ზაფხულის სიცხე და მედიკოსთა რეკომენდაციები
ზამთარში ვირუსებთან გვიწევს ბრძოლა, გაზაფხულზე – ალერგიასთან, ზაფხულში კი – ინფექციებთან.
მათგან თავის დასაცავად ხშირად ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია.
გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი ვიტალი ხარაშვილი:
– ზაფხულში უმთავრესად ნაწლავური ინფექციები ვრცელდება, მეტწილად – ვირუსული. ეს ადამიანთა გადაადგილებით არის გამოწვეული. ხალხი მიდის აგარაკებზე, სადაც წყალგაყვანილობა თუ კანალიზაცია ხშირად მოუწესრიგებელია, ამიტომ წყალი ხშირად ინფექციის წყაროდ იქცევა ხოლმე, მერე კი დაავადება უკვე ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. აგარაკებიდან დაბრუნებული ადამიანები არა მარტო თვითონ ავადდებიან, არამედ ინფექციის გადამცემებიც ხდებიან.
3-4 წლის წინ ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყებოდა ინფექციურ დაავადებათა აფეთქება, ბოლო ხანს კი ასეთი რამ, საბედნიეროდ, აღარ ხდება – წელს არც ერთი შემთხვევა არ აღმირიცხავს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აგარაკებზე წყალი კარგად იფილტრება და სუფთავდება, ამასთანავე, ადამიანებმაც ისწავლეს ჰიგიენის წესების დაცვა… ხორცსაც ნაკლებად ეტანებიან, – ხორცის ჭამა ძლიერი სიცხის დროს არ არის მიზანშეწონილი, – კარგად რეცხავენ ხილსა და ბოსტნეულს, ეს კი ინფექციური დაავადებისგან თავის დაცვის მთავარი ფაქტორია.
– თუ ნაწლავური ინფექცია მაინც დაგვემართა, როგორ მოვიქცეთ? რა სიმპტომები ახასიათებს ასეთი სახის ინფექციებს და რას ითვალისწინებს პირველადი დახმარება?
– ნაწლავური ინფექციის სიმპტომებია ღებინება, მაღალი სიცხე, მუცლის ძლიერი ტკივილი და შემდეგ ფაღარათი. ასეთ შემთხვევაში პირველადი დახმარების საშუალებაა რეჰიდრონი – მარილიანი ფხვნილი, რომელიც იხსნება წყალში.
იყიდება პატარა პაკეტებით და ძალიან იაფია. დიდი რაოდენობით რეჰიდრონის მიღება ორგანიზმში ინტოქსიკაციის მოხსნას უწყობს ხელს. მაღალი ტემპერატურის დროს კი სიცხის დამწევი პრეპარატები უნდა მივიღოთ.
თუ მდგომარეობა დამძიმდა, აუცილებელია ექიმის ჩარევა და შესაბამისი პროცედურების ჩატარება – კუჭის ამორეცხვა, გადასხმა და სხვა.
– რას ურჩევდით მშობლებს?
– როგორც გითხარით, მთავარია ჰიგიენის წესების დაცვა: ბავშვმა ხელები უნდა დაიბანოს ეზოში თამაშისა თუ ტუალეტით ყოველი სარგებლობის შემდეგ, ჭამის წინ. გარდა ამისა, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ საკვებს – კარგად გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული. თავი ვარიდოთ მალფუჭებადი პროდუქტების ყიდვას და მსუბუქი საკვები მივირთვათ.
რჩევები მათთვის, ვისაც ზაფხულის სიცხის ატანა უჭირს
ჰაერის ტემპერატურის მატებამ ჩვენს თანამოქალაქეებს ახალი საზრუნავი გაუჩინა. ყველაზე მეტად მათ უჭირთ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს, თუმცა მცხუნვარე მზეს ჯანმრთელი ადამიანებიც ვეღარ უძლებენ.
ექიმი კარდიოლოგი თამარ ხურცილავა გვთავაზობს რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც სიცხის დროს გამოგვადგება:
– თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, ქუჩაში გასვლას უნდა ერიდოთ, განსაკუთრებით კი დღის 12-დან 17 საათამდე. ეცადეთ, ეს დრო გრილ შენობაში ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჩრდილში გაატაროთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, – დღეში ორ ლიტრამდე მაინც. ჰიპერტონიკებსაც ვურჩევ სითხის მიღებას, ოღონდ არა უმეტეს 1,5 ლიტრისა.