სასარგებლო რჩევები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გაზაფხულზე

კრონიკული დაღლილობაწელიწადის დროებს შორის გაზაფხული ყველაზე მძიმეა ადამიანის ორგანიზმისათვის. ამ პერიოდში პიკს აღწევს ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმი იძულებულია, დღე-ღამის რიტმის ცვლილებას შეეგუოს (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზამთრის “ძილიდან” გამოფხიზლდეს).

ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს ამინდის ხშირი ცვლილება – გაზაფხულზე ხომ ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა დღის განმავლობაშიც კი ძლიერ მერყეობს. გარდა ამისა, ზამთარში გადატანილი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების შემდეგ ორგანიზმი ბოლომდე მომჯობინებას ვერ ასწრებს. ყოველივე ეს კი საოცარ სისუსტესა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს აძლევს დასაბამს.

იმისათვის, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და სხვა უსიამოვნებები ვერ მოგერიოთ, გაზაფხულს ახალი შემართებითა და ცხოვრების ახლებური წესით უნდა შეხვდეთ:

  • მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი;
  • დროულად დაწვეთ დასაძინებლად და დილაობით აუცილებლად ივარჯიშოთ. ყოველივე ამას, ისევე როგორც ძილის ხანგრძლივობას, გაზაფხულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;
  • დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახოთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის;
  • საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდროთ ცილებით (მოხარშული ხორცი, თევზი) და ვიტამინებით (ხილი და ბოსტნეული).