ჯანმრთელი კვება

ხილი, რომელიც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

კივი, ლიმონი, ფრეშიზოგიერთი ხილი, მასში შემავალი ვიტამინების წყალობით, ხელს უწყობს ახალგაზრდობის გახანგრძლივებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველი ხილი აფერხებს დაბერების პროცესს. ამდენად, სასურველია, ქალბატონებმა ხშირად მიირთვან C ვიტამინით მდიდარი ხილი, მაგალითად, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი, კივი.
C ვიტამინი ასევე უხვად მოიპოვება კენკროვნებსა და ზოგიერთ ბოსტნეულში, მათ შორის, კომბოსტოში.

მეცნიერებმა სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ყველაზე სასარგებლო სახეობები გამოარჩიეს. ამჯერად გაგაცნობთ, რა სიკეთე მოაქვს კივის, დანარჩენ სახეობებსა და მათ კოსმეტოლოგიურ თვისებებზე კი ჩვენი ჟურნალის მომდევნო ნომრებში მოგახსენებთ.

კივი სახის კანის ფერს აუმჯობესებს:
მოქმედება – როგორც აღვნიშნეთ, ეს ხაოიანი ნაყოფი მდიდარია C ვიტამინითა და ბეტაკაროტინით. ვიტამინი C ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას. ეს ნივთიერება კანის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც აუცილებელია ქსოვილის ზრდისა და აღდგენისთვის, ასევე, იცავს კანს დაბინძურებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. კაროტინთან ერთად კოლაგენი ხელს უწყობს სახის კანის კარგი ფერის შენარჩუნებას.

ალტერნატივა: ფორთოხალი, ლიმონი, შავი მოცხარი, ოხრახუში, კომბოსტო.

როგორ უნდა გამოიყენოთ: მიირთვით ერთი კივი დღეგამოშვებით. კივისგან თავისუფალი დღე ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით შეავსეთ.

უბრალო რეცეპტი: მოამზადეთ “ლონგ-ფრინკი” – დაჭრილი კივი, ფორთოხალი და გაფცქვნილი ვაშლი წვენსაწურ მანქანაში გაატარეთ, ყინულის ნატეხებთან ერთად მაღალ ჭიქებში გაანაწილეთ და სუფრასთან მიიტანეთ.