დაავადებები, სასუნთქი სისტემა

მწვავე ბრონქიტი

მწვავე ბრონქიტი ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის მწვავე ათებაა, რომელიც გრძელდება 2-3 კვირამდე, მის აუცილებელ სიმპტომს წარმოადგენს ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე.

მწვავე ბრონქიტი ოჯახის ექიმის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია. ის ხშირია ზამთრის პერიოდში, როდესაც ჭარბობს რესპირაციული ვირუსული ინფექციები.  ბრონქიტი შედის ექიმთან ვიზიტის უხშირეს მიზეზთა ხუთეულში. ბრონქიტი თანაბრად გვხვდება ორივე სქესის პაციენტებში. ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. ასევე მაღალია მისი სიხშირე 9-15 წლის ბავშვებში.

მწვავე ბრონქიტი უხშირესად დაკავშირებულია რესპირაციულ ვირუსებთან, როგორიცაა გაციების გამომწვევი ვირუსები (რინოვირუსი, კორონავირუსი), გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რს-ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი. მწვავე ბრონქიტის შედარებით უმნიშვნელო ნაწილი განპირობებულია სხვა მიზეზებით  (თუმცა მათ შორის უფრო ხშირია ბაქტერიული გამომწვევები: მიკოპლაზმა და ქლამიდია).

მწვავე ბრონქიტის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს გამღიზიანებლების ზემოქმედებას: ჰაერის დაბინძურებას და თამბაქოს ბოლს (15 წლამდე ბავშვებში ბრონქიტის სიხშირე კორელირებს პასიურ მოწევასთან).

მწვავე ბრონქიტის რისკ-ფაქტორებია:

  • გადაციება;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • ბავშვთა და ხანდაზმული ასაკი;
  • თამბაქოს მოხმარება (პასიურიც);
  • ალკოჰოლიზმი;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • გარემოს დაბინძურება.

მწვავე ბრონქიტის დროს ვითარდება ბრონქის ლორწოვანის შეშუპება და ლორწოს ჰიპერსეკრეცია. ხველა შეიძლება, ერთის მხრივ, გამოწვეული იყოს სასუნთქი გზების ეპითელიუმის დესტრუქციით, მეორეს მხრივ კი ანთების მედიატორების გამომუშავებითა და მუკოცილიალური აპარატის დაზიანებით, თუმცა ხველის განვითარების მექანიზმი ბოლომდე ნათელი არ არის. უფრო მაღალი ვირულენტობის მქონე ვირუსებისათვის, როგორიცაა გრიპი და ადენოვირუსი, ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაშლა. უფრო ნაკლები ვირულენტობის მქონე ვირუსებისათვის, როგორიცაა რინოვირუსი, ხველას შესაძლოა განაპირობებდეს ანთების მედიატორების აქტივაცია და ბრონქის მუკოცილიარული ფუნქციის შეცვლა.

მწვავე ბრონქიტის დროს განვითარებული ანთებითი ცვლილებები გარდამავალია, თუმცა ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს 3 კვირამდე.
მწვავე ბრონქიტი უხშირესად გამოწვეულია რესპირაციული ვირუსებით, ამიტომ იგი იწყება რესპირაციული  ინფექციის ნიშნებით, როგორიცაა შემცივნება, საერთო სისუსტე, მსუბუქი ცხელება (არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში), ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა.

ძირითადი კლინიკური ნიშანი ხველაა, რომელიც დაავადების დაწყებიდან 2-4 დღის შემდეგ იჩენს თავს. თავიდან ის  მშრალი, შემაწუხებელი ხასიათისაა, შემდეგ პროდუქტიული ხდება. ნახველი თავიდან ლორწოვანია, მოგვიანებით შეიძლება ჩირქოვანი გახდეს. თუმცა ჩირქოვანი ნახველი გამოწვეულია ლეიკოციტების მიგრაციით და ყოველთვის არ მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე. ადრეული ასაკის ბავშვები ნახველს ყლაპავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინება. დინამიკაში ნახველი თანდათან თხიერდება და 10 დღეში ხველა გაივლის. ბრონქიტის  სიმპტომები ჩვეულებრივ 2 კვირამდე გრძელდება, თუმცა იშვიათად შეიძლება ხველა გახანგრძლივდეს 4-6 კვირამდე.

ობიექტური გამოკვლევის შედეგები დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და დაავადების სტადიაზე. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია, თუმცა შესაძლებელია ცოტა მოიმატოს. ადრეულ ეტაპზე შესაძლოა გამოხატული იყოს ნაზოფარინგიტი, კონიუნქტივიტი და რინიტი.

https://lh4.googleusercontent.com/-emy682GGzwc/TzqRKXhc9nI/AAAAAAAABy4/36lP-v7muRc/s195/bronch-norma.jpgმწვავე ბრონქიტი, შესაძლოა გართულდეს: პნევმონიით (ვითარდება პაციენტთა 5%-ში) ან სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
მწვავე ბრონქიტი, როგორც წესი, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით, ის არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ჩვეულებრივ მწვავე ბრონქიტის მკურნალობა ამბულატორიულად ტარდება.

ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას კი წარმოადგენს:

  • თანმხლები დაავადებები (გულის  თანდაყოლილი ანომალია, ფილტვის;
  • ქრონიკული პათოლოგია, ნევროლოგიური დარღვევები);
  • სოციალური პრობლემები — ოჯახში მოვლის, მეთვალყურეობის დეფიციტი, ტრანსპორტირების საშუალების არარსებობა  (სარწმუნოება
  • სიმპტომების 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივება;
  • ტოქსიკოზის ნიშნები (საეჭვოა ბაქტერიული ტრაქეიტი ან პნევმონია);
  • სიცოცხლისთვის საშიში ნიშნების არსებობა
  • საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა.

 დაავადების დიაგნოსტიკა ტარდება:

  • კლინიკური ნიშნების საფუძველზე.
  • პულსოქსიმეტრია, ჟანგბადის  სატურაციის განსაზღვრა _ სატურაციის განსაზღვრა მიზანშეწონილია ჩაუტარდეს ყველა ბავშვს, რომელიც ჰოსპიტალიზებულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით
  • ეტიოლოგიური კვლევა — ნაზოფარინგული სეკრეტიდან შეიძლება ვირუსის გამოყოფა, თუმცა ეს არ არის აუცილებელი დიაგნოსტიკის ან მკურნალობისთვის. ვინაიდან მწვავე  ბრონქიტი ძირითადად ვირუსული გენეზისაა, არ არის რეკომენდებული ნახველის მიკრობიოლოგიური თუ მიკროსკოპული კვლევის ჩატარება.
  • სეროლოგიური ტესტით შეიძლება გამომწვევის (მიკოპლაზმის, ქლამიდიის) საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულების დადგენა.
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით შესაძლებელია ნებისმიერი ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა, თუმცა ეს მეთოდი ძვირია და სტაციონარშიც კი რუტინულად არ გამოიყენება.

მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ რათა არ მოხდეს რაიმე გართულება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პროგნოზი პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა.