დაავადებები, ინფექციური დაავადებები

მალარია – ლეიშმანიოზი

მალარია - ლეიშმანიოზიეგზოტიკაც ასეთი უნდა!

“შინიდან გასვლა და მწერების შემოსევა ერთია! კოღოს და ბუზს ვინღა დაეძებს – თურმე ეგზოტიკური ფეხსახსრიანებიც გვიტევენ! ეს ლეიშმანიოზი საიდანღა მოვიდა ნეტავ?!” – თუ ასეთ ფრაზებს მოჰკარით ყური, ესე იგი ზაფხული დამდგარა, რადგან კოღოც, ბუზიც და ლეიშმანიის გადამტანი უხილავი ფრთოსნებიც სწორედ ზაფხულობით გვესხმიან თავს.
საშველი არ ყოფილაო, იფიქრებთ.

საბედნიეროდ, სრულიად საქართველოს ინფექციონისტები გვარწმუნებენ, რომ არც მთლად ასეა საქმე. აფრიკული მალარია და ლეიშმანიოზი ვერაფერს დაგვაკლებენ, ერთი პირობით – ფრთხილად უნდა ვიყოთ.

კიდევ ერთი პირობა, რომელიც მალარია-ლეიშმანიოზის საფრთხისგან დაგვიცავს, ამ დაავადებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ქონაა. ჯერ ლეიშმანიოზის მიმართულებით ვიმუშაოთ.

ვისცერული ლეიშმანიოზის (კანის ფორმაც არსებობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჩვენგან შორს!

ასეც არის – მხოლოდ აფრიკელებს ემტერება) გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარი ძაღლი და ზოგიერთი გარეული ცხოველია (მათ შორის – ტურა). მათგან ადამიანს ავადმყოფობა პაწაწინა მწერის – ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა, რომელიც ბუდიდან შორს არ მიფრინავს, მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით შორდება. წესისამებრ, ლეიშმანიოზით ავადობის მატება ინფექციის ძირითადი რეზერვუარის – ძაღლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.

ზაფხულში ლეიშმანიოზის გახშირება უმთავრესად თბილისში შეიმჩნევა, თუმცა დაავადების შემთხვევები სხვა რეგიონებშიც იმატებს: მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრი წყაროს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, დმანისის რაიონებსა და რუსთავში.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თბილისში ინფექცია უკვე ყველა უბანშია გავრცელებული. წინათ თურმე უპირატესად მთაწმინდის, ვაკისა და კრწანისის მოსახლეობა ავადდებოდა, რადგან მაწანწალა ძაღლები უმთავრესად მთისპირა და ტყისპირა რაიონებს აფარებდნენ თავს, მაგრამ ბოლო ხანს ინფიცირებული ძაღლები და ფლებოტომუსი მეტ-ნაკლებად თბილისის ყველა რაიონს მოედო. შესაბამისად, დაავადებამ სხვა რაიონებშიც (უპირატესად – ისან-სამგორსა და ნაძალადევში) იწყო გავრცელება.

***
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდე გრძელდება, საშუალოდ კი 3-5 თვეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფლებოტომუსის თავდასხმის შემდეგ ინფექციამ შესაძლოა მომდევნო წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში იჩინოს თავი. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-40ºC), ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფი გაუარესება და სისხლის ცვლილებები. ავადმყოფობა 3-6 თვე გრძელდება.

ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-38ºC-მდე იმატებს, იშვიათად კი 39 გრადუსსაც აღემატება. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს.
სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლოა 1,5-3 წელი გაგრძელდეს.

მწვავე ფორმა, წესისამებრ, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი მოზრდილებში.

დაავადებისთვის, გარდა მაღალი ტემპერატურისა, დამახასიათებელია მოთენთილობა, ადინამია, სიფითრე, უმადობა. თუკი ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, აღიარებით ჩვენებას იძლევა ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობის ან, უბრალოდ, საღამო ხანს მთაწმინდაზე სეირნობის შესახებ, რომელიც მას მწერის კბენამ ჩაამწარა, სავარაუდოდ, ის ლეიშმანიოზით არის ავად, თუმცა შესაძლოა ექიმი სისხლის გამოკვლევას არ დასჯერდეს და მეტი დამაჯერებლობისთვის ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლსა და ლიმფურ კვანძებშიც განიზრახოს პარაზიტის აღმოჩენა.

ქინაქინა ხომ არ დაგველია?
“ცუდი ჰაერი” – ასე ითარგმნება სახელწოდება ანტიკური ეპოქიდან ცნობილი დაავადებისა, იმხანად მხოლოდ და მხოლოდ ჭაობის მავნე ჰაერს რომ ბრალდებოდა. ჭაობი საქმეში მართლაც არის გარეული, მაგრამ მალარიის უშუალო მიზეზი არ გახლავთ. დამნაშავეა მწერი, რომელსაც მონდომებით გადააქვს ადამიანის ორგანიზმში ციებ-ცხელების გამომწვევი მიკროორგანიზმი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიის 300-500 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება, ხოლო ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, უმთავრესად – მცირეწლოვანი ბავშვი, ამ სნეულებით იღუპება. მაგალითად, აფრიკაში თურმე 30 წამში ერთი ბავშვი კვდება მალარიისგან… რაც შეეხება საქართველოს, კოლხეთის ცისკარზე ჭაობების ამოშრობის შემდეგ თითქოს გამარჯვება ვიზეიმეთ და ათეულობით წლის განმავლობაში შემთხვევით თუ წამოიყოლებდნენ ჩვენებურები სუვენირად თბილი ქვეყნებიდან, მაგრამ რამდენიმე წელია, “ქართული” შემთხვევებიც მომრავლდა: 1998 წელს 12 კაცი დაავადდა, მომდევნო წლებში კი რამდენიმე ასეული. 2005 წლიდან საქართველოში მალარიის წინააღმდეგ გლობალური ფონდის დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რაც , თავისთავად, სტატისტიკაზეც აისახა.

***
მალარიის პლაზმოდიუმი სისხლის წითელი უჯრედებით იკვებება, ციებ-ცხელებას, სისხლნაკლებობას, ღვიძლისა და ელენთის გადიდებას იწვევს (თუმცა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ამ ორგანოების გადიდებამდე საქმე იშვიათად მიდის). ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, მაგრამ ვინაიდან გამომწვევები მხოლოდ სისხლშია, ყოფითი და თუნდაც სქესობრივი კონტაქტი საფრთხეს არ შეიცავს. იშვიათად დაავადება სისხლის გადასხმის, ორგანოთა გადანერგვისა და საზიარო შპრიცის გამოყენების დროსაც გადაედება. ასევე შესაძლოა, მუცლადყოფნის პერიოდში გადაედოს ნაყოფს დედისგან. უფრო ხშირად კი შუალედური რგოლი, დედალი კოღო ანოფელესი ერთვება საქმეში. მისი არსებობისთვის იდეალური გარემო ასეთია: ვრცელი წყალსატევი, რომელსაც უფრო მეტად აფართოებს ხშირი წყალდიდობა; დასახლებული პუნქტებიდან საკმაო სიშორე; სიახლოვეს – მშენებლობა ან სავარგულები. ასეთ ადგილებს კახეთისა და ქვემო ქართლის ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში (ლაგოდეხში, მარნეულში) შეხვდებით.
როგორც ჩანს, ასეთ გარემოში უმეტესად მამაკაცები ხვდებიან (ბუნებრივია, სავარგულებსა და მშენებლობაზე ქალს არაფერი ესაქმება), ამიტომაც მალარია უფრო მეტად მათ ემართებათ. ინფიცირება ყველაზე ხშირად აგვისტოსა და სექტემბერში ხდება.

***
მძიმე, წამლების მიმართ გამძლე ფორმის გამომწვევი მიკროორგანიზმი ჩვენებურ ანოფელესს ჯერჯერობით არ გადააქვს, ამიტომ ლაგოდეხში მიმავალს ისეთი ქიმიოპროფილაქტიკა, როგორსაც მალარიის ენდემურ კერაში სტუმრობის მსურველს ურჩევენ, არ სჭირდება. სამაგიეროდ, თუ ტროპიკულ ქვეყნებში აპირებთ გამგზავრებას, სადაც ყოველი მეორე მალარიის რეზისტენტული და მძიმე ფორმით არის ავად, პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. ამით მხოლოდ თავს კი არ დაიცავთ, დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებსაც არ შეუქმნით საფრთხეს.

კონკრეტული ღონისძიებებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს მიმართეთ. ზოგადად კი საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით – ენდემური კერის მკვიდრმა, მალარიის შესახებ მეტი უნდა იცოდეს და  კოღოებისგანაც გულმოდგინედ დაიცვას თავი:

* ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ზაფხულის სიცხეში წყლის გამოყენებისას უნებლიეთ კოღოს ზრდა-გამრავლების ხელშემწყობი პირობები არ შევქმნათ: პატარა გუბურები დავაშროთ, წყლის რეზერვუარები თავდახურული გვქონდეს, სანიაღვრე არხების კედლები მცენარეებისა და ნაგვისგან გავწმინდოთ.

* რაკი კოღო (ფლებოტომუსიც!) ადამიანს საღამო ხანს, მზის ჩასვლის შემდეგ ესხმის თავს, ამ დროს უმჯობესია ბაცი ფერის გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი ჩავიცვათ და შენობას შევეფაროთ, გამოვიყენოთ კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები – რეპელენტები (დააკვირდით ეტიკეტს: პრეპარატი დიეთილ-მ-ტოლუამიდს ან დიმეთილ ფტალატს უნდა შეიცავდეს. მეტ-ნაკლებად აფრთხობს ანოფელესს მძაფრსუნიანი ოდეკოლონები, ქაფურის სპირტი).

* შენობაში კოღოები (ვერც მოსკიტები!) რომ ვერ შემოფრინდნენ, კარ-ფანჯარას ბადეები ავაფაროთ, ოთახებში შემოფრენილი კოღოები ინსექტიციდური აეროზოლითა და ელექტროფუმიგატორით გავანადგუროთ.

* მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს ბადე ჩამოვაფაროთ და კიდეები მჭიდროდ ამოვუგოთ ლეიბის ქვეშ. ასე ვერც ანოფელესი და ვერც ფლებოტომუსი პაწიას ვერაფერს დააკლებენ.

* საეჭვო შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ სისხლის ანალიზი მალარიაზე.