მიოკარდიუმის ინფარქტი
მიოკარდიუმის ინფარქტი წარმოადგენს გულის კუნთის სისხლმომარაგების შემცირების ან შეწყვეტის შედეგად (იშემია) გამოწვეულ ქსოვილის კვდომას (ნეკროზი). ყოველივეს იწვევს გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების თრომბით ან გახანგრძლივებული სპაზმით განპირობებული დახშობა.
მიოკარდიუმის ინფარქტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია ათეროსკლეროზი, რომლის დროსაც გვირგვინოვან არტერიაში აღმოცენებული ათეროსკლეროზული ფოლაქი ზიანდება, მის ზედაპირზე ჩნდება წყლულები ან ნაპრალები და ყალიბდება თრომბი, რომელიც იწვევს არტერიის სანათურის დახშობას და მწვავე იშემიის ანუ სისხლნაკლებობის განვითარებას. თუ ეს პროცესი 30-60 წუთს აღემატება, მიოკარდიოციტებში ანუ გულის კუნთის უჯრედებში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები, რაც იწვევს მათ სიკვდილს.
მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომებია:
- ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ მოჭერის, წვის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან ან გულის არეში, რომელიც 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდება. ტკვილი გადაეცემა ბეჭების, მხრების, ზურგის მიდამოში;
- ქოშინი;
- აღგზნება;
- ოფლიანობა;
- სიკვდილის შიში;
- ზოგადი სისუსტე;
- თავბრუსხვევა;
- ზოგჯერ მუცლის ტკივილი, გულძმარვა ან ბოყინი.
სადიაგნოზო გამოკვლევებია:
- ელექტროკარდიოგრაფია;
- ექოკარდიოსკოპია;
- ანგიოგრაფია;
- სისხლში ინფარქტისთვის დამახასიათებელი გარკვეული ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს აღმოცენებული გართულებები დამოკიდებულია გულის კუნთში არსებულ ცვლილებებზე. გართულებები შეიძლება იყოს: არითმია ანუ გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის გახეთვა, სარქვლების დაზიანება.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს დროულად დაწყებული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველი წამი ზრდის დაზიანებული და მკვდარი უჯრედების რაოდენობას. თვითმკურნალობა დაუშვებელია, ავადმყოფი სასწრაფოდ უნდა იქნას ჰოსპიტალიზირებული.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე უნდა მიიღოთ ნიტროგლიცერინი (ენის ქვეშ) და მოერიდოთ ზედმეტ მოძრაობებს.