დიეტა

დიეტა მახსოვრობას აქვეითებს!

დიეტა მახსოვრობას აქვეითებს!თამბაქო, სტრესი, გადაღლა, თავის ტრავმები, ზოგიერთი წამალი (განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებელი და საძილე) ტვინის ერთ-ერთ ფუნქციას, მეხსიერებას ასუსტებს.

დაავადებებით (თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, თავის ტრავმები, ინტოქსიკაცია და სხვა) გამოწვეული მეხსიერების დაქვეითება პროფესიულ საექიმო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ თუ ამ პრობლემაში დამნაშავეა დაღლა და ქრონიკული სტრესი, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა.

საჭიროა:
1. სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, რადგან ტვინის სისხლძარღვების ნორმალური მუშაობისთვის ჟანგბადი აუცილებელია;
2. სპორტი. ფიზიკური ვარჯიშები სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას შესამჩნევად აუმჯობესებს;
3. არანაკლებ 8 საათიანი ძილი. სრულყოფილი დასვენება ტვინისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ნებისმიერი გადაღლა (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური) მახსოვრობის უნარზე ცუდად აისახება. ამიტომ მუშაობის დროს ხშირად შეისვენეთ. სტრესი და ნებისმიერი არაკეთილსასურველი ფსიქიკური განცდა მეხსიერებაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს. ყველანაირად ეცადეთ, მოერიდოთ.

დიეტა გულმავიწყობის წინააღმდეგ:
ძირითად კვებას ნუ გამოტოვებთ. თუ ნორმალურად ჭამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მსუბუქად წაიხემსეთ. ეს სისხლში შაქრის დონის აღდგენას ეხმარება, რომელზეც გონებრივი აქტივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. შემჩნეულია, რომ მეხსიერება დიეტაზე მყოფ ქალებში საგრძნობლად უარესდება. მიზეზი ისაა, რომ ტვინის მკვებავი გლუკოზა მათი რაციონიდან მთლიანად ამოღებულია. გარდა ამისა, დიეტის დროს ტვინი სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც მოკლებულია. მათ მიეკუთვნება უჯერი ცხიმჟავა ომეგა-3 (შეიცავს თევზი, მცენარეული ზეთი, თხილეული, მზესუმზირა), ხოლო ცხოველური ცხიმები ტვინის სისხლძარღვებს ქოლესტერინით ავსებს. ტვინის უჯრედების ცხიმოვანი ცვლისათვის ყოველდღიურად აუცილებელია F და U ვიტამინები, რკინა (ხორცი, ჩირი), კალციუმი (ყველი, თევზი, რძის პროდუქტები), მაგნიუმი (არაქისი, ნუში, ბანანი) და თუთია (ზღვის პროდუქტები, მზესუმზირა). მეხსიერებისთვის ყველაზე მეტად საჭიროა ი ჯგუფის ვიტამინები (შეიცავს შიგნეული, თხილეული, ფაფები, უცხიმო რძე და ხორცი).

ტვინი ამუშავეთ:
სადღეისოდ მეხსიერების გაუარესება პირდაპირ კავშირშია ინფორმაციის მოცულობის ზრდასთან. უკანასკნელ 10 წელიწადში ამ ორგანოზე დატვირთვა 3-ჯერ გაიზარდა. და მაინც, მეხსიერება წვრთნას ექვემდებარება. ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა მეხსიერების საუკეთესო ვარჯიშია. შემჩნეულია, რომ ხანგრძლივ მახსოვრობას ეხმარება “ნეირობიკა”. ის ტვინისთვის ისეთ სავარჯიშოებს გულისხმობს, როგორიცაა ოთახში თვალახვეული ორიენტირება, ჭურჭლის დარეცხვა ან შხაპის მიღება. ასევე ტექსტის დაწერა მარცხენა ხელით (ან მარჯვენით – მემარცხენისთვის). ეს უეშმაკო სავარჯიშოები ტვინის ორივე ნახევარსფეროს ავარჯიშებს და მრავალი წელი კარგ მეხსიერებას უზრუნველყოფს.

სასიამოვნო შთაბეჭდილებები გაიხსენეთ:
ყოველდღიურად სასარგებლო ჩვევაა კითხვა და წერა. ეს საქმიანობა არამხოლოდ მეხსიერებას ამყარებს, ასევე წიგნიერებას, თვალსაწიერსა და ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს.
მოუსმინეთ მუსიკას. ის აზროვნების სიჩქარეზე გავლენას ახდენს. ტვინზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ჯაზი და კლასიკა.
ხშირად იცინეთ. სიცილი ტვინის სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს. შედეგად, ინფორმაციის აღქმა უმჯობესდება.
იარეთ მუზეუმებში, გამოფენებზე, კონცერტებზე, იმოგზაურეთ – ნებისმიერი ახალი შთაბეჭდილება მეხსიერებას კვებავს, გამოფიტვის საშუალებას არ აძლევს.

სავარჯიშოები ტვინისთვის:
არსებობს მეხსიერების განსამტკიცებელი სპეციალური ფიზიკური სავარჯიშოები. ბევრი მათგანი მიმართულია კისრის განყოფილებაში სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად, რაზეც ტვინის კარგად მუშაობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
1. გაჭიმვა – სკამზე მჯდომმა ხელები ჯერ მაღლა, შემდეგ განზე ასწიეთ, ამავდროულად ზურგი ამოზნიქეთ. ასეთ პოზაში რამდენიმე წამი იყავით, შემდეგ მოდუნდით. სავარჯიშო 3–4–ჯერ გაიმეორეთ.
2. თავის ტრიალი – მჯდომარემ თავი წინ ნელა დახარეთ, ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ და თავი მაქსიმალურად უკან გადასწიეთ (8–10–ჯერ). შემდეგ ასევე აუჩქარებლად მარჯვნივ–მარცხნივ (5–8–ჯერ თითოეულ მხარეს) მიაბრუნეთ. სავარჯიშო თავის მარცხნივ და მარჯვნივ ნელა ტრიალით დაასრულეთ (4–5–ჯერ).

არომატები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებენ:
ცნობილია, რომ პიტნის სუნი ტვინის მეხსიერების ცენტრს ასტიმულირებს, ამიტომ დილით ფინჯანი პიტნის ჩაი სასიამოვნო და სასარგებლოა. ანალოგიური ეფექტი აქვს გვირილას ჩაის. ეთერზეთებიდან მეხსიერებას აუმჯობესებს როზმარინი, სალბი, ლიმონი, რეჰანი. შეგიძლიათ ისინი აბაზანაში ჩაამატოთ ან არომალამპაში გამოიყენოთ.