ბრძოლა სურდოს წინააღმდეგ
სურდო დაავადების სიმპტომია და არა დაავადება. მას ძირითადად გაციება იწვევს.
ადამიანი ყოველ 60 წამში 16-18 ჩასუნთქვას აკეთებს. ჰაერში კი უამრავი მტვერი, ალერგენი, ბაქტერია და ვირუსია. მათგან დაცვის პირველი ბარიერი ცხვირია.
ჩვეულებრივ პირობებში ეს უკანასკნელი კარგად უმკლავდება ჰაერში შემავალ უამრავ საშიშროებას, მაგრამ გაციებისას ცხვირის დამცველი მექანიზმი ვეღარ ებრძვის 200-ზე მეტი დასახელების რესპირატორული ვირუსის მასობრივ შემოტევას. ისინი კი მშვენივრად იბუდებენ ლორწოვან გარსში და იწყებენ გამრავლებას.
იმისათვის, რომ ლორწოვანი გარსი გათავისუფლდეს ვირუსებისგან, იწყებს ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფას, რომელიც გამორეცხავს მავნე ალერგენებს. ამ სადრენაჟო სისტემამ უფრო ეფექტურად რომ იმუშაოს, ლორწოსა და ვირუსების ფორსირებული გამოდევნისათვის ბუნებამ დაცემინება გამოიგონა.
სურდომ რომ არ დაგძლიოთ:
არ დაიზაროთ ვირუსის საწინააღმდეგო ნაყენის მომზადება. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილი, ძახველი, სალბი და ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ბალახის ნარევს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 2 საათი თერმოსში. შემდეგ გაწურეთ, გააცივეთ, დაუმატეთ 1-2 წვეთი ქაცვის ზეთი. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად დალიეთ 1 ჭიქა.
გასრისეთ წითელი ძახველის ან მოცვის ნაყოფი, შეურიეთ გემოვნებით თაფლი, დაუმატეთ ცოტა ადუღებული წყალი. გაციებისას ეს კოქტეილი, ჩაის ჭიქის მესამედი, დღეში სამჯერ დალიეთ.
რომ არ დაავადდეთ, მოამზადეთ შემდეგი მიქსტურა: დააქუცმაცეთ ნივრის 8 კბილი და გაუფცქვნელი ნახევარი ლიმონი, დაასხით 0,5 ლიტრი ანადუღარი გაცივებული წყალი და გააჩერეთ 4 დღე ბნელ ადგილას. ზამთარში, აპრილის დადგომამდე, ყოველდღიურად, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
თუ სურდო მაინც შეგეყარათ:
ნუ წახვალთ სამსახურში. სახლში დოლბანდაფარებულმა იარეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და ყოველდღიურად თბილი შხაპი. წყალი კარგად ჩამორეცხავს ინტოქსიკაციის პროდუქტს, რომელიც ოფლთან ერთად გამოიყოფა. “შეიარაღდით” ერთჯერადი ცხვირსახოცებით, ნაჭრის, ძალიან ლამაზი ცხვირსახოციც კი, მომენტალურად ვირუსების ბუდე ხდება.
ნუ შეჭამთ ბევრს, მოკრძალებული დიეტა (რძე და მცენარეული პროდუქტები) ზოგავს ენერგიას, რომელიც სურდოსთან საბრძოლველად გჭირდებათ. არ დაივიწყოთ სახლის განიავება, სუფთა ჰაერი ძალიან სასარგებლოა.
სურდოს ექსპრესმკურნალობა:
ყველამ იცის, რომ სურდოს, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, ერთი კვირა უნდა “დაუთმოს”. მიუხედავად ამისა, არსებობს ექსტრემალური მეთოდები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში მწყობრში ჩაგაყენებთ.
მენთოლი და პიტნა – ამ ნივთიერებების შემცველი აბები დროებით მაინც გაგათავისუფლებთ სურდოსგან, იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი შეხვედრა გაქვთ.
აბაზანა – 38-39 გრადუს ცხელ წყალში გახსენით 4 კოლოფი სუფრის მარილი (მსხვილი) და ჩაწექით აბაზანაში 30-40 წუთით. მუდმივად ამატეთ ცხელი წყალი. ასეთი აბაზანა გაგათბობთ, ხელს უწყობს ნოტიო ჰაერის ინჰალაციას და ამცირებს სურდოს. ღამით საწოლში მეორე ბალიშიც დაიდეთ, რითაც შეამცირებთ ცხვირის “გაჭედვას” და გამონადენს.