ნუ მოითმენთ წყურვილს
წყალი ყველაზე საჭირო და აუცილებელი კომპონენტია ჩვენი უჯრედების მუშაობისთვის.
კანი ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს თავს, როცა საკმარისადაა დატენიანებული. ტენი სახეს კვებავს, ამკვრივებს და აცოცხლებს.
სამწუხაროდ, შთანთქმული წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო და პირიქით, ჩაისა და ყავის ჭარბი სმისაგან, ასევე ოფისებში კონდიციონერისგან გამომშრალი კანი მუდამ გაუწყლოებულ მდგომარეობაშია. ამის გამოსასწორებლად ყველა ქალმა უნდა იზრუნოს. ეს ყველაზე ადვილი ზაფხულის თვეებშია.
დალიეთ წყალი
წყლის სმისგან თავს ნუ შეიზღუდავთ. ხშირად დიეტაზე მყოფი ადამიანი ცდილობს, ბევრი წყალი არ დალიოს. ფიქრობს, რომ წყალი ორგანიზმში გროვდება და წონას უმატებს. პირიქით, წყალი მადას აქვეითებს, ცხიმებს აქუცმაცებს და მათ დალექვას ხელს უშლის. როცა ადამიანი წყურვილს გრძნობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ორგანიზმი მთლიანად არ ითვისებს წყალს და თუ მას ტენით არ აავსებ, ეცდება, წყლის ყოველი წვეთი შეაკავოს. ამის შედეგია შეშუპებული ხელ-ფეხი. თუ ორგანიზმი მთლიანად მიიღებს მისთვის საჭირო ტენს, ის ზედმეტი სითხის, მასთან ერთად ტოქსინებისა და ნალექების გამოყოფას იწყებს.
წყალი სისხლძარღვებსა და შინაგან ორგანოებს ასუფთავებს (მისი წყალობით კუნთები კარგ ტონუსს ინარჩუნებს), ტემპერატურას არეგულირებს და ნათელი გონების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია წყლის “მარაგში” გადანახვა და როცა ის შემოაკლდება, იწყება თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლა და უქეიფობა. საჭიროა მხოლოდ სუფთა წყლის დალევა და არა მისი წარმოებულების – სუპი, ჩაი, კომპოტი, ლიმონათი.
ისეირნეთ წვიმაში
მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგები რეკომენდაციას იძლევიან, რომ 1 კგ წონაზე უნდა დალიოთ არანაკლებ 0,04 ლიტრი წყალი. სწორედ ეს დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაგდებაში. გარდა ამისა, საჭიროა ჭამოთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. მიზანშეწონილია 5-6 ულუფა დღეში (შეიძლება მეტიც, ისინი ხომ დაბალკალორიულია).
წყლის შემცველობის მიხედვით ხილი და ბოსტნეული ასეთი თანმიმდევრობით უნდა დაჯგუფდეს:
- სალათა 96% წყალს შეიცავს.
- ბოლოკი, ნიახური, პომიდორი – 94%
- კომბოსტო ბროკოლი, სტაფილო, წითელი ჭარხალი და ნესვი – 91%
- მარწყვი – 90%
- ვაშლი, გარგარი, ატამი, მოცხარი – 85%
- კივი – 83%
ბოსტნეული და ხილი, მაგალითად, საზამთრო, ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით – კაროტინით, პოლიფენოლითა და ბიოფლავონოიდებით, რომლებიც აქტიურად ებრძვიან კანის დაბერებას. ეს ნივთიერებები განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში, ისინი კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან იცავენ.
კანისათვის ძალიან სასარგებლოა ტენიანი ამინდი. ზაფხულსა და შემოდგომაზე ამის პრობლემა არ არის. როგორც კი გაწვიმდება, ქუჩაში გამოდით, ისეირნეთ და სახე სამკურნალო წვეთებს მიუშვირეთ. თუმცა უკანასკნელ წლებში წვიმის “სამკურნალო თვისება” ცუდი ეკოლოგიის გამო საეჭვო გახდა. ამიტომაც ქოლგით ისეირნეთ, ტენიანი ჰაერი მაინც დაგეხმარებათ.
ასევე აუცილებელია სახის გაწმენდა ყინულის ნატეხით. შეგიძლიათ ბალახის ნაყენითაც დაამზადოთ. მაგალითად, ოხრახუშის, პიტნის ფოთლების ან ვარდის ფურცლების ნაყენი სპეციალურ ფორმებში გაყინეთ.