საშვილოსნოსგარე ორსულობა
საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზი ერთგვარი განაჩენია – ბავშვი აღარ დაიბადება! ის უადგილო ადგილას ლამობდა განვითარებას.
ადგილი, სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უნდა ჩაინერგოს და ნაყოფი განვითარდეს, საშვილოსნოს ამომფენი გარსია. თუ ასე არ მოხდა – ახალჩასახულ ორგანიზმს, ჯერ კიდევ რამდენიმე უჯრედისგან რომ შედგება, გზა აებნა და ფალოპის მილში მოიკალათა – ექტოპიური ანუ საშვილოსნოსგარე ორსულობა ჩამოყალიბდება.
ნორმალური ორსულობა ასე იწყება: კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს საშვილოსნოსა და საკვერცხეს შორის გადაჭიმულ კვერცხსავალ მილში ხვდებიან, ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთად, ხელიხელჩაკიდებულები და გენეტიკურინფორმაციაგაცვლილები, მიიწევენ საშვილოსნოს ღრუსკენ, სადაც უახლოესი ცხრა თვის განმავლობაში უნდა დაიდონ ბინა.
ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ან ფალოპის მილში რჩება, ან მუცლის ღრუში გადაინაცვლებს, ან სულაც საკვერცხეში ამოყოფს თავს. გზააბნეული ზიგოტა (ასე იხსენიებენ სამედიცინო წრეებში განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს) სათანადოდ ვერ ვითარდება, მაგრამ იზრდება და იოლი მისახვედრია, რამხელა საფრთხეს უქადის ქალის ჯანმრთელობას. ასე რომ, განაჩენი ერთადერთია – ორსულობა უნდა შეწყდეს.
საშვილოსნოსგარე ორსულობის პირველი ნიშნებია:
- ვაგინალური (საშვილოსნოდან) სისხლდენა, მხოლოდ წვეთ-წვეთად;
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
- სპაზმის შეგრძნება მცირე მენჯის ღრუს ცალ მხარეს.
თუ ფალოპის მილი დაზიანდა (ჩანასახი გაიზარდა და მილი გახვრიტა), თავს იჩენს მუცლის ძლიერი, დანის ჩარტყმის მსგავსი ტკივილი, რასაც საშოდან ძლიერი სისხლდენა მოჰყვება. ამას დაერთვის მოთენთილობა, თავბრუხვევა და შესაძლოა, ქალმა გონიც კი დაკარგოს.
აშშ-ის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველი 1000 ორსულობიდან 20 საშვილოსნოს გარეთ ვითარდება.
რა აიძულებს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, საშვილოსნოს გარეთ ამოყოს თავი, უცნობია.
ყველაზე ხშირად ფალოპის მილში არსებულ შეხორცებებსა და სხვა დაზიანებებს სდებენ ბრალს, ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია:
- ექტოპიური ორსულობის სხვა შემთხვევები (თუ ქალს უკვე ჰქონდა ანალოგიური პრობლემა, შესაძლოა, განმეორდეს);
- ანთებები და ინფექციები. მენჯის ანთებითი დაავადებები (წესისამებრ, ჩართულია ფალოპის მილი, საკვერცხეები, საშვილოსნო) ექტოპიური ორსულობის ერთ-ერთი მძლავრი რისკფაქტორია. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდან კი დამნაშავედ გონორეა და ქლამიდიოზი აღიარეს.
- ზოგიერთი გინეკოლოგიური პრობლემა. ასეთად კი ენდომეტრიოზი მოიაზრება. ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) უადგილო ადგილას იწყებს განვითარებას.
- ფერტილური პრობლემები. თუ ქალს უნაყოფობის გამო ჩასახვის მასტიმულირებელი მედიკამენტების მიღება უწევს, შესაძლოა, საშვილოსნოსგარე ორსულობა განუვითარდეს.
- სტრუქტურული პრობლემები ანუ ფალოპის მილის უჩვეულო ფორმა ან დაზიანება. კვერცხსავალი უმეტესად ოპერაციის შედეგად ზიანდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ექტოპიური ორსულობის მიზეზად თვით ფალოპის მილის სტრუქტურის აღმდგენი ოპერაციაც იქცეს.
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. კონტრაცეპტივების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ქალი დაორსულებისგან დაიცვას, მაგრამ თუ მეთოდმა “არ იმუშავა” და ქალი მაინც დაორსულდა, ორსულობა ხშირად საშვილოსნოს გარეთ იღებს სტარტს. ყველაზე ხშირად ამგვარ პრობლემას სპირალი ქმნის.
საშვილოსნოსგარე ორსულობა იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ხელმეორედ ვეღარ დაორსულდება, მაგრამ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, შედეგი ძალზე სამწუხარო აღმოჩნდეს – ქალის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
დიაგნოზის დასასმელად ჩივილების მოსმენა და ხელით გასინჯვა არ კმარა. უადგილო ადგილას მიმაგრებულ ჩანასახს ულტრაბგერა ავლენს.
თუ ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობა ეს-ესაა დაიწყო, შესაძლოა ოპერაციული ჩარევა არც კი გახდეს საჭირო – მეთოტრექსატის ინექციაც საკმარისი აღმოჩნდეს. ამ მედიკამენტის ზემოქმედებით ჩანასახოვანი ქსოვილი ზრდას წყვეტს და თანდათან გაიწოვება.
ინექციის შემდეგ საჭიროა სისხლში ორსულობის ჰორმონის შემოწმება. თუ მისი არსებობა კვლავ დადასტურდა, ინექცია ხელახლა უნდა გაკეთდეს.
უმეტესად კი ექტოპიური ორსულობის შესაწყვეტად ლაპაროსკოპულ ოპერაციას მიმართავენ: მუცელზე კეთდება პატარა ნასვრეტი, საიდანაც ფალოპის მილში აღწევენ და ზედმეტ ქსოვილს იღებენ. თუ კვერცხსავალი დაზიანებულია, თანაც ისე, რომ აღარ აღდგება, მას ამოკვეთენ.