როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს სწავლის სირთულე
ყველა ბავშვი ინდივიდია და განსხვავებული შესაძლებლობები აქვს, ზოგი ადვილად ითვისებს და მათთვის არაფერია ისწავლოს ერთდროულად სკოლაშიც, იაროს სპორტზე, მუსიკაზე და სამხატვრო წრეზე. თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე, დადგენილი ეტალონი თუ წესი. ბავშვების უმეტესობა ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და სკოლის დავალებებს ვერ ძლევს, ამიტომაც მშობლები ხშირად მიმართავენ კერძო მასწავლებლებს.
თითქოს ცუდი მიდგომა არ არის – გაუკვალო შვილს გზა მომავლისკენ და რაც შეიძლება ბევრი შესძინო. მაგრამ ხშირად ცოდნის მიღება ბავშვისთვის არა მარტო მიზანი ხდება, არამედ ცხოვრების წესი, ლამის აკვნიდან. ამ დროს ბავშვს უფრო მეტი ვალდებულება უჩნდება, ვიდრე უფლება, და მისი ცხოვრება საოცრად წააგავს უფროსი ადამიანისას.
აბა დააკვირდით – სწავლა, სამსახურის ნაცვლად, ხელფასის მაგივრად – ნიშნები, შედეგად კი იგივე სტრესი და გადაღლა. ერთადერთი ისაა, რომ, ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვები გადატვირთვაზე უფრო სწრაფად და აშკარად რეაგირებენ.
ტიპიური ნიშნები იმისა, რომ თქვენი შვილი ვერ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ზედავალებებს:
- ძილის დარღვევა, კოშმარული სიზმრები;
- ხშირი ავადმყოფობა;
- ჩამორჩენა სწავლაში;
- ემოციური გაუწონასწორებლობა (კაპრიზულობა, მოთენთილობა, ისტერიკები)
ნაცნობი სურათია? სამწუხაროდ, ბევრისთვის. ერთ-ერთი ამ ნიშანთაგანიც კი უკვე საფუძველია იფიქროთ, რომ ბავშვი მისახედია.
საშინაო დავალება უკვე პირველი კლასიდან ეძლევათ ბავშვებს. საშუალოდ დაწყებითი კლასის მოსწავლე, საშინაო დავალების შესრულებას უნდა ანდომებდეს 20 წუთს თითო საგანზე. ვამრავლებთ 4-ზე – გამოვიდა საათი და 20 წუთი დღეში.
ხშირად მხოლოდ მასწავლებლები არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ ბავშვები სახლში წიგნებთან მთელ დღეს ატარებენ. ეს ხშირ შემთხვევაში მშობლის ბრალიც არის. სანამ დედა სასურველ შედეგს არ მიიღებს, შეუძლია ასჯერ გადააწერინოს ბავშვს დავალება. ამასთან შეცდომების რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით – იმატებს, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე გადაღლილია.
არსებობს კი გადატვირთვასთან ბრძოლის რაიმე მეთოდი? რა თქმა უნდა, არსებობს!
- პირველ რიგში, ნუ დაუსახავთ ბავშვს შეუსრულებელ მისიას.
- ნუ დააკისრებთ მას თქვენი ამბიციების ტვირთს, მოწაფის სოციალური პოზიცია თანდათანობით უნდა ვითარდებოდეს.
- არ უმეოროთ განუწყვეტლივ სიტყვები ” უნდა გააკეთო…”; “ვალდებული ხარ…” ერთადერთი, რაც მართლაც უნდა აკეთოს ბავშვმა, ის არის, რომ უნდა იყოს ის, რაც არის და არა მანქანა, რომელიც მექანიკურად ითვისებს ცოდნასა და უნარებს.
იმ ბავშვებისთვისაც კი, ვინც უცებ ითვისებს და ადვილად სწავლობს, აუცილებელია თავისუფალი დრო. მეორეც, არ უნდა გაუსვათ ხაზი და “ჩაიციკლოთ” თქვენი შვილის წარმატებას ან წარუმატებლობაზე. მას აქვს უფლება შეეშალოს, მიიღოს “ორიანი” – ეს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო მომენტია. თუ ხედავთ, რომ ბავშვი გადაღლილია და გაკვეთილები მეორე დღისთვის ჯერ კიდევ მოუმზადებელი აქვს, დაივიწყეთ და დაავიწყეთ ცოტა ხნით მას ეს. ბევრად მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობას, ვიდრე მის მოსწრებულობას.
როგორ დავეხმაროთ?
გონივრული ორგანიზება გაუკეთეთ ბავშვის მიერ შასასრულებელ საშინაო დავალებას: ნუ დაიწყებთ მეცადინეობას ყველაზე რთულით.
დააჩქარეთ პროცესი, მაგალითად, უკარნახეთ მაგალითები. წაუკითხეთ დავალება, ხან მოუყევით კიდეც – ასე ბევრად მარტივად და უცებ აითვისებს ბავშვი დავალებას.
ნუ დააძალებთ ბავშვს რამდენჯერმე გადაწეროს დავალება, რაც უნდა “უსუფთაოდ” ჰქონდეს ის შესრულებული. შეეცადეთ თავიდანვე ისე განაწყოთ ბავშვი, რომ აკურატულად დაწეროს სავარჯიშო.
ხშირად შეაქეთ, აუმაღლეთ ბავშვს თვითშეფასება. ასე თქვენ მის პოტენციალსაც აამაღლებთ.