სასარგებლო რჩევები

წითელი ქარი და გამომწვევი მიზეზები

წითელი ქარი კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე ანთებაა, რომელიც უმეტესად საკუთრივ კანში ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზი, უმთავრესად, სტრეპტოკოკია.

ორგანიზმში ინფექციის შეჭრა, ძირითადად, გარემოდან ხდება, რასაც ხელს უწყობს მიკრობებით კანის დაბინძურება და მიკროტრამვა.

არჩევენ წითელი ქარის რამდენიმე ფორმას:

  1. როდესაც ანთება, უმთავრესად, კანის დვრილოვან შრეშია განვითარებული;
  2. როდესაც კანზე წარმოიქმნება ანთებითი სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება დაჩირქდეს;
  3. როდესაც ანთებითი პროცესი ღრმად, კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში ვრცელდება.

წითელი ქარი უფრო ხშირია სახეზე, თავსა და ქვედა კიდურებზე. დაავადებას ახასიათებს ადგილობრივი და ზოგადი მოვლენები. დასაწყისში აღინიშნება საერთო სისუსტე და თავის ტკივილი, რასაც მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მომატება, 39-40 გრადუსამდე. ავადმყოფს ეწყება უმადობა, უძილობა და გულისრევა.

ადგილობრივად დაავადებულ არეში გამოხატულია კანის მკვეთრად შემოსაზღვრული სიწითლე და უსწორმასწოროკიდეებიანი შეშუპება. ამ არეში კანი შეხებით მტკივნეულია. წითელი ქარის შემთხვევაში, ავადმყოფმა დროზე უნდა მიმართოს ქირურგს. უმჯობესია მკურნალობის ჩატარება ქირურგიულ განყოფილებაში.