ჯანმრთელი კვება

ვიტამინების ისტორია

ვიტამინების ისტორიაჯანმრთელობისთვის სულ ცოტა – გრამის მეათასედი თუ მემილიონედი ნაწილია საჭირო. სამაგიეროდ, დეფიციტი ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციათა ბუნებრივ თანამიმდევრობას ისე არღვევს, თითქოს უხილავ ორკესტრს დირიჟორი დაეკარგაო. მათზე ყველა ჩვენგანს მკაფიო წარმოდგენა აქვს, წამლადაც გვექცნენ და სახელებიც ზეპირად ვიცით.

და მაინც, თუ კარგად დავფიქრდებით, მათ შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს გასაგები…

ცოცხალი ისტორია
ვიტამინები, ბუნებრივია, საკვებში ყოველთვის იყო. რაღაც ამდაგვარის არსებობის შესახებ ეჭვი უხსოვარი დროიდან გაჩნდა, მაგრამ, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სულ ერთი საუკუნეა, რაც დანამდვილებით შევიტყვეთ მათი ამბავი.

ძველმა ეგვიპტელებმა, მაგალითად, იცოდნენ, რომ ქათმის სიბრმავით დაავადებულისთვის ღვიძლი უნდა ეჭმიათ. რა თქმა უნდა, პირველს რომ A ვიტამინი იწვევს, რომელიც მეორეში ნამდვილად შედის, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მაგრამ ვერ დავუკარგავთ, სნეულის განკურნებას მაინც ახერხებდნენ.
შუა საუკუნეებს ამ საქმეში დიდი წვლილი არ შეუტანია, – ეტყობა, ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურად იკვებებოდა ან ჯანმრთელობას სხვა მტრები უფრო უსპობდნენ, ასე რომ, არც იდუმალი ნივთიერებების ნაკლებობა შეუმჩნევია ვინმეს და არც მათი არსებობა უეჭვია.

XIX საუკუნის ბოლომდე მთელი მსოფლიო პროდუქტების საკვებ ღირებულებას მათში შემავალი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, წყლისა და მინერალური მარილების მიხედვით განსაზღვრავდა. ამ შეხედულებისთვის საფუძვლის შერყევა პირველად 1881 წელს სცადა რუსმა ქირურგმა ნიკოლაი ლუნინმა – თაგვების ერთ ჯგუფს რძე ასვა, მეორეს კი რძის იმ დროისთვის ცნობილი ყველა ინგრედიენტის ხელოვნური ნარევი. პირველი ჯგუფი თავს ნორმალურად გრძნობდა, მეორე კი დაიხოცა.

დასკვნაც ზუსტი გამოიტანა: ბუნებრივი საკვები, გარდა ცნობილი ძირითადი ნივთიერებებისა, სიცოცხლისთვის შეუცვლელ სხვა ნივთიერებათა მიკროსკოპულ რაოდენობასაც უნდა შეიცავდეს, რომელთა აღმოჩენა თანამედროვე მეთოდებით ვერ ხერხდებაო. ასეთ აშკარა ფაქტებსაც არ დაუჯერეს, თუმცა არა თავკერძობის გამო – უბრალოდ, სხვა მეცნიერებს ცდის განმეორებისას იგივე შედეგი არ მიუღიათ. დღეს ვიცით, რომ მათ, სავარაუდოდ, რძის შაქრის ბოლომდე გაწმენდა ვერ მოახერხეს, ლუნინს კი, უბრალოდ, გულმა უგრძნო და ეს ნახშირწყალი ჩვეულებრივი შაქრით, საქაროზით ჩაანაცვლა. ასე რომ, დასკვნის აღიარება 20 წლით გადაიდო.

ასეა თუ ისე, პირველი ვიტამინის კრისტალური სახით გამოყოფის პატივი 1912 წელს პოლონელ მკვლევარს კაზიმირ ფუნკს ერგო. სწორედ იგი გახლავთ ამ სასიცოცხლო ნივთიერებების ნათლიაც. ვიტამინი ლათინურიდან მომდინარეობს – ვიტა” სიცოცხლეს ნიშნავს. რაც შეეხება ამინებს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველა ვიტამინი ცილოვანი ბუნებისა არ იყო (ანუ ამინომჟავას არ წარმოადგენდა), თუმცა სახელი სახელად დარჩა.

ვიტამინებითითოეული ცალ-ცალკე
დღეს ვიტამინების ოჯახი 20-მდე წევრს ითვლის და როგორც ყველამ ვიცით, ლათინური ასოების სახელები ჰქვიათ, ოღონდ ამ ასოების რიგითობა ვიტამინების აღმოჩენის თანამიმდევრობას სულაც არ ემთხვევა.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ პირველი ვიტამინის პატივი C ვიტამინს უნდა რგებოდა. მისი დეფიციტით გამოწვეულ სურავანდს კაცობრიობა ანტიკური ხანიდან იცნობს, კოლუმბისა და მაგელანის ეპოქამ კი ის ნაოსანთა რისხვად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ბალანსირებულად იკვებებოდნენ, მოგზაურებსა და ზღვაოსნებს ღრძილებიდან სისხლდენა, ძლიერი ტკივილები ეწყებოდათ, ჭრილობები ძნელად უხორცდებოდათ და იხოცებოდნენ კიდეც. 1749 წელს შოტლანდიელმა ქირურგმა ჯეიმს ლინდმა აღმოაჩინა, რომ ციტრუსების მოყვარულთ სურავანდი აღარ ემართებოდათ და ბრიტანეთის სამეფო ფლოტს სენის პროფილაქტიკისთვის ლიმონის გამოყენება ურჩია. ხელმძღვანელობამ დაიჯერა, კაპიტნებმა და მეზღვაურებმა – ნაკლებად. ადმირალიტეტს მეტსახელად მჟავე შეარქვეს, თანაც საუკუნენახევრის განმავლობაში უმრავლესობას მტკიცედ სწამდა, რომ სურავანდის თავიდან ასაცილებლად ჰიგიენა, რეგულარული ვარჯიში და, რაც მთავარია, მორალური ძლიერება იყო საჭირო. სამივეს განუხრელი დაცვის მიუხედავად, სურავანდს არქტიკული ექსპედიციის უამრავი წევრი ეწირებოდა…

C ვიტამინი კი მხოლოდ 1932 წელს გამოყვეს სუფთა სახით. ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია – უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი გავლენისგან იცავს, ეს უკანასკნელნი კი საკვებისგან ან გარემოს მავნე ზეგავლენის, მაგალითად, თამბაქოს წევის ან მაიონიზებელი რადიაციის შედეგად წარმოიქმნებიან. C ვიტამინი უმნიშვნელოვანესია კანის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის სიჯანსაღისთვის, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და რკინის შეწოვას, თუმცა გრიპისა და გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, არ გამოგვადგება.

პირველი ვიტამინი კი XVIII საუკუნის ბოლოს თუ XIX საუკუნის დასაწყისში გამოყვეს თევზის ქონიდან. ეს ცხიმისმაგვარი ნივთიერება რაქიტისგან კურნავდა და ჯერ “ანტირაქიტული A” უწოდეს, შემდეგ – A ვიტამინი, დღეს კი რატომღაც D ვიტამინი ჰქვია. ვინ გადაწყვიტა კაცობრიობის დაბნევა, ძნელი დასადგენია, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან ის, რაც დღეს D-ა, რომ ადრე A იყო, აღარავის ახსოვს და არც აღარავინ იბნევა.

D ვიტამინის ნაკლებობა პირველ რიგში ძვლებზე აისახება და რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს. D ვიტამინი ასევე აუცილებელია კუნთების, ნერვული და იმუნური სისტემების ნორმალური ფუნქციობისთვის.

მეორე ვიტამინის აღმოჩენას აღმოსავლეთ აზიაში ბერი-ბერის ეპიდემიას უნდა ვუმადლოდეთ. ეს სნეულება ძლიერი დაღლილობით, ლეთარგიით, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუნთოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემების მხრივი გართულებებით ვლინდებოდა და ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდებოდა. 1897 წელს კრისტიან ეიკმანმა შეამჩნია, რომ ბერი-ბერისგან გადასარჩენად წიწილებისთვის საკენკად გარჩეული თეთრი ბრინჯის ნაცვლად ყავისფერი უნდა დაეყარათ. მომდევნო წელს ფრედერიკ ჰოპკინსმა დაასკვნა, რომ ზოგიერთი საკვები ორგანიზმის ფუნქციობისთვის აუცილებელ “დამატებით ფაქტორებს” შეიცავდა. აღმოჩენას აღმოჩენა მოჰყვა და ჰოპკინსმაც და ეიკმანმაც 1929 წელს რამდენიმე ვიტამინის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღეს. ბერი-ბერის მიზეზსა და პიონერს კი B1 ვიტამინი უწოდეს. B ვიტამინების მრავალრიცხოვანი ოჯახია, რომელსაც სულ ცოტა ხანში შესაძლოა მე-14 წევრიც შეემატოს. მათი ძირითადი დანიშნულება საკვებიდან ენერგიის მიღებისა და ორგანიზმში მისი წარმოქმნის უზრუნველყოფაა, დეფიციტი კი ნერვული, საჭმლის მომნელებელი, სისხლწარმომქმნელი სისტემების, კანის დაზიანებით ვლინდება.

დანარჩენი სამის – A, E და K ვიტამინების ისტორიით თავს აღარ შეგაწყენთ. როგორც ზემოთ ვთქვით, A ვიტამინის ნაკლოვანება მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებას ანუ ქათმის სიბრმავეს იწვევს – ადამიანი შებინდებისას ვერ ხედავს. ვითარდება აგრეთვე თვალის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაზიანება, სრული სიბრმავის ჩათვლითაც კი. ამავე ვიტამინის დეფიციტი ლორწოვანი გარსების დაზიანებასაც იწვევს. K ვიტამინი სისხლის შემადედებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, მისი დეფიციტი სისხლდენებისაკენ მიდრეკილებით ვლინდება. E ვიტამინი რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობაში მონაწილეობს, ამიტომ მისი დეფიციტი შესაძლოა უშვილობის ან ორსულობის შეწყვეტის მიზეზიც გახდეს. იგი მონაწილეობას აგრეთვე კუნთოვანი და ნერვული სისტემების ფუნქციობაში.

სად ვიპოვოთ
სად ვიპოვოთ ვიტამინებიყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დაგვრჩა მთავარი: სად ვეძებოთ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებები. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკეც და ნებისმიერი კომბინაციითაც აფთიაქის თაროებზე ყოველ მათგანს უკავია კუთვნილი ადგილი. სურვილი იყოს და ქსელური მარკეტინგის მოღვაწენი შინაც მოგვართმევენ, უფასო ლექციასაც დაუზარლად წაგიკითხავენ იმის შესახებ, რამდენად შემცირდა თანამედროვე პროდუქტებში ვიტამინების რაოდენობა და დაგვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა დაგვრჩა – ისინი აბებით ჩავანაცვლოთ.

რა თქმა უნდა, გარემოც დაბინძურებულია და ჩვენი საკვებიც უფრო და უფრო იტენება ფუჭი კალორიებით, და მაინც, მთელ მსოფლიოში (მათ შორის აშშ-შიც, სადაც ჯანსაღი საკვების პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას), ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის ვიტამინების საუკეთესო წყარო საკვებია. იქიდან ვიტამინები უფრო ადვილადაც შეითვისება და უფრო ნელაც გამოიყოფა. თანაც, აბისგან განსხვავებით, საკვები სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს. სამაგიეროდ, კონკრეტულ ჯგუფებს, – მაგალითად, ვეგეტარიანელებს, ჩრდილოეთში მცხოვრებ შავკანიანებს, – შესაძლოა ამა თუ იმ ვიტამინის ჩანაცვლება დასჭირდეთ.

რომელი ვიტამინი რომელ პროდუქტშია და რა რაოდენობით, ან რამდენი გვჭირდება თითოეული მათგანი, მეცნიერებს გამოწვლილვით აქვთ შესწავლილი და ცხრილებიც კი შეუდგენიათ, მაგრამ, დაგვეთანხმებით, ყოველივე ამის დამახსოვრებას და გამოთვლას მოკვდავის ტვინი კი არა, საკმაოდ მძლავრი პროცესორი სჭირდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არც არის აუცილებელი.

ვიტამინების საჭირო რაოდენობას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაგროვებთ, თუ თქვენი რაციონი მრავალფეროვანი და ჯანსაღი იქნება:

. აქცენტი ხილზე, ბოსტნეულზე, საღ მარცვლეულზე, ნაკლებცხიმიან რძესა და მის ნაწარმზე გააკეთეთ;
. ნუ უგულებელყოფთ მჭლე საქონლის, ფრინველის ხორცს, თევზს, თხილს, პარკოსნებსა და კვერცხს;
. შეზღუდეთ ნაჯერი (ცხოველური) და ტრანსცხიმების, ქოლესტეროლის, მარილისა და შაქრის რაოდენობა