საშიშია თუ არა ქართული სუნელები
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის საგანგაშოდ მაღალი შემცველობა აღმოაჩინა.
აღნიშნული სანელებლებია:
- ყვითელი ყვავილი ან ზაფრანა;
- სვანური მარილი;
- ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი;
- მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი;
- ქართული მარილი ან სვანური მარილი;
- უცხო სუნელი ან შამბალა;
- მშრალი აჯიკა;
- საცივის სუნელი.
როგორც ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, მათ მიერ შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ppm (27 000 ერთეული მილიონზე) მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარია 0,1 ppm. გაფრთხილება განსაკუთრებით ეხება ორსულებსა და ბავშვებს.
“ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგიერთი საკვები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, მაგრამ ის არ იყოს დასახელებული, როგორც ინგრედიენტი. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩამოტანილ სანელებლებს ექნება ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს. ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში”, – აღნიშნულია ოფიციალურ გაფრთხილებაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი. ტყვიით მოწამლული მოზრდილებისა და ბავშვების უმეტესობა არც ავად გამოიყურება და არც ცუდად გრძნობს თავს. მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება იმის დადგენა, ადამიანი მოწამლულია თუ არა ტყვიით.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ შეიძენენ ან მიიღებენ სანელებლებს საქართველოდან, ექიმთან ჩაიტარონ გამოკვლევები სისხლში ტყვიის შემცველობაზე. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ეს გაფრთხილება პირველად 2015 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ მოსახლეობას რეგულარულად უგზავნის შეტყობინებებს.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო On.ge-მ გაავრცელა, რომელსაც ამის შესახებ ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა შეატყობინა. მან ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილება ნიუ-იორკში რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა:
“მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25, საიდანაც დარღვევა – დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა – გამოვლინდა 4 ნიმუშში. მოქმედი კანონმდებლობით ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.
ჩატარებული კვლევით ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ- სანელებლებში:
- წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ;
- მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ;
- მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ;
- სუნელი-5,60მგ/კგ.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს.
2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სანელებლების ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებზეც საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.