დიეტა

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს

2006 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვმა ნახევარ მილიარდს გადააჭარბა და ჭარბი წონა მრავალი ავადმყოფობის რისკის მთავარ ფაქტორად დაასახელა.

ბოლო ხანს ჩატარებული გამოკვლევების თანახმად კი მსუქანთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რადგან ენდოკრინოლოგები სერიოზულად დააფიქრა ამ პრობლემამ და ეფექტური სამკურნალო მეთოდების შემუშავება აიძულა. თუმცა მეცნიერთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სიმსუქნე XXI საუკუნის მთავარ პრობლემად რჩება. გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო აბდუშელიშვილი:

– ბევრს სიმსუქნის მთავარ მიზეზად მაღალკალორიული, ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჭარბად მიღება მიაჩნია, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევები მოწმობს, რომ პრობლემის თავიდათავი კვება კი არა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტია. მეორე მიზეზად ნერვულ სტრესს მიიჩნევენ – ადამიანთა უმეტესობა სტრესის ფონზე საკვებს, ძირითადად ტკბილეულს ეტანება.

– რატომ მაინცდამაინც ტკბილეულს?

– ტკბილეულის ჭამის დროს ადამიანი თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს. ბევრი ტელევიზორის ყურების დროსაც რაიმე სასუსნავს შეექცევა. თუ ეს ჩვევად გვექცა, გასუქება არ აგვცდება. არიან ისეთებიც, ვისაც სტრესი მადას უკარგავს, მაგრამ როდესაც პრობლემა უკან დარჩება, გაორმაგებული მადით იკვებება, რაც ასევე საზიანოა.

– როგორ უნდა აკონტროლოს ადამიანმა თავი?

– საჭიროა ზომიერების დაცვა და კვების კულტურის გამომუშავება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ტექნიკის განვითარებამ ადამიანის ფიზიკური შრომა თითქმის განდევნა. ადამიანი გაზარმაცდა. ფიზიკური შრომა გონებრივმა შეცვალა, რომელსაც ასევე სჭირდება ენერგია და, შესაბამისად, კვებაც, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ფიზიკური დატვირთვის დროს. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან დღეს მხოლოდ იაპონიაშია შენარჩუნებული ჯანსაღი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და დახარჯულ ენერგიას შორის. იაპონელების დღეგრძელობაც, ალბათ, სწორედ კვებისას თავშეკავებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით აიხსნება.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – გენეტიკური. თუ თქვენს მშობლებს ან ბებია-ბაბუებს მიდრეკილება ჰქონდათ სიმსუქნისკენ, გაითვალისწინეთ ეს და ეცადეთ, ჭარბი წონა თქვენი ცხოვრების მთავარ პრობლემად არ აქციოთ.

– რა საფრთხეს გვიქმნის ჭარბი წონა და თუ არის დამოკიდებული სიმსუქნე ენდოკრინული სისტემის მოშლაზე?

– სიმსუქნე დაავადებაა, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, როგორებიც არის II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. პირველადი სიმსუქნის შემთხვევაში ენდოკრინულ დარღვევებს ძირითადად ადაპტაციური ხასიათი აქვს. შესაძლოა, თავი იჩინოს თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციამ. ჭარბი წონის მქონე ადამიანს დიეტამ რომ უშველოს, ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი თვისებები უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ ყველა პაციენტისთვის დიეტა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

– მაგრამ, ალბათ, არსებობს ზოგადი რჩევებიც, რომლებიც ჭარბი წონის მქონე ყველა ადამიანს გამოადგება.

– რა თქმა უნდა. მთავარი რჩევა სიზარმაცის დაძლევა, ანუ მეტი ფიზიკური აქტიურობა და კალორიების კონტროლია. კალორიების დათვლა რომ არ გაგიძნელდეთ, აიღეთ ბლოკნოტი და ჩაიწერეთ ყველა ის პროდუქტი, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევთ, გვერდზე კი მიუწერეთ მასში შემავალი კალორიების ოდენობა, ანუ ენერგეტიკული ღირებულება. თანდათანობით მიეჩვევით რეჟიმს, რომლითაც იხელმძღვანელებთ.

– ამ მეთოდით კვირაში დაახლოებით რამდენ გრამს დაიკლებს ადამიანი?

– დაახლოებით 200-250 გრამს. ეს ბევრი არ არის, მაგრამ გამოკვლევები მოწმობს, რომ წონის ნელი და თანამიმდევრული დაკლება გაცილებით სასარგებლოა და ეფექტიანიც. ორგანიზმი ნელ-ნელა ეჩვევა ახალ წონას და აღარ არის საფრთხე, რომ დიეტის დარღვევისას სწრაფად მოიმატებს.

ექიმი გვირჩევს: 

ვახშმის შემდეგ, რომელიც საკმაოდ მსუბუქი უნდა იყოს (ერიდეთ ცხიმიანსა და მძიმე საკვებს), ტელევიზორის ყურებისას, მიირთვით მწვანე ჩაი ან ნაკლებად ტკბილი ხილი, არ გაეკაროთ ტკბილეულსა და ისეთ თავშესაქცევ პროდუქტებს, როგორიც არის, მაგალითად, ჩიპსები. თუ ორგანიზმი საკვებს გთხოვთ, მიირთვით სტაფილო ან ვაშლი.

მიიღეთ ნაკლები ცხიმი, მაგრამ რაციონიდან მისი სრულიად ამოღება არ არის სასურველი. რაციონი გაამდიდრეთ ხილით, ბოსტნეულით, თერმულად დამუშავებული პროდუქტებით, თავი აარიდეთ შემწვარ ხორცს.

თუ სასურველ წონას მიაღწიეთ, მიირთვით ისიც, რაც გიყვართ, რადგან მკაცრმა დიეტამ შესაძლოა ადამიანში უკურეაქცია გამოიწვიოს და დიეტის გაგონებაც აღარ სურდეს. მთავარია, ზომიერება არ დაივიწყოთ.
წონის დაკლების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი ფიზიკური მოძრაობაა. ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით, ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კი მსუბუქი, დაბალკალორიული საკვები მიირთვით.