ორსულობა და მშობიარობა

როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული

როგორ უნდა იკვებებოდეს ორსულიორსულმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ყველაფერი, რასაც კი მიირთმევს, ნაყოფის განვითარებაზე მოახდენს გავლენას. რომელ პროდუქტებს უნდა ერიდოს მომავალი დედა და რა ჩართოს თავის რაციონში?

გვესაუბრება გინეკოლოგი ლელა რუხაძე:

– ორსულისთვის კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ დედის რაციონსა და დღის რეჟიმზეა დამოკიდებული ნაყოფის ჯანმრთელობა. თუმცა კვება მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულობისას. თუ მომავალი დედა არაჯანსაღად იკვებებოდა და, საზოგადოდ, მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდა, ეს აუცილებლად გამოიღებს უარყოფით შედეგს.

სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ორსულობისას 19-22 წლის გოგონებს აქვთ – ეს სწორედ ის თაობაა, რომლის ბავშვობამ ყველაზე მძიმე წლებში განვლო. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ორსულობის პერიოდში მაინც უზრუნველვყოთ ჯანსაღი რეჟიმითა და კვებით.

ორსულის რაციონის აუცილებელი კომპონენტია კალციუმით მდიდარი საკვები. დაორსულებამდე ქალს კალციუმის უკმარისობა მაინცდამაინც არ აწუხებს, მაგრამ დაორსულებისთანავე მისი დეფიციტი მომავალ დედას პრობლემების პირისპირ აყენებს.

– რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ელემენტი ორსულებისთვის?

– გარდა იმისა, რომ კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის, ამ ნივთიერების გარეშე შეუძლებელია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ჩამოყალიბება.

– რა იწვევს კალციუმის დეფიციტს მომავალი დედის ორგანიზმში?

– უკმარისობა თავს იჩენს, როდესაც ორსული საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის კალციუმს. ამას ერთვის ნერვული სტრესები, ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კალციუმის შეწოვასა და ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს D ვიტამინი, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის აბაზანების მიღება. ორსულმა ყოველდღე უნდა ისეირნოს.

თუ მომავალი დედის ორგანიზმში არ არის საკმარისი კალციუმი, ნაყოფი ჩონჩხის ჩამოსაყალიბებლად ორსულის ძვლებში არსებულ კალციუმის მარაგს მოიხმარს, ეს კი კალციუმის დეფიციტს გამოიწვევს, რაც პირველ დარტყმას ქალის ძვლოვან სისტემასა და კბილებს აყენებს. იზრდება ძვლების მოტეხილობის რისკი, იწყება პაროდონტიტის ჩამოყალიბება. ალბათ, გსმენიათ, რომ ორსულები კბილების გაფუჭებას უჩივიან. საქმე ის არის, რომ ორსულობისას კალციუმის დეფიციტის გამო მინანქარი ზიანდება, მყიფე და მტვრევადი ხდება.

ყოველივე ამის გამო ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ კბილებსა და ღრძილებს. როგორც კი იგრძნობთ, რომ პირის ღრუში პრობლემებმა იჩინა თავი, სტომატოლოგს მიმართეთ, საქმე კბილების სერიოზულ დაზიანებამდე რომ არ მიიყვანოთ.

– როდის იწყება ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება?

– ორსულობის მე-6-7 თვიდან. კალციუმი კი ნაყოფის თითქმის ყველა ქსოვილის ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ის მონაწილეობს ჩონჩხის, კბილების, თვალების, ყურების, კანის, თმის, ფრჩხილების, ნერვული სისტემის, გულისა და სხვა კუნთოვანი ორგანოების ჩამოყალიბებაში.

გაითვალისწინეთ, რომ კალციუმის არც გადაჭარბებული მიღებაა მიზანშეწონილი. ამიტომ უმჯობესია, ორსულმა კვების რაციონი ექიმთან შეთანხმებით შეადგინოს და ორსულობის ბოლომდე მისდიოს. ორსულმა, ასევე თვალყური უნდა ადევნოს საკუთარ წონას, რადგან დედის ზედმეტმა კილოგრამებმა, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობასაც ავნოს.

ექიმი გვირჩევს:

ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს კალციუმის შემცველი პროდუქტები. ჩვენი ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს, ამიტომ იგი გარედან უნდა მივიღოთ. ორსულებისთვის ამ ელემენტის დღიური ნორმა 1000-1200 მგ-ია. კალციუმის ძირითადი წყაროა: რძე და რძის ნაწარმი – ყველი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი; ბოსტნეული – კომბოსტო, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, ყვავილოვანი კომბოსტო; ხილი – მოცხარი, მარწყვი, ბალი, გარგარი.

ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია ასევე ფოსფორით მდიდარი საკვების (თევზეულის) მიღება.

ორსულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პირის ღრუს, რეგულარულად, დილა-საღამოს, გაიხეხონ კბილები, გამოიყენონ ღრძილებიდან სისხლდენის საწინააღმდეგო სავლები საშუალებები.