ორსულობა და მშობიარობა

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მშობიარობას

გართულებები - მშობიარობასაკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა მშობიარობას გარკვეული სახის გართულებები მოსდევს.

ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ რა სიმპტომები აქვს გართულებებს, როგორია მათი კლინიკური სურათი და როგორ ხდება მათი მკურნალობა.

გვესაუბრება ექიმი, მეან–გინეკოლოგი გიორგი დოლიძე:

– რამდენადაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, არსებობს ფიზიოლოგიური და ხელოვნური მშობიარობის ტიპები. სანამ თემას შევეხები, მინდა ვთქვა, რომ თუ მართლაც პირდაპირი ჩვენება მშობიარობის მართვის ტაქტიკის შეცვლა (საკეისრო კვეთა) არ არის, აჯობებს მშობიარობა ფიზიოლოგიურად წარიმართოს. ამ ყველაფერს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ დღესდღეისობით ქალთა უმეტესობა შვილის გაჩენის მარტივ მეთოდს – საკეისრო კვეთას ირჩევს, რაც გაცილებით ადვილი გადასატანია, ხოლო თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, ამაზე ზემოთ აღნიშნული ქალბატონები არ ფიქრობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო გართულება, არა მარტო მეან–გინეკოლოგებისთვის, არამედ ზოგადად ყველა მიმართულების ექიმებისთვის, სისხლდენაა.

– რა იწვევს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას?

– სისხლდენის ერთ–ერთი მიზეზი მშობიარობის შემდგომ პერიოდში, არის პლაცენტის არასრული მოშორება და მისი გამოძევება, რაც საშვილოსნოს ღრუდან სისხლდენას იწვევს. პლაცენტა ინტიმურად არის დაფიქსირებული საშვილოსნოს ღრუში, კერძოდ, ფუძეზე და მისი ევაკუაცია ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, გართულებების გარეშე ხდება. მაშინ, როდესაც პლაცენტის არასრული გამოძევება ხდება, ანუ პლაცენტის გარკვეული ფრაგმენტი ღრუში რჩება, სისხლდენის მიზეზი ხდება. როდესაც პლაცენტის გამოძევება ხდება, მასსა და საშვილოსნოს შორის არსებული სისხლძარღვები, რომელთაც სპირალის ფორმა აქვთ, წყდება მისი ფიზიოლოგიურად შევიწროების ადგილას, რაც სისხლძარღვის ადვილად დათრომბვას უწყობს ხელს. თანამედროვე სამედიცინო შეხედულებებითა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, დიდი მინიშვნელობა ენიჭება მშობიარობის შემდგომ ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას, თუ, რა თქმა უნდა, პლაცენტის არასრულ გამოძევებაზე არსებობს ეჭვი. თუმცა, ბევრი ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ქალებს სისხლდენა 5–7 დღის შემდეგ დაწყებიათ, ზემოაღნიშნული პათოლოგიის გამო.

ულტრაბგერითი კვლევის დროს გხვდება შემდეგი ულტრაბგერითი სურათი:

  1. საშვილოსნოს ღრუში დიდი რაოდენობით სისიხლის კოლტების არსებობა და მათი არადინამური ევაკუაცია;
  2. საშვილოსნოს ღრუს დილატირბულია;
  3. პლაცენტარული ქსოვილის არსებობა საშვილოსნოს ღრუში;
  4. საშვილოსნოს ზომების შეუსაბამობა ორსულობის შედგომ ვადასთან.

ყველა ეს ცვლილება შეიძლება სისხლდენის მიზეზი იყოს. ზემოთ აღნიშნული გართულება (სისხლდენა) ქალს შეიძლება სახლის პირობებში დაეწყოს. ამ შემთხვევაში პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს და არ შეეცადოს სისხლდენის თავად შეჩერებას.

აუცილებელად უნდა ვისაუბროთ ორსულობის შემდგომ იმ მძიმე გართულებებზეც როგორიცაა ენდომეტრიტი, მასტიტი, რომელიც ძალიან ამძიმებს მშობიარობის შემდგომ პერიოდს.

ზემოთ აღნიშნული დაავადებები ძირითადად ადამიანის ორგანიზმში არსებული იმ მიკრობებისგან ვითარდება, რომლებიც ქალის კანზე – ლორწოვან გარსზე ბინადრობენ და არავითარ პრობლემას არ უქმნიან პატრონს, ხოლო როცა მშობიარობა რთულდება სისხლდენით, პოსტ–ოპერაციული ანემიით, პოსტ–ოპერაციული ტრავმებით და ამ ფონზე იმუნიტეტი და დამცავი მექანიზმები ქვეითდება, ზემოთ აღნიშნულ მიკრობებს საშუალება ეძლევათ დაუძლურებულ ორგანიზმს მიაყენონ ზიანი.

სისხლდენა მშობიარობის დროს, ანემია, ავიტამინოზი, სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა, პლაცენტარული ნარჩენები, სარძევე ჯირკვლის დვრილების დაზიანება (დახეთქვა), ხანგრძლივი უწყლო პერიოდი – სწორედ ეს ფაქტორებია ხელისშემწყობი ორსულობის შემდგომი ინფექციის განვითარებისთვის.

– რა არის ორსულობის შემდგომი ენდომეტრიტი?

– ერთ–ერთ ყველაზე ხშირ გართულებად ორსულობის შემდგომი ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ღრუს ანთება) მიიჩნევა. გამოყოფენ ენდომეტრიტის სუფთა ფორმას (რომელიც იშვიათად გვხვდება – შემთხვევათა 15%–ში; იგი პლაცენტარული ქსოვილის ნარჩენებისგან არ ვითარდება) და შერეულ ფორმას. ანთების მიზეზი აგრეთვე შეიძლება საშვილოსნოს ღრუში სისხლის კოლტების არსებობა და ნაკერები (კეტგუტის ძაფებით, რომელიც ცხოველური შენებისაა) იყოს. გამოყოფენ სუსტ, საშუალო და მძიმე ხარისხის ენდომეტრიტებს. როგორც წესი, ეს სამი ფორმა ერთმანეთისგან განსხვავდება გამოხატულების ხარისხით, ინტოქსიკაციის ხარისხით, რაც განპირობებულია ბაქტერიების, ვირუსებისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედებით ორგანიზმები. მისი სიმპტომებია მშობიარობის შემდეგ მომატებული ტემპერატურა (ძირითადად, პირველიდან მეშვიდე დღემდე). ენდომეტრიტის მსუბუქი ფორმის დროს, ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებს, ხოლო მძიმე ფორმების დროს, ტემპერატურის მატება მეორე დღეს იჩენს თავს და ტემპერატურა 40–41 გრადუსამდე ადის, რაც ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ღია წითელი ფერის გამონადენი საშოდან, რომელიც ხანგრძლივად – 14 დღის მანძილზე გრძელდება. საშვილოსნო ცუდად იკუმშება და არ ემთხვევა ორსულობის შემდგომი პერიოდის ვადას. საერთო ინტოქსიკაციის სურათია: ცხელება, ტემპერატურის მატება, უმადობა, თავის ტკივილი. სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტების მომატება (ლეიკოციტოზი) აღინიშნება, ულტრაბგერითი კვლევით (თუ, რა თქმა უნდა, პათოლოგია გამოწვეულია პლაცენტარული ნარჩენებით) პლაცენტარული ნარჩენები საშვილოსნოს ღრუში ვიზუალიზდება.

– როგორ უნდა ჩატარდეს მკურნალობა?

– ცერვიკალური არხის გაფართოება და საშვილოსნოს ღრუში არსებული შიგთავსის ევაკუაცია მკურნალობის ერთ–ერთი უმთავრესი ეტაპია. თუ შიგთავსი დიდი რაოდენობით არის და მისი ევაკუაცია ადვილად ვერ ხერხდება, საშვილოსნოს ღრუს ვაკუმო–ასპირაციასა და ღრუს კიურეტაჟს (გამოფხეკა) მიმართავენ. უმნიშვნელოვანესია, პროცესში ანტიბიოტიკო და ანტიბაქტერიული თერაპია, აგრეთვე ინფუზიოთერაპია (დეზინტოქსიკაციური საშუალებები) ჩაერთოს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორად წარმართვის შემთხვევაში, პაციენტის გამოჯანმრთელების შედეგი გარანტირებულია.

– რა არის ორსულობს შემდგომი მასტიტი?

– ეს პათოლოგია ნამშობიარები ქალების 2–3%–ში გვხვდება. ძირითად შემთხვევაში, პირველი მშობიარობის დროს. იგი ორსულობიდან მეორე, მესამე კვირის თავზე იჩენს თავს. ამ პათოლოგიის ძირითადი გამომწვევი ოქროსფერი სტაფილოკოკი გახლავთ. დაინფიცირების მექანიზმი მარტივია, იგი იჭრება სარძევე ჯირკვლის დაზიანებულ უბნებში და იწვევს ქსოვილის სულ უფრო და უფრო ღრმა დაინფიცირებას. მასტიტი შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი ასევე ორმხრივი.

– რა სიმპტომები ახასიათებს?

– ტემპერატურის მატება 38–39 გრადუსამდე, სარძევე ჯირკვლის ლოკალური ხასიათის ტკივილი, ძირითად შემთხვევაში, კვანდრანტების მიხედვით (სარძევე ჯირკვალს აქვს ოთხი კვანდრატი) თუ, რა თქმა უნდა, პროცესი შორსწასული არ არის, პალპატორულად (ხელით გასინჯვა) მტკივნეული, გამაგრებული უბნები. საერთო ინტოქსიკაციის სურათია: ცხელება, უმადობა, თავის ტკივილი. მისი პროფილაქტიკა იწყება ორსულობის ადრეული პერიოდიდან, რაც გულიხმობს ორსულობის მართვას, რაციონალურ კვებას, ძუძუთი კვების წესების დაცვას, ლაქტოსტაზისა და ძუძუზე ნახეთქების დროულ მკურნალობას, პირადი ჰიგიენის დაცვას, ჰაერის აბაზანების მიღებას 10–15 წუთის მანძილზე ძუძუთი კვების შემდეგ.