დიეტა

დიეტა ხვრინვის დროს

დიეტა ხვრინვის დროსრაც უფრო ძლიერ ხვრინავს ადამიანი, მით ნაკლებს ცოცხლობს – ამ დასკვნამდე მივიდა მრავალი ქვეყნის მეცნიერი.

ობსტრუქციული აპნოეს (სუნთქვის არარსებობა) სინდრომი – ასე უწოდებენ ამჟამად ხვრინვას, ადრე კი იგი პიკვიკის სინდრომად მოიხსენიებოდა. ინგლისში ერთ დროს, “მხვრინავებისთვის” პიკვიკის სახელობის კლუბიც კი იყო დაარსებული.

ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი ხშირია იმ ადამიანებში, რომელთაც ჭარბი წონა, ჰიპერტონია, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინში არსებულ სუნთქვის ცენტრში ცვლილებები, სასუნთქი გზების შევიწროება, ნუშურა ჯირკვლების და ცხვირის ნიჟარების გადიდება, პოლიპები, სიმსივნე აწუხებთ.

თუ ერთ-ერთი მშობელი ხვრინავს, მაშინ 40%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ბავშვს იგივე ბედი ეწევა; თუ ორივე მშობელი ხვრინავს, მაშინ ალბათობა ეს ბევრად მეტია. ხვრინვას იწვევს ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ფილტვების მცირე ტევადობა, საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები და მიორელაქსანტები (კუნთების მომადუნებელი საშუალებები).

დიაგნოზის დასმა ღამის ძილის დროს 1 საათის განმავლობაში შეტევების რაოდენობისა და ხანგრძლივობის მიხედვით ხდება. მძიმედ მიიჩნევა სუნთქვის 40-ჯერ შეფერხება. როცა სუნთქვა 30 წამით ფერხდება, შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ხვრინვისადმი უფრო მიდრეკილნი მამაკაცები არიან. ქალები ნაკლებად ავადდებიან. მაგალითად, აშშ-ში ძილის დარღვევებით და მათ შორის სუნთქვის დროებითი შეჩერებით 40 მილიონზე მეტი კაცია დაავადებული.

ხვრინვას შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გაძნელებულად შესვლა იწვევს. ამ დროს ხორხის ქსოვილის, სასისა და ენის ლაგამის ვიბრაცია ხდება და შეიძლება სასულე გადაიკეტოს. რაც უფრო ღრმაა ძილი, მით მეტადაა მოდუნებული ცხვირ-ხახის კუნთები და ხვრინვაც მით უფრო ძლიერი და ხმაურიანია.

სუნთქვის შეჩერების შედეგად ტვინი ჟანგბადის უკმარისობას განიცდის; ღამით ხშირი გამოღვიძება კი დღისით ძილიანობას, მოთენთილობას და გაღიზიანებას იწვევს. ქვეითდება ცხოვრებისადმი ინტერესი, პოტენცია, ადამიანი ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახდენს და მეხსიერებაც ზარალდება. ამასთან, ხშირია თავის ტკივილი, კოშმარული სიზმრები, ხველა (განსაკუთრებით მწეველებში), ოფლიანობა, მადის გაძლიერება და ტკბილეულისადმი ლტოლვა.

დიაგნოზის დასმაში მონაწილეობა თერაპევტმა, ენდოკრინოლოგმა, ნევროლოგმა და ოტო-ლარინგოლოგმა უნდა მიიღოს. სათანადო გამოკვლევების შემდეგ იწყება მკურნალობა, რომელიც ძირითადად ხვრინვის წინააღმდეგაა მიმართული. მკურნალობის მეთოდი ბევრია, ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდის შერჩევა.

მკურნალობა ძილის დროს მოხერხებული პოზის შერჩევით იწყება. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ზურგზე წოლისას, მოდუნებული ხორხსარქველი შიგნით ეკიდება, ენის ლაგამი უკან გადადის და შემავალი ჰაერისათვის დაბრკოლება იქმნება.

ძველად მათ, ვინც ხვრინავდა, თურმე ძილის წინ ზურგზე ცოცხს უმაგრებდნენ, რათა ზურგზე არ დაწოლილიყო. ცოცხი შეიძლება შევცვალოთ რაიმე მაგარი ნივთით – მაგალითად, ჩოგბურთის ბურთი ჩავდოთ ნაჭრის ტომარაში და ღამის პერანგზე მივაკეროთ ავადმყოფს. მართალია, ადამიანს ღამე გამოაფხიზლებს, მაგრამ სამაგიეროდ გვერდზე ძილის ჩვევას გამოუმუშავებს. ენის უკან გადავარდნის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს შეუძლია მაღალ სასთუმალზე იძინოს.

ვისაც ხვრინვის პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა ებრძოლოს სიმსუქნეს. არ დაამყაროთ მთელი იმედები ტაბლეტებზე, ცხიმის დამშლელ ქამრებზე, კრემებზე, ბალზამზე და ა.შ. ტრენაჟორებზე გაძლიერებული ვარჯიშითაც არ ღირს გატაცება, რადგან ამ დროს მადა ძლიერდება. თანაც ასეთი დატვირთვა ყველას როდი ძალუძს. გამოსავალი დაბალკალორიულ დიეტასა და განტვირთვის დღეებშია. მოგიწევთ უარის თქმა ცომეულზე, ტკბილეულზე. უნდა დაიცვათ დიეტა (ქვემოთ მოგაწვდით ნიმუშს), რომელიც დოგმა კი არ არის, დაახლოებითი სახელმძღვანელოა.

დიეტა გულისხმობს შემდეგს:
1. საკვები უნდა იყოს თითქმის უმარილო;
2. კვების რეჟიმი თავისუფალი, მაგრამ დღე-ღამეში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ლიტრს;
3. უეცრად აღძრული შიმშილობის დათრგუნვა შესაძლებელია კარამელით;
4. დიეტით მკურნალობა 3-4-კვირიანია;
5. დიეტაში დასაშვებია ცვლილებების შეტანა.

დაკლების შემდეგ ოპტიმალური წონის შესანარჩუნებლად კარგი იქნება, 1-2 კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეების გაკეთება.

გთავაზობთ მენიუს განტვირთვის დღეებისთვის:
1. ვაშლის დღე: 3 კგ ვაშლი და 1 ლიტრი მაწონი;
2. კიტრის დღე: 1,5 კგ ახალი კიტრი და 1 ლიტრი ასკილის ნახარში (უშაქროდ);
3. სალათის დღე: 2 კგ ახალი ბოსტნეული და ხილი მცენარეული ზეთით ან არაჟნით და 1 ლ მოცხარის წვენი, 1 ნატეხი შაქრით;
4. ბრინჯ-კომპოტის დღე: დღეში 6-ჯერ თითო ჭიქა კომპოტი (უშაქროდ) და წყალზე მოხარშული ბრინჯის ფაფა (200გ) 2-ჯერ დღეში;
5. მაწვნის დღე: 1,5 ლ მაწონი;
6. საზამთროს ან გოგრის დღე: 2 კგ საზამთრო ან 300 გ მოხარშული გოგრა 5-6 მიღებაზე.
ჰიპერტონიის მკურნალობა არ არის იოლი საქმე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წნევის დაქვეითებას ხვრინვის შემცირება მოსდევს. როგორც წესი, ინიშნება წნევის დამწევი საშუალებები და შარდმდენები. წამლის შერჩევას მხოლოდ ექიმი ახდენს. ფიტოთერაპია ამ შემთხვევაში ნაკლებეფექტურია.

ხვრინვის მკურნალობას მეტად ეფექტურს ხდის ნიკოტინზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და შეძლებისდაგვარად, საძილე საშუალებებზე უარის თქმა.

ჰაერგამტარმა მილებმა, სხვადასხვა სახის ენის დამჭერებმა, აგრეთვე სპეციალური პრეპარატებით და ჟანგბადით მკურნალობამ არ გაამართლა.

ძილში სუნთქვის შეჩერების მკურნალობის უკიდურეს მეთოდს ქირურგიული ჩარევით სასუნთქი გზების კორექცია წარმოადგენს.

მაშ ასე, ნუ დაგთრგუნავთ ის ფაქტი, რომ ხვრინავთ და ფარ-ხმალი კი არ დაყაროთ, არამედ – იმკურნალეთ. გახსოვდეთ, სიცოცხლე მშვენიერი და საოცარი რამაა და ნუ შეიმოკლებთ მას.

დიეტა:
1-ლი დღე:
საუზმე: ვინეგრეტი, 1 ჭიქა მაწონი, 2 ნაჭერი შავი პური.
სადილი: ბრინჯის წვნიანი, თევზი წიწიბურას გარნირით, 1 ჭიქა მაწონი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: მოხარშული ჭარხალი ვაშლითა და მცენარეული ზეთით, ხაჭო უშაქროდ.

მე-2 დღე:
საუზმე: მოხარშული ხორცი ჭარხლის პიურეთი, ერთი ნაჭერი შავი პური, ლიმონის წვენი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 2 კვერცხის ომლეტი, ვაშლი, ხილის წვენი (არ უნდა იყოს ტკბილი), ერთი ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: ახალი კომბოსტოსა და შავი ქლიავის სალათა, ერთი ნაჭერი უმარილო ყველი, 1 ჭიქა ვაშლის ნახარში.

მე-3 დღე:
საუზმე: ძეხვი (“დოქტორსკი”) მოშუშული კომბოსტოთი და ერთი ნაჭერი შავი პურით. მაწონი.
სადილი: თევზის წვნიანი, ბრინჯ-ხაჭოს პუდინგი, ვაშლი, ერთი ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: ახალი სტაფილოს, ნიგვზის, ვაშლისა და მცენარეული ზეთისგან მომზადებული სალათა. 1 ჭიქა მაწონი.

მე-4 დღე:
საუზმე: უცხიმო ხაჭო, ერთი ნაჭერი უმარილო ყველი, შავი პური კარაქით. ჩაი ლიმონით.
სადილი: მაწვნის წვნიანი, მოხარშული თევზი ყაბაყისა და სტაფილოს პიურეთი, ერთი ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა მაწონი.
ვახშამი: რძეზე მომზადებული წიწიბურას ფაფა, ხილის სალათა.

მე-5 დღე:
საუზმე: მოხარშული კვერცხი, კარაქიანი შავი პური, ახალი ჭარხლის სალათი, სხვადასხვა ჩირის ნახარში.
სადილი: ხორცის ბულიონი შავი ორცხობილათი, მოხარშული ხორცი ბრინჯის გარნირით, მაწონი.
ვახშამი: ხილის სალათა ნიგვზითა და მცენარეული ზეთით, ნაკლებცხიმიანი ხაჭო.

მე-6 დღე:
საუზმე: 2 კვერცხის და ძეხვის (,”დოქტორსკი”) ომლეტი, ვაშლი, სხვადასხვა ჩირის ნახარში.
სადილი: ხილის წვნიანი, მოხარშული ბრინჯი, 1 ჭიქა მაწონი, 1 ნაჭერი შავი პური.
ვახშამი: მწვანე მუხუდო, 1 ნაჭერი უმარილო ყველი, მაწონი.

მე-7 დღე:
საუზმე: მოხარშული სიმინდი, მოხარშული თევზი, ვაშლი და მაწონი.
სადილი: ქათმის ბულიონი შავი პურით, მოხარშული ქათმის ხორცი ბოსტნეულის გარნირით და 1 ჭიქა მაწონი.
ვახშამი: ახალი კომბოსტოს, სტაფილოს, ნიგვზისა და მზესუმზირის ზეთის სალათა, უცხიმო ხაჭო.