ინფექციური დაავადებები, ორსულობა და მშობიარობა

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ორსულებში

 კორონავირუსი ორსულებშითსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელის, მეან-გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულების მიმღეობა კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ადამიანებთან შედარებით მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებებს, ორსულების შემთხვევაშიც იგივეა, რაც შეიძლება იყოს არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის. კერძოდ, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. ეს იქნება ხელის დაბანა, პირბადის ტარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეან-გინეკოლოგმა.

მისივე თქმით, ასევე, ჯერ-ჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა ეს ინფექცია ორსულებში.

„ჩვენ გვაქვს სხვა ვირუსები, რომელთა დროსაც ნაადრევი მშობიარობის, დაკარგული ორსულობის, მკვდრადშობადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არც არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ ეს შემთხვევები მართლაც კონკრეტული ვირუსებით იყო გამოწვეული. უმეტეს შემთხვევებში ორსულებში ასეთ გართულებებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით მე-2 და მე-3 ტრიმესტრის დროს. ვარაუდი, რომ აღნიშნული გართულებების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, არ არსებობს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული დედიდან ახალშობილზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ასევე, კორონავირუსი ზეგავლენას არ ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და ექიმები ასეთ დროს არც ძუძუთი კვებას ზღუდავენ, რადგან დედის რძეში კორონავირუსის არსებობა არ დაფიქსირებულა.

„ასეთ რეკომენდაციას ჩვენ არც გრიპის შემთხვევაში არ გავცემთ, რომ დედამ ახალშობილის ძუძუთი კვება შეწყვიტოს. მთვარია, რომ დაცული იყოს რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის დროს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას და მათ შორის დედამ“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

©იმედინიუსი