ათქვეფილი კვერცხის გული, რომელსაც 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი უნდა დაუმატოთ.
არასოდეს ჩამოიბანოთ თმა ონკანის წყლით. ამისთვის გამოიყენეთ ჭინჭრის, ოხრახუშის, მრავალძარღვას თბილი ნაყენი ან ანადუღარი თბილი წყალი, რომელსაც ლიმონის რამდენიმე წვეთი უნდა დაუმატოთ.
თმა რაც შეიძლება ხშირად დაივარცხნეთ სხვადასხვა მიმართულებით.