ინფექციური დაავადებები, სიახლეები

H1N1 – რა უნდა ვიცოდეთ ღორის გრიპის შესახებ

H1N1  ანუ ე.წ. ღორის გრიპი არის A ტიპის გრიპი.  იგი, სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად, ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით.

ხველების ან  ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად ხდება სხვა ადამიანის დაინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დაავადებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

ღორის გრიპი არ ვრცელდება საკვებით. კვლევებით დადგენილია, რომ H1N1 გრიპის ვირუსი ადამიანის დაავადების უნარს ინარჩუნებს 2-დან 8 საათის განმავლობაში.

H1N1 გრიპის სიმპტომები ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის ინფექციისა.

დაავადების სიმპტომებია:

  • გრიპი იწყება უცბად,  რითაც განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან;
  • სიცხე ან ციებ-ცხელება;
  • თავის ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • ცხვირიდან გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • სხეულში მტვრევის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში დიარეა და ღებინება. როგორც წესი, ხშირია ბავშვებში.

* შესაძლოა გრიპის ყველა შემთხვევას არ ახლდეს ცხელება.

დაავადების პროგრესირებისა და მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია და სიკვდილი. სეზონური გრიპის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გააუარესოს მანამდე არსებული ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.

ასეთ კატეგორიაში არიან ადამიანები, ვისაც აწუხებს:

  • გულის დაავადება;
  • ჭარბი წონა;
  • დიაბეტი;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადება;
  • თირკმლის დარღვევები;
  • ასთმა;
  • ღვიძლის დაავადება;
  • სისხლის დაავადება;
  • ნევროლოგიური პრობლემები – ეპილეფსია, ინსულტი და სხვ.

ასევე  დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან –  65 წელს ზემოთ მყოფი პირები, ორსულები, ბავშვები და სხვა.

გრიპით დაავადების დროს სახიფათო ნიშნებია:

  • სუნთქვის გართულება ან ქოშინი;
  • ტკივილი ან წნევის შეგრძნება გულმკერდის არეში ან მუცლის ღრუში;
  • უეცარი თავბრუსხვევა;
  • ძლიერი და ხშირი ღებინება;
  • გრიპის სიმპტომები გაუმჯობესდა, მაგრამ ბრუნდება მაღალი სიცხე და უარესდება ხველა.

ბავშვებში საშიში და საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:

  • სწრაფი ან გართულებული სუნთქვა;
  • კანის მოლურჯო ფერი;
  • არ ღებულობს საკმარის სითხეს;
  • მოდუნებულია;
  • გაღიზიანებულია;
  • ცხელება და გამონაყარი.

ასევე სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი:

  • ვერ ჭამს;
  • უჭირს სუნთქვა;
  • როცა ტირის არ მოსდის ცრემლი;
  • საფენებს შესამჩნევად ნაკლებად ასველებს.

პრევენცია 

H1N1 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ადრეული ვაქცინაცია. ვირუსის აქტიურობის პერიოდში კი მიკრობების გავრცელების პრევენციისთვის დაიცავით შემდეგი წესები:

  • მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით, ხოლო როცა ამის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები;
  • მოერიდეთ თვალთან, ცხვირთან და პირთან ხელით შეხებას, ბაქტერიები სწორედ ამ გზით ვრცელდება;
  • გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებზეც შესაძლოა, იყოს გრიპის ბაქტერიები.

და მაინც, თუ თქვენ უკვე შეგხვდათ ეს ვირუსი:

  • მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
  • დარჩით სახლში კიდევ 24 საათი მას შემდეგ, რაც ცხელება გაგივლით, იმისათვის, რომ ვირუსი სხვა ადამიანებს არ გადასდოთ;
  • როცა ახველებთ ან აცემინებთ, დაიფარეთ ცხვირი და პირი ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცით.  (ხელსახოცს ნუ გამოიყენებთ მეორედაც);
  • მიიღეთ ანტივირუსული პრეპარატები (არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად, ის არ არის ანტივირუსული პრეპარატი და უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით);
  • ანტივირუსული პრეპარატების მიღება ყველაზე ეფექტურია დაავადების დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში, თუმცა, მათი მოგვიანებით მიღებაც ეხმარება პაციენტს, მით უმეტეს თუ ის მაღალი რისკის ჯგუფშია.