ზაფხულის მოსვლამდე
ზამთარში ორგანიზმი იფიტება, რადგან ნაზამთრალი სურსათი კვებით ღირებულებას კარგავს. ახალი ხილისა და ბოსტნეულის შემოსვლამდე დიეტოლოგები შემდეგ პროდუქტებს გვირჩევენ:
კარტოფილი
მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულებით გამოირჩევა. შეიცავს კალიუმის მარილებს და გამოიყენება როგორც მსუბუქი შარდმდენი. ახალგახეხილი უმი კარტოფილი უებარია დამწვრობის დროსაც.
სტაფილო
სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მაგალითად, სტაფილოსა და ოხრახუშის ნახარში კარგია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. წვენი რეკომენდებულია პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას. მაგრამ სტაფილოს დიდი რაოდენობით გამოყენებას დიეტოლოგები მაინც არ გვირჩევენ, რადგან, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
კომბოსტო
არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას. წყალში თანაბრად გაზავებული ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა პირის ღრუს ლორწოვანის ანთების დროს, ხოლო შაქრით დამტკბარი გამონაწური ბავშვებისთვის შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა.
ჭარხალი
დადებითად მოქმედებს სისხლწარმოქმნის, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას. უმი ჭარხლის წვენს ავიტამინოზის, ანემიის, სურდოს სამკურნალოდ იყენებენ. ახალგახეხილი ჭარხალი კარგია ჭრილობის, წყლულის მოსაშუშებლად.
მოცხარი
აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ღრძილებს. უმი, დაშაქრული და საზამთროდ შენახული კენკრა უამრავ ვიტამინს შეიცავს. შავი მოცხარი მდიდარია რკინის იმ ფორმით, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის მეტად სასარგებლოა ანემიის, რევმატიზმის, მხედველობის დაქვეითების დროს.