ღრძილების მკურნალობა – შვება კბილებისთვის
პაროდონტის დაავადებები დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის.
დასაწყისისთვის, კარგი იქნება განვმარტოთ რა არის პაროდონტი – ესაა კბილის ირგვლივი ქსოვილების კომპლექსი. ისევე როგორც ყველა დაავადებას, პაროდონტის დაავადებებსაც აქვს გარკვეული სიმპტომები. ერთერთი პირველია სისხლდენა კბილების ხეხვის დროს.
ამ დროს უმრავლესობა უშვებს დიდი შეცდომას: იწყებენ უფრო დაზოგვით ხეხვას, იყენებენ უფრო რბილ ჯაგრისებს, ამოკლებენ ხეხვის ხანგრძლივობას, თითქოს ეშინიათ სისხლისგან არ დაიცალონ. ამით კი უფრო მეტად ამძიმებენ მდგომარეობას. უკვე არსებული ნადები არ იწმინდება, არამედ კბილის ზედაპირზე იშლება, ემატება ახალი “პარტია” ბაქტერიების და პაროდონტის დაავადებაც ორმაგად სწრაფად იწყებს განვითარებას.
ამის შემდეგ ჩნდება სხვა სიმპტომებიც: ღრძილების შეშუპება და სიწითლე, ქვების გაჩენა (ღრძილზედა და ღრძილქვედა), შემდეგ ჩნდება ის სიმპტომი, რომლის გამოც ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტენ ხოლმე ექიმთან ვიზიტს. ესაა უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ზოგჯერ ცდილობენ თვითონ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, იყენებენ სხვადასხვა საღეჭ რეზინს, სპრეის და სავლებებს. დარწმუნებული ვარ ბევრს არ მიუღია სასურველი შედეგი. ეს იმიტომ, რომ ყველა ეს მეთოდი არ აშორებს მთავარ მიზეზს.
დროთა განმავლობაში ყველა ზემოთჩამოთვლილის ემატება კიდევ ერთი: კბილების მორყევა. თუ ამ ეტაპზე მაინც არ მიმართა პაციენტმა ექიმს, მთელი ეს ეპოპეა ცუდად მთავრდება: იკარგება კბილები.
ბევრ პაციენტს აქვს ერთი საერთო ჩვევა: როდესაც ექიმთან მიდიან ბოლოსდაბოლოს, ექიმს თხოვენ ამოუღოს ყველა დარჩენილი კბილიდა მთლიანი პროტეზი გაუკეთოს. თვლიან, რომ თუ არ ექნებათ კბილები, არ იქნება პრობლემებიც. მოსახსნელი პროტეზი კი არცთუ ისე უწყინარი კონსტრუქციაა. მას თავის პლიუსებიც აქვს და მინუსებიც.
თითოეული კბილის შესანარჩუნებლად ღირს ბრძოლა და თუკი დროულად ესტუმრებით ექიმს, უმჯობესია კი ყოველ 6 თვეში ერთხელ, მაშინ შესაძლებელი იქნება თავიდან აიცილოთ ბევრი პრობლემა და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კბილები.
თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ვითარდება სტომატოლოგია და რა მიღწევები არსებობს კერძოდ პაროდონტოლოგიაში, თქვენ ყველანაირი პირობა გაქვთ იმისთვის, რომ ღრძილების დაავადებამ აპოგეას არ მიაღწიოს.
დღესდღეობით პაროდონტოლოგიაში არსებობს მრავალი თანამედროვე პრეპარატი და მკურნალობის მეთოდი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოშორდება მთელი ღრძილზედა და ღრძილქვედა რბილი და მაგარი ნადები, აქვს აზრი რაიმე ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარებას. ამის გარეშე არანაირი სავლები, მალამო, გელი, საკურნალო კბილის პასტა, კბილის ჯაგრისის შეცვლა, პირის ღრუს ჰიგიენური ჩვევების სწავლება არ მოიტანს შედეგს.
ზოგჯერ ჰიგიენის მოწესრიგება საკმარისი არაა და საჭირო ხდება გარკვეული კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება ან მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევა. მაგრამ ეს ყევლაფერი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანთების ნიშნები მოიხსნება და ჰიგიენა სათანადო დონეზე დადგება.
რატომღაც ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ორჯერ იხეხავს დღეში კბილებს, დილით ამას აკეთებს საუზმემდე. ამის გაკეთება კი საჭიროა საუზმის შემდეგ, რათა მირთმეული საკვების დიდი ნაწილი არ დარჩეს კბილების ზედაპირზე მთელი დღით. ჩატარებული პროფესიონალური წმენდის შემდეგ ინიშნება განსაზღვრული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები და უკვე 10-14 დღის შემდეგ დაინახავთ თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ღრძილები სინამდვილეში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: პაროდონტის დაავადება მულტიფაქტორულია, ამიტომ აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. ძალიან ხშირად აუცებელია ორთოდონტის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობა. რისკ-ფაქტორებს კი წარმოადგენს არასწორი თანკბილვა, კბილების მჭიდროდ დგომა, პირის ღრუს ვიწრო კარიბჭე, ლაგმების მაღალი მიმაგრება.
ზოგ შემთხვევაში, როცა პაციენტს ბევრი კბილი აკლია, დარჩენილი კბილები მოძრავია და ზედმეტად იტვირთება, საჭიროა ექიმ-ორთოპედის კონსულტაცია და შემდგომი პროტეზირება.
თუნდაც არ იყოს კბილების დანაკლისი, ორთოპედის ჩარევა მაინც ხდება ხოლმე საჭირო. იგი ატარებს დაგრძელებული კბილები შერჩევით მოქლიბვას და მორყეული კბილების შინირებას.
პაროდონტის დაავადება შეიძლება იყოს რომელიმე ენდოკრინული დაავადების შედეგი — შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის.
დღესდღეისობით, წარმატებით იკურნება პაროდონტიტის მძიმე ფორმებიც, როლებსაც თან ახლავს კბილების მორყევა და დეფორმაცია, ძვლოვანი ჯიბეები. აწარმოებენ ძვლოვანი ქსოვილის გადანერგვას და ამისთვის იყენებენ ნატურალურ ძვლოვან მასალას. და რაც მთავარია, თანამედროვე საანესთეზიო საშუალებების წყალობით ყველა მანიპულაცია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
დაბოლოს, ერთი პატარა საიდუმლო, რომელიც ყველამ კარგად ვიცით მაგრამ არასოდეს ვიყენებთ: ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა უმჯობესია, ვიდრე მკურნალობა. ასე რომ, ზემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმეც გაჩენისთანავე მიმართეთ სტომატოლოგს. გასაგებია, რომ გეშინიათ, მაგრამ კბილების დაკარგვა კიდევ უფრო საშიშია.