ორგანიზმი იოდის საჭირო დოზით მოამარაგეთ
ადამიანებში მიკროელემენტ იოდის უკმარისობა გულის შეკუმშვათა რიცხვს ამცირებს და სხეულის ტემპერატურას აქვეითებს.
ასევე, ქვეითდება იმუნიტეტი, იწყება თმის ცვენა, ნელდება მოძრაობა, ადამიანი ადვილად იღლება, სახე და კიდურები შეშუპებული აქვს, აღენიშნება ოფლიანობა, სისუსტე და მეხსიერების დაქვეითება.
ტვინს აუცილებლად სჭირდება იოდი, რომ მან შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება. ლოგიკურ აზროვნებას, კუნთების მოძრაობას, მეტყველების განვითარებას, ყურადღების კონცენტრაციას, მხედველობით მეხსიერებას, სმენითი ინფორმაციის სწორად აღქმას სისხლში იოდის ნორმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს.
ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ის დიდი რაოდენობით მოიპოვება მცენარეებშიც. ორგანიზმში მოხვედრილი იოდი წვრილი ნაწლავების წინა ნაწილიდან შეიწოვება და სისხლში გადადის. ცირკულაციაში მოხვედრილი ელემენტის ნაწილი კუნთებში, ნაწილი კი ფარისებრ ჯირკვლებში ხვდება.
როცა ამ მიკროელემენტის მიღებული ნორმა საკმარისია, ენდოკრინული პროცესები ადამიანის ორგანიზმში ნორმალურად მიმდინარეობს, სისხლში კი იოდის დონე მუდმივი რჩება.
იოდის დეფიციტის დროს მისი შევსება ყველაზე ადვილად საკვებით ხდება. მისი შემცველობით გამოირჩევა: ზღვის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, რძე, ყურძენი, კარტოფილი, ხორბალი, კეფირი, სტაფილო, სალათის ფურცლები, ბოლოკი, ჭარხალი, ნაღები, არაჟანი, სოია, ლობიო, ნიორი. გახსოვდეთ ისიც, რომ როგორც მისი ნაკლებობაა საშიში, ასევე საშიშია მისი ჭარბი დოზაც. ამიტომ, აუცილებლად აკონტროლეთ იოდის ნორმა ორგანიზმში.