ორსულობა და მშობიარობა

ორსულებო, ცურვა არ გეკრძალებათ!

ორსულებო, ცურვა არ გეკრძალებათ!ჩვენი რუბრიკის სტუმარი ავსტრიის ქალაქ ისბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი წლის განმავლობაში ექიმ-სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ქალბატონი მანანა ცაგარეიშვილი უკვე ცამეტი წელია მეან-გინეკოლოგად მუშაობს. ჩვეულებრივ ორსულებთან ერთად ბევრ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფეხმძიმეებსაც უტარებს კონსულტაციას.

რისგან უნდა შეიკავოს თავი, რა უნდა მიირთვას ზაფხულში დიდი რაოდენობით და რატომ არის დაშვებული ცურვა ორსულთათვის, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ჩვენთან ორსულების რაოდენობა დიდია, რადგან შობადობამ იმატა, ეს სტატისტიკურადაც დადგენილია. ამ კლინიკაში საქართველოს ყველა მხრიდან მძიმე ორსულები მოდიან. ვისაც რაიმე პათოლოგია აქვს, აქ იგზავნება, ამიტომ მუშაობა საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით საინტერესო ის ორსულები არიან, ვისაც სიმსივნე ჰქონდათ, მაგალითად, გვყავდა ერთი გოგონა, რომელსაც ჰქონდა თირკმლის სიმსივნე, რომელიც ბავშვობის ასაკში ჩნდება, ოპერაციაც გაკეთებული ჰქონდა, თუმცა მერე მეტასტაზები ფილტვში გადაუვიდა, ჩვენთან როცა მოვიდა, ოცი კვირის ორსული იყო, კატეგორიულად განაცხადა უარი ორსულობის შეწყვეტაზე და ბავშვიც გააჩინა.

– და ეს დაავადება შვილზე არ გადადის?

– ეს დაავადება ვერტიკალურად, ანუ დედიდან შვილზე არ გადადის, ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი. ამ დროს დედის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, ჩვენ ვაფრთხილებთ გოგონებს, რომ ორსულობამ შეიძლება შეამციროს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ან მშობიარობის პროცესში განვითარდეს სიკვდილი, ან შეიძლება, ორსულობა შეწყდეს. ასეთი პაციენტების უმრავლესობა მაინც მოითხოვს შვილის გაჩენას, ანუ თავის სიცოცხლეს განზრახულად სწირავს პირმშოს. ასეთი შემთხვევა უამრავი მქონია პრაქტიკაში. ასეთ ორსულებს უფასოდ ვემსახურები. მიმაჩნია, რომ ეს ხალხი ღმერთის გამოგზავნილია ჩემთან, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, მათ ხელი შევუწყო.

ერთ გოგონას ჰქონდა სისხლის სიმსივნური პათოლოგია, ძალიან მორწმუნე ოჯახიდან იყო, ორსულობის გაგრძელების შესახებ კონსილიუმი შედგა. მე თვითონ მოვიძიე ლიტერატურა ამ დაავადების მქონე ორსულობის შესახებ და ერთადერი შემთხვევა იყო აღწერილი იტალიაში, სადაც ორსულობამ 30 კვირამდე გასტანა. 30 კვირამდე მართლაც მივედით, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, მაგრამ ბავშვი რამდენიმე დღეში დაიღუპა.

– ფიზიოლოგიური მშობიარობა რომელი თვიდანაა მოსალოდნელი?

– ადრე იყო 40 კვირიდან, ახლა 36 კვირიდანაც გვხვდება. სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა ნაადრევი მშობიარობა, მე პირადად ვაბრალებ იმ ფაქტს, რომ ქალს ორსულობის დროსაც კი სტრესულ მდგომარეობაში უხდება აქტიურად მუშაობა. ამას მარტო სოციალურ მდგომარეობას ვერ დავაბრალებთ, ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც. ქალმა ბევრად მეტი ფუნქცია აიღო, ვიდრე ადრე ჰქონდა.

– თქვენი პაციენტები რამდენ ბავშვს აჩენენ?

– უმრავლესობა ორს აჩენს, თუმცა ბოლო დროს მესამეზეც მოდიან. 90-იან წლებში ორსულების რაოდენობა შემცირებული იყო, ახლა, საბედნიეროდ, მრავალშვილიანების რიცხვი გაიზარდა.

– რამდენად პრეტენზიულები არიან პაციენტები?

– ზოგადად ორსულები პრეტენზიულები არიან. ეს მათი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს, თუმცა საქართველოში პაციენტი გაცილებით მომთხოვნი გახდა, ვიდრე ეს იყო ჩვენი დედების თაობაში, ანუ 30 წლის წინ. ცუდი არ არის, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ხშირად აჭარბებენ. მთელ მსოფლიოში უჩივის ექიმს პაციენტი, თუმცა იქ ექიმი დაცულია, დაზღვევა უხდის თანხას, რომელიც სასამართლოში შეიძლება დასჭირდეს.

თანაც ყველას საკუთარი ადვოკატი ჰყავს. აქ, სამწუხაროდ, არც ადვოკატებია და არც მსგავსი დაზღვევა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ხშირად პაციენტისგან აგრესია იგრძნობა. ჩვენ, ექიმები ხშირად ჟურნალისტებსაც ვადანაშაულებთ მსგავსი სიტუაციების დროს, მაგალითად, თუ ნაყოფი დაიღუპება, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, როგორც პაციენტები, ასევე ჟურნალისტები, ბრალს ექიმს სდებენ, რაც მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. პაციენტი ექიმის რწმენას კარგავს, ექიმსაც დაძაბულს უწევს მუშაობა. ამას ზოგჯერ ფატალურ შედეგამდე მივყავართ.

– ახლა მოდით, კურიოზული შემთხვევები გავიხსენოთ…

– კი ბატონო, მქონდა ასეთი შემთხვევა. ორსული გოგონასათვის საშვილოსნოს ყელი უნდა დამეთვალიერებინა, როცა მას ვთხოვე, გარეთ დამელოდე და ყელს შეგიმოწმებ-მეთქი, მიპასუხა, ქალბატონო მანანა, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ გლანდებს არასოდეს შევუწუხებივარო (იცინის).

ხშირად გოგონები შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ მოდიან და მეკითხებიან, ვარ თუ არა ქალიშვილიო. ჩვენ ვეკითხებით, ჰქონდათ თუ არა კავშირი მამრობით სქესთან. ერთ-ერთმა მითხრა, ჩემი პარტნიორი შემპირდა, ისე დავამყარებ შენთან სქესობრივ ურთიერთობას, ქალიშვილი დარჩებიო (იცინის) და მეც მაჯერებდა, ექიმო, ნახეთ ქალიშვილი უნდა ვიყოო (იცინის).
ხშირად მეუღლეები გვთხოვენ, თუ შეიძლება, ჩემს ცოლს დამამშვიდებელი დაუნიშნეო, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ზოგ ორსულს ისე გამოუყვანია მეუღლე წყობილებიდან, ჩვენთვის უთქვამს, იქნებ, მე დამინიშნოთ დამამშვიდებელიო (იცინის).

– ახლა ზაფხული დადგა და სად ურჩევთ წასვლას ორსულებს?

– ეს მართალაც აქტუალური თემაა, ხშირად ორსულები გვეკითხებიან, ზღვაზე წავიდეთ თუ არაო. ზღვა არ არის სასურველი, ჯობია ორსულმა მთაში დაისვენოს, რადგან ზღვაზე ხშირად ვაწყდებით ინფექციებს.

– ორსულებს ცურვა ეკრძალებათ?

– ორსულებს ცურვა ორსულობის დაწყებიდან დასრულებამდე არ ეკრძალებათ, თუ საქმე არ გვაქვს პათოლოგიასთან. ცურვის დროს მსუბუქდება სხეული და ადამიანი გარკვეულ სიამოვნებას განიცდის. ზღვაზე წასვლისგან კი ყველა ორსულს თავის შეკავებას ვურჩევ!

– რასაც შეეხება მზის აბაზანებს?

– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სანაპიროზე ჯდომა ნამდვილად არ არის რეკომენდებული.

– ზაფხულში ორსული როგორ უნდა იკვებებოდეს?

– უნდა მიირთვას ნატურალური საკვები. განსაკუთრებით ყველა სახეობის ხილი, თუ მას გარკვეული ხილის მიმართ ალერგია არ აქვს. ასევე აუცილებელია რძის ნაწარმის მიღება, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხაჭო, ცილოვანი პროდუქტია რეკომენდებული.