გულძმარვა: მიზეზები და მკურნალობა
გულძმარვა არის ძმარვის შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენდება. მას პირში მჟავე გემოს გაჩენა ახასიათებს, რაც ბუნებრივია, რადგან გულძმარვის მიზეზს კუჭის წვენის (რომელიც მჟავეა) საყლაპავ მილში მოხვედრა წარმოადგენს.
კუჭსა და საყლაპავს ერთმანეთთან სფინქტერი აკავშირებს, რომელიც კუჭის შიგთავსის (საკვებისა და კუჭის წვენის) საყლაპავ მილში უკუსვლას აფერხებს, მაგრამ თუ ეს უკუდინება მაინც ხდება, მაშინ ექიმები კუჭ-საყლაპავის რეფლუქსზე საუბრობენ. ეს უკანასკნელი და შესაბამისად, მისი გამოვლინება – გულძმარვა – მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.
2. რა არის გულძმარვის მიზეზი?
გულძმარვის მიზეზი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა სისტემის სხვადასხვა დაავადება:
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი.
გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუში მდებარეობს და მუცლის ღრუში სწორედ დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი (შეგახსენებთ, რომ კუჭი მუცლის ღრუში მდებარეობს) გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. სწორედ ეს ნიშნავს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს. თიაქრის და შესაბამისად – გულძმარვის მიზეზი შეიძლება იყოს დიაფრაგმაზე მუდმივი ზეწოლა, რასაც ძლიერი და ხანგრძლივი ხველის (მწეველებში), ფიზიკური დატვირთვის (მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება) და სხვა ფაქტორების გამო აქვს ადგილი. - რეფლუქს-ეზოფაგიტი თან ახლავს თიაქარს, რადგან ამ დროს გადაუმუშავებელი საკვები საყლაპავ მილში იოლად ხვდება (ამაზე ზემოთ ვილაპარაკეთ). გარდა ამისა, საკვები საყლაპავში უხეშად მოძრაობს და ყოველივე ეს ძმარვის შეგრძნებასა და ტკივილს იწვევს.
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენა კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას უკავშირდება, რაც საყლაპავზეც მავნე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, წყლული კუჭის კედელს აზიანებს; მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ანელებს; შედეგად – საჭმელი დიდხანს ყოვნდება კუჭში, რაც გულძმარვას იწვევს.
გახსოვდეთ, ჭამისთანავე გულძმარვისა და ბოყინის განვითარება დაავადების მიმანიშნებელია და საჭიროებს მკურნალობას!
3. როგორია გულძმარვის ნიშნები?
გულძმარვის ნიშნებია ძმარვისა და ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც (მაგალითად, სტენოკარდია) ანალოგიური სიმპტომი ახასიათებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ გულძმარვა მეტწილად ჭამის შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დახრისას, ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებისას და გადაძღომის შემთხვევაში აღმოცენდება.
გულძმარვის ნიშნები ანტაციდების (პრეპარატებია, რომლებიც მარილმჟავას ნეიტრალიზებას იწვევს) მიღებისთანავე იხსნება. გულძმარვის გულის შეტევისაგან განსასხვავებლად ავადმყოფს ნიტროგლიცერინი ეძლევა, რომელიც გულის შეტევას ხსნის, გულძმარვას – არა.
აღსანიშნავია, რომ გულძმარვა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანსაც აწუხებს, მაგალითად მჟავე ხილის, ცხარე საკვების, ალკოჰოლისა და შავი პურის მიღების შემდეგ.
თუ გულძმარვას ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის მხრივ პრობლემები და წონაში კლება ახლავს, ეს გულძმარვის გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე მიუთითებს. მუდმივი ხასიათის გულძმარვა კი კუჭის სერიოზული დაავადების მიმანიშნებელია.
აუცილებლად უნდა შევეხოთ გულძმარვას ორსულებში, რაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა. იგი კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების გამო აღმოცენდება, ეს ანთება კი შეიძლება ორსულობის ადრეულ ეტაპზე ტოქსიკოზმა, ღებინებამ ან ორსულობის გვიან ეტაპზე კუჭზე საშვილოსნოს ზეწოლამ გამოიწვიოს. ორსულობის დროს გულძმარვა ყოველდღიურად, საკვების მიღების შემდეგ ვითარდება.
4. როგორი გამოკვლევები ტარდება გულძმარვის დროს?
გულძმარვის დროს აუცილებელია კუჭ-ნაწლავთა სისტემის გამოკვლევა შემდეგი დაავადებების გამოსარიცხავად: თიაქარი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ამისათვის კვლევის ენდოსკოპიურ მეთოდს, ექოსკოპიურ კვლევას, რენტგენოლოგიურ კვლევასა და კუჭის წვენის ანალიზს მიმართავენ.
5. როგორ დავამარცხოთ გულძმარვა?
გულძმარვის წამლებით მკურნალობა:
ძლიერი გულძმარვის დროს პირველ რიგში დახმარება საყლაპავ მილს უნდა გავუწიოთ. გულძმარვის საწინააღმდეგო წამლები ძმარვის შეგრძნებასა და ტკივილს ხსნის. მათ მიეკუთვნებიან ამომფენი საშუალებები, რომლებიც საყლაპავს სიმჟავისგან იცავენ; ანტაციდები კი სიმჟავეს ანეიტრალებენ და კუჭის წვენის მჟავიანობას აქვეითებენ.
გულძმარვის საწინააღმდეგო პოპულარული წამლებია: მაალოქსი, ფოსფალუგელი, ალმაგელი და სხვა.
გულძმარვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს ასევე კუჭის წვენის გამომუშავების ინტენსივობის შემცირება შეუძლიათ. მათ მიეკუთვნება რანიტიდინი, მაგრამ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება, რადგან არასწორი მოხმარების შემთხვევაში პირიქით მოქმედებს და კუჭის წვენის გამომუშავების ინტენსივობის მატებას იწვევს.
გულძმარვა და სოდა: ადრე გულძმარვის დროს სოდას იყენებდნენ, მაგრამ სოდის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაშია დასაშვები, რადგან შეიძლება ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსი დაირღვეს.
ორსულობის დროს გულძმარვის თვითნებურად, წამლებით მკურნალობა იკრძალება. იშვიათად შეიძლება ანტაციდების (გევისკონი) მიღება, ასევე დასაშვებია ტუტე მინერალური წყალი (გაზგასული), მაგრამ გახსოვდეთ, რომ მშიერზე მინერალური წყლის დალევა უკუშედეგს იძლევა.
შინაური საშუალებებით მკურნალობა: გულძმარვის დროს ადამიანი ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით უნდა იკვებებოდეს (გადაძღომა დაუშვებელია);
კვების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შემწვარ-მოხრაკული, ბულიონი და სუნელები; ასევე ის საკვები, რომლებიც მუცლის შებერვას პარკოსნები (ლობიო, ცერცვი), ისპანახი, კომბოსტო, ჭარხალი, შავი პური, რძე და სხვა იწვევს;
ადამიანს მაღალ სასთუმალზე უნდა ეძინოს;
ჭამის შემდეგ დაწოლა არ შეიძლება;
ვახშმობა რეკომენდებულია დაძინებამდე 3 საათით ადრე;
გულძმარვის წინააღმდეგ მუშაობს ჯანმრთელი ცხოვრების წესი. აუცილებელია ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.
6. რომელ ექიმს უნდა მივმართოთ გულძმარვის დროს?
გულძმარვის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას გასტროენტეროლოგი ახდენს.