დაავადებები, ენდოკრინოლოგია

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტიდიაბეტი  ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა. იგი ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) β-უჯრედების დაზიანების შედეგად, რომლის დროსაც აღარ გამოიყოფა ინსულინის საჭირო რაოდენობა. ინსულინის გარეშე ორგანიზმი ვერ იღებს მისთვის აუცილებელ ენერგიას საკვებიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, დიაბეტი ორ ტიპად იყოფა:

  • ტიპი  1  დიაბეტი ანუ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი – ვითარდება, როცა მთლიანად ან თითქმის მთლიანად ნადგურდება კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს. ზუსტად არავინ იცის, რატომ ნადგურდება ეს უჯრედები, თუმცა, ითვლება, რომ ამის მიზეზი აუტოიმუნური პროცესია (ზოგიერთი მიზეზით, იმუნური სისტემა პანკრეასის β-უჯრედებს “უცხო სხეულებად” აღიქვამს და მათზე იერიში მიაქვს). ითვლება, რომ აუტოიმუნური პროცესი “ირთვება” ერთი ან რამდენიმე გარემო ფაქტორის ზემოქმედებით იმ ადამიანებში, რომლებსაც გარკვეული განწყობა აქვთ მის მიმართ. გარემო ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ: ვირუსული ან სხვა ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, მძიმე სტრესები. ძირითადად, ტიპი 1 დიაბეტი, ემართება ბავშვებსა და მოზარდებს. თუმცა, ბოლო დროს იგი ხშირად გვხვდება ასაკოვან ადამიანებშიც.
  • ტიპი  2  დიაბეტი ანუ ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტი – იგი ასევე ცნობილია, როგორც “ხანდაზმული ასაკის” დიაბეტი, რადგან, ძირითადად, 40  წლის შემდეგ ვითარდება. ამ დროს ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი აგრძელებს ინსულინის გამოყოფას, მაგრამ მისი რაოდენობა არასაკმარისია, ან ფუნქციები დარღვეულია (ორგანიზმი ნორმალურად არ რეაგირებს საკუთარ ინსულინზე). ითვლება, რომ საკუთარი ინსულინის არასაკმარისი პროდუქციის მიზეზია β-უჯრედების დეფექტი. ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ, თითქმის ყველა ადამიანს სხვადასხვა ხარისხით აღენიშნება ინსულინის დეფექტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მას არ შეუძლია კუნთებისა და სხეულის სხვა ნაწილების მიერ გლუკოზის, როგორც საწვავის, მოხმარება. ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი ინსულინრეზისტენტობის (პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის დაკარგვა ინსულინის მიმართ) მიზეზი. დღეისათვის კი ეს საკითხი ფართოდ ისწავლება. ბუნებრივია, აქ დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, რადგან ტიპი 2 დიაბეტი (უფრო ხშირად, ვიდრე ტიპი 1), ჩვეულებრივ,  ვითარდება, როცა მშობლებს, ბიძებს, დეიდებს, ძმებს ან დებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი. ასაკი, ჭარბი წონა, ჯდომითი ცხოვრების წესი — სერიოზული, მაგრამ შექცევადი რისკის ფაქტორებია, რომლებიც ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. ზოგი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ტიპი 2 დიაბეტი” მსუბუქი ფორმაა”. ნებისმიერი ტიპის შაქრიანი  დიაბეტი სერიოზული დაავადებაა და სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს გამოცდილი ექიმ-დიაბეტოლოგის მიერ.

შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებია:

  • გაძლიერებული  წყურვილი;
  • ხშირი შარდვა;
  • ადვილად დაღლა;
  • წონაში  უმიზეზოდ  დაკლება.

ყოველივე დიაბეტის საწყისი სიმპტომებია. თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, მიაკითხეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა აუცილებელი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად.

დიაბეტის განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნება: ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაავადდეს დიაბეტით. თუ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია დიაბეტით, რისკი იზრდება.

შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • ალკოჰოლის ჭარბი  რაოდენობა;
  • გლუკოზისადმი  ტოლერანტობა;
  • ინსულინრეზისტენტობა;
  • სიმსუქნე;
  • ჰიპერტენზია – მაღალი  არტერიული წნევა;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი;
  • მარცხენა პარკუჭის   ჰიპერტროფია და სხვ.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დიდი ხნის მანძილზე შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამასთან, რაც უფრო ადრე გამოავლენთ დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორებს, მისი თავიდან აცილების მით უფრო მეტი შანსი გაქვთ.

დიაბეტის გართულებები იყოფა ორ ჯგუფად:

  • ადრეული –  ჰიპო და ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაქვეითება და მომატება), დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • გვიანი – მაკროანგიოპათია (გულსისხლძარღვთა დაავადებები) და მიკროანგიოპათია (რეტინოპათია, ნეფროპათია, დიაბეტური ტერფი, ერექციის დისფუნქცია);

ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ნეიროპათია, ჰიპოგლიკემია ხშირად ინსულინის ან სულფანილშარდოვანას პრეპარატების დიდი დოზების მოხმარების შედეგად ვითარდება. გარდა ამისა, ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოიწვიოს საკვების დაგვიანებით ან არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ ან დაუგეგმავმა ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ. ჰიპოგლიკემია უფრო მეტად ტიპი 1 დიაბეტისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით ინტენსიური კონტროლოს ანუ ინსულინის მრავალჯერადი ინექციების დროს).

ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია:

  • კანკალი;
  • გახშირებული  გულისცემა;
  • ოფლიანობა;
  • გაღიზიანება;
  • შიმშილის  გრძნობა;
  • გულისრევა;
  • ცნობიერების დაბინდვა;
  • კონცენტრაციის  უნარის  დაქვეითება;
  • ძილიანობა;
  • სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • მხედველობის დარღვევები;
  • გულისწასვლა.

აუცილებელია ზომების მიღება ჰიპოგლიკემიის პირველივე სიმპტომების განვითარებისთანავე, რათა გლუკოზის შემცველობა გაიზარდოს უსაფრთხო რიცხვებამდე.

დიაბეტური ტერფი დიაბეტის ერთ-ერთ  სერიოზული  გართულებაა. დიაბეტიან პირებში ქვედა კიდურის ამპუტაცია 40-ჯერ უფრო ხშირია არადიაბეტიანთან შედარებით. ამპუტაციის საჭიროება ყველაზე ხშირად ტერფის წყლულის გამოიქმნება. გახსოვდეთ, რომ ტერფის მოვლის ელემენტარული წესები და უსათხოების დაცვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი პრობლემა ტერფის მხრივ. ტერფის მოვლა დიაბეტური გუნდის (ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, ნევროლოგი, ქირურგი, დიეტოლოგი) პრეროგატივაა. ანგიოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსის შეფასება ყველა დიაბეტიანი პირისთვის აუცილებელია დიაგნოზის დასმისას და შემდეგ ყოველწლიურად. ტერფის ინფიცირებისას საჭიროა ადრეული სანაცია და ინტენსიური ანტიბაქტერიული მკურნალობა.

შაქრიან დიაბეტს მხედველობის დაქვეითების და სიბრმავის გამომწვევ დაავადებათა შორის პირველი ადგილი უკავია.
თვალის დიაბეტური დაავადებები შესაძლოა მოიცავდეს: დიაბეტურ რეტინოპათიას (თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანება), კატარაქტას (თვალის ბროლის შემღვრევა), გლაუკომას (თვალის ნერვის დაზიანება და მხედველობის გაუარესება).

თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიარეთ თვალის შემოწმება კვალიფიციურ სპეციალისტებთან.

ცნობილია, რომ დიაბეტის დროს ორსულობა სარისკოა, როგორც დედის, ისე ნაყოფისათვის. რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ორსულობა გულდასმით უნდა დაიგეგმოს. ორსულობამდე და ორსულობის დროს აუცილებელია კარგი გლიკემიური კონტროლი და ორსულობის მართვა მეან-გინეკოლოგის და ენდოკრინოლოგის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ. იდეალურ შემთხვევაში, ყველა გამრავლების უნარის მქონე დიაბეტიანი ქალი ინფორმირებული უნდა იყოს ორსულობით განპირობებულ რისკთან დაკავშირებით:

შესაძლო რისკი დედისთვის:

მეტაბოლური, ანუ ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული გართულებები – გლიკემია, ჰიპოგლიკემია, დიაბეტური კეტო-აციდოზი, რეტინოპათია, ნეფროპათია, ნეიროპათია, მაკროანგიოპათიები. დიაბეტის გართულებები და ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა); სამეანო გართულებები (ჰიპერტენზია, მრავალწყლიანობა, ინფექციები)

ნაყოფისათვის შესაძლო რისკი:

  • განვითარების  თანდაყოლილი მანკები;
  • ნაყოფის ზრდის ანომალიები;
  • დიაბეტის განვითარება შთამომავლობაში.

დიაბეტის დასადგენად გამოიყენება გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი და გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში.
დღეისათვის შაქრიანი დიაბეტი ეპიდემიის სახეს იღებს. დიაბეტიან პირთა რიცხვი მუდმივად იზრდება. თუმცა, დროულად გამოვლენამ, ცხოვრების ჯანსაღმა წესმა, სწორმა კვებამ, ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს დიაბეტის განვითარება ან შეაჩეროს უსაზღვრო ვადით.

დღესდღეობით რეკომენდებულია:
45 წლის ასაკიდან ყოველ სამ წელიწადში სისხლის შაქრის გასინჯვა. თუმცა, თუ ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფს ეკუთვნის (მემკვიდრეობა, ჭარბი წონა, პასიური ცხოვრების წესი), რეგულარული გასინჯვები უფრო ახალგაზრდა ასაკიდან უნდა დაიწყოს.

თუ შენიშნეთ შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა აუცილებელი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ.