დაავადებები, ინფექციური დაავადებები

ბოტულიზმი

https://lh4.googleusercontent.com/-5Sma3HAFbr0/T0u5q3LV67I/AAAAAAAACHE/Kz4w7PftLaM/s640/348.jpgბოტულიზმი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა კლოსტრიდია (ანაერობული მიკროორგანიზმი — Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენრტალურ ნერვულ სისტემას.
კლოსტრიდია ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში, იგი გარემოში (ნიადაგში) წარმოქმნის სპორებს ანუ გამძლე ფორმებს და ჩვეულებრივ, ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია.

დაავადების განვითარებისთვის საჭიროა, რომ ნიადაგთან ერთად საკვებზე მოხვედრილი სპორა გარდაიქმნას ვეგეტაციურ ანუ ცხოველმყოფელ ფორმად და პროდუქტში გამრავლებასთან ერთად წარმოქმნას ტოქსინი (შხამი), რომელიც დაგროვდება საკვებში. ამისთვის კი საჭიროა:

  • სათანადო ტემპერატურა;
  • სიმჟავის გარკვეული დონე;
  • აუცილებლად ანაერობული (უჟანგბადო) პირობები.
    ასეთი პირობები კი იქმნება:
  • ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში;
  • ძეხვში;
  • შებოლილ თევზში;
  • ლორში და სხვა;

ბოტულიზმი შესაძლოა გამოიწვიოს სახლში დაკონსერვებულმა ბოსტნეულმა: დანდური, ბადრიჯანი. მწვანე ლობიო, პომიდორი, წიწაკა, კიტრი, სტაფილო, სოკო. იშვიათად დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს კუსტარულად ან სახლში დამზადებულმა კომპოტებმაც, თუ შაქრის შემცველობა მცირეა.

რადგანაც ტოქსინის დაგროვებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ ახლად დამზადებული პროდუქტები ნაკლებად სახიფათოა.

სპორები ძალზე გამძლე არიან და საათობით უძლებენ დუღილს, მათი ინაქტივაციისათვის საჭიროა 1200    C –ზე მაღალი ტემპერატურა. უკვე დაგროვებული ბოტულიზმის ტოქსინი პროდუქტში ინაქტივირდება 1000    C –ზე 10-15 წუთი დუღილით.

ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა, რომელიც მიმდენარეობს ინტოქსიკაციით (მოშხამვით) და ნერვული სისტემის დაზიანებით.

დაავადება ვითარდება ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათში, მაგრამ დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და მერყეობს რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე. რაც უფრო მეტია მიღებული ტოქსინის დოზა, მით უფრო ხანმოკლეა ინკუბაციური პერიოდი და დაავადებაც მძიმედ მიმდინარეობს.

ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია 3 სინდრომი:

  • გასტროინტესტინური;
  • ზოგადინტოქსიკაციური;
  • პარალიზური;

ეს სინდრომები გამოვლინდება გარკვეული კლინიკური ნიშნებით, ესენია:

  • თავბრუსხვევა;
  • ძლიერი მოდუნება;
  • კუნთების სისუსტისა და ძალის დაქვეითების გამო ავადმყოფს
    • უჭირს საგნებისა და თავის დაჭერა;
    • სწორი სიარული;
  • მუცლის შებერილობა;
  • ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში;
  • პირის სიმშრალე;
  • ძლიერი წყურვილი;
  • ყაბზობა;
  • გაორებული და ბუნდოვანი მხედველობა;
  • შეზღუდული თვალების მოძრაობა;
  • მიდრიაზი;
  • საგნების გაორება;
  • ნისტაგმი;
  • ყლაპვის და მეტყველების მოშლა;
  • თვალის ქუთუთოს დამბლა;

ბოტულიზმის მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ავადმყოფი გარდაიცვალოს რამოდენიმე საათში.

მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს სტაციონარში ანტიტოქსიური შრატით.

ბოტულიზმის პროფილაქტიკისთვის დაიმახსოვრეთ:

არ შეიძინოთ კუსტარულად დამზადებული შებოლილი თევზი, შაშხი, ძეხვი და კონსერვები;

კონსერვების შინაურ პირობებში დამზადებისას შეარჩიეთ ახალი პროდუქტები და გულმოდგინედ გარეცხეთ, თავი შეიკავეთ ისეთი პროდუქტების ჰერმეტულად დაკონსერვებისაგან, რომელთა გარეცხვის დროს ნიადაგის უმცირესი ნაწილაკების მოხვედრის ალბათობა დიდია. მჟავე კიტრი, პომიდორი, ჯობს დავამზადოთ ტრადიციულად, მოხუფვის გარეშე;

საკვები პროდუქტები, მათ შორის კონსერვები, შეინახეთ ცივ ადგილას;

არ იხმაროთ საკვებად შებერილი კონსერვები. დაკონსერვებული პროდუქტები მოხმარების წინ აუცილებლად უნდა ადუღოთ ან კარგად შეწვათ არანაკლებ 15 წუთისა, ასევე თერმულად უნდა დამუშავდეს წვრილ ნაჭრებად (სისქით არაუმეტეს 1 სმ.) დაჭრილი ყველა საეჭვო პროდუქტი.