ინფექციური დაავადებები

კორონავირუსი – რა უნდა ვიცოდეთ ახალ ე.წ. ჩინური ვირუსის შესახებ 

 კორონავირუსი - რა უნდა ვიცოდეთ ახალ ე.წ. ჩინური ვირუსის შესახებ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადება გავრცელდა. ვირუსი ცოტა ხნის წინ პირველად ქალაქ უხანში გამოჩნდა და შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აზიის სამ სხვა ქვეყანაშიც.

ჩინეთის ქალაქ უხანში დაუდგენელი პათოგენით (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) გამოწვეული პნევმონია მასობრივად გავრცელდა. მოხდა პაციენტების კარანტინი და დაიწყო პნევმონიის წარმომავლობის იდენტიფიცირება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადების მიზეზის კვლევის პროცესში ჩინელმა სპეციალისტებმა გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა ცნობილი ვირუსები გამორიცხეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო, რომელიც 2020 წლის 1 იანვარს დახურეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო კორონავირუსის აქამდე უცნობი ტიპი. ეს არის ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით პირველი ადამიანი 11 იანვარს დაიღუპა. ხოლო უკვე 20 იანვარს, ჩინეთში დადასტურდა გარდაცვალების მესამე და ინფიცირების ასზე მეტი ახალი შემთხვევა. ვირუსი ასევე დააფიქსირეს ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, დაინფიცირებულები უხანიდან ჩასული ჩინელი ადამიანები იყვნენ.

ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

რა არის კორონავირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომლებიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გამოჩენილი ვირუსი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში.

მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა, შემდეგ ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლება თავდაპირველად მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემიის სისასტიკის დამალვას ცდილობდა, მაგრამ მაღალი რანგის ექიმებმა ფაქტების დამალვა მაინც ვერ შეძლეს.

ჩინელ მეცნიერთა განცხადებით, ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი.