ორსულობა და მშობიარობა

როგორ ებრძოლოს მომავალი დედიკო შეკრულობას

როგორ ებრძოლოს მომავალი დედიკო შეკრულობასორსულების დიდ ნაწილს კუჭის შეკრულობა აწუხებს.

რა იწვევს და როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ დელიკატურ პრობლემას? კუჭის შეკრულობამ შესაძლოა თავი იჩინოს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, მაგრამ, საბედნიეროდ, მისგან გათავისუფლება განსაკუთრებულ სირთულესთან არაა დაკავშირებული და მასთან გამკლავება დამოუკიდებლადაც შეიძლება.

შეკრულობა ნიშნავს კუჭის ყოველდღიურად მოქმედების შეფერხებას. ნორმის მიხედვით, კუჭმა დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა იმოქმედოს. თუ ეს ტენდენცია ორსულობის პერიოდშიც შენარჩუნებულია, ძალიან კარგია, მაგრამ თუ ადგილი აქვს გარკვეულ შეფერხებებს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები.

მიზეზები

რატომ სტანჯავთ მომავალ დედიკოებს პერიოდულად შეკრულობა? ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი ჰორმონალური ხასიათისაა, მეორე კი – მექანიკური.

თუ შეკრულობამ თავი იჩინა ორსულობის საწყის პერიოდში, როდესაც საშვილოსნო ზომაში განსაკუთრებულად მომატებული არ არის, ანუ ის ფიზიკურ ზეწოლას არ ახდენს ნაწლავებზე, მაშინ ამის მიზეზი ჰორმონალური ფონის უკან იმალება.

პროგესტერონი, რომელსაც მომავალი დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს, მუსკულატურის ტონუსს აქვეითებს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ორსულობა შენარჩუნდეს. პროგესტერონი გავლენას ახდენს ნაწლავების ტონუსზე, ვენების კედლებზე, ნაღვლის ბუშტზე, ანუ ყველა იმ ორგანოზე, რომლებიც მუსკულატურის გლუვი სტრუქტურით გამოირჩევიან.

მექანიკური მიზეზებით გამოწვეულმა შეკრულობამ შესაძლოა თავი იჩინოს ორსულობის მე–17–20 კვირაზე. ამ პერიოდისთვის საშვილოსნო ზომაში საკმაოდ გაზრდილია. თუ მომავალ დედიკოს კუჭ–ნაწლავის სისტემა მოწესრიგებული აქვს, შეკრულობის განვითარების ალბათობა მინიმალურია. თუ მომნელებელ სისტემაში პატარა ხარვეზები არსებობს, შესაძლოა ფუნქციური დისბალანსის გამო შეკრულობამ იჩინოს თავი. ეს პრობლემა მალევე უკვალოდ ქრება, როგორც კი ნაწლავები ახალ მდგომარეობასთან ადაპტირდებიან.

სახიფათოა თუ არა

სერიოზული საფრთხე, რომელიც შეკრულობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც დედის, ასევე ჩანასახისთვის, პრაქტიკულად არ არსებობს. ის მხოლოდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს.

ხანგრძლივი და ძლიერი შეკრულობის შემთხვევაში ხდება ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რადგან სისხლი “გამოსასვლელად” მომზადებულ კომპონენტებს შეიწოვს. შედეგად იტვირთება ორგანიზმის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორიცაა თირკმლები და ღვიძლი. ინტოქსიკაციის გამო ხშირად ორსული სწრაფად იღლება და თავის ტკივილს უჩივის.

შეკრულობა ერთ–ერთი სერიოზული წინაპირობაა ბუასილის განვითარებისთვის. თუ ორსულს ეს პრობლემა უკვე აქვს, შეკრულობა მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ექიმის რჩევები

რა უნდა მოიმოქმედოს ორსულმა, რომ ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს? ექიმების რეკომენდაციები, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ერთი შეხედვით, ძალიან ბანალურია, მაგრამ ეს მითითებები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, რათა პრობლემა დაძლიოთ.

მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი. ნაწლავებისთვის მნიშვნელოვანია, საკვები პატარა ულუფობით ხშირად მიიღოთ. ეს გამოყოფის რეფლექსს უწყობს ხელს.

ყურადღება მიაქციეთ რაციონს. ეცადეთ, ისეთი საკვები მიირთვათ, რომელიც მდიდარია უჯრედისით – ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული.

ორსული საკმაო რაოდენობით უნდა იღებდეს სითხეს – წყალს, ნატურალურ წვენებს, წვნიან კერძებს. სასურველია, თუ დილით უზმოზე დალევთ თუნდაც ნახევარ ჭიქა თბილ წყალს. ეს ნაწლავებს ასტიმულირებს.

სასწრაფო დახმარების მიზნით შეგიძლიათ საღამოს მიირთვათ მაწონი და კეფირი. კარგია რკინის შემცველი პრეპარატების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ ანემია. მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს. ისინი შეკრულობის განვითარებას ხელს უწყობენ.

თუ შეკრულობა გახანგრძლივდა და სისტემატური ხასიათი მიიღო, აუცილებლად იქონიეთ სახლში ფინიკი და შავი ქლიავის ჩირი. ყოველ საღამოს ადუღებული წყალი დაასხით და დილამდე თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში სვით.

შეკრულობის არაჩვეულებრივი პროფილაქტიკაა ცხოვრების აქტიური წესი. აუცილებელია, ორსულმა ისეირნოს სუფთა ჰაერზე, შეასრულოს სპეციალური ვარჯიშები.

სიფრთხილით მოეკიდეთ ოყნის გაკეთებას. ამ პროცედურას თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე ნუ ჩაიტარებთ.

შეკრულობის თანმდევი პრობლემები

დისკომფორტის გარდა, ხშირი შეკრულობა დროთა განმავლობაში სხვა პრობლემების განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს, მაგალითად, მეტეორიზმის. მასთან გამკლავება შესაძლებელია დიეტის საშუალებით. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს პროდუქტები, რომლებიც აირების დაგროვებას უწყობს ხელს – ბოლოკი, კომბოსტო, ბალი, ყურძენი.

ბუასილი – ნახეთქები მტკივნეულია და მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი კუჭის მოქმედების რეგულარობა ირღვევა. ამიტომ, როცა მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებთ, პირველ რიგში, კუჭის მოქმედება უნდა დაარეგულიროთ.