ვის სჭირდება უმარილო დიეტა
მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად და შეუფერხებლად იმუშაოს.
ეს ნივთიერება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ კალიუმს, რაც ძალიან მავნებელია.
ზოგი ადამიანი, გაცილებით მეტი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.
ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი ორგანიზმში სითხის მარაგის საჭირო რაოდენობით შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ასევე, სისხლძარღვების მუშაობას უწყობს ხელს და აუცილებელია კუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვება კი ისეთივე საშიში და საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი.
ადამიანის ორგანიზმს დღეში დაახლოებით 13 გრამი მარილი ესაჭიროება. ჭარბი მარილის კომპენსირება ადვილად არის შესაძლებელი. უნდა იცოდეთ და დაიცვათ შემდეგი პირობა – წლის განმავლობაში მეტი ბოსტნეული ჭამეთ, გაზარდეთ სითხის რაოდენობა, სვით ისეთი წყალი, რომელიც მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.
ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას, ორგანიზმში სითხე გროვდება. ეს კი, შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება, აგრეთვე იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.
მარილის ძირითადი რაოდენობა საკვებიდან უნდა მიიღოთ. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება და იზრდება მოთხოვნა მარილზე, ჯანმრთელ ადამიანს კი ნაკლებმარილიანი და ნაკლებად მწარე საკვების მოთხოვნილება აქვს. უმარილო დიეტა ძალიან სასარგებლოა გაცხიმოვნების დროს. მაგალითად, ამ დროს ყველა კერძი მარილის გარეშე უნდა მოამზადოთ. აუცილებლობის დროს კი, მწიკვი მარილი მოაყარეთ მომზადებულ საკვებს.
საკვები უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, სუფრიდან ადგომისას კი ოდნავ დაუნაყრებლობის გრძნობა უნდა გქონდეთ.
უბრალო დიეტაში შეგიძლიათ შემდეგი პროდუქტები გამოიყენოთ: დღეში 200 გრამი ხორბლის პური, მჭლე ხორცი, თევზი, მოთუთქული ან უმი ბოსტნეული – კიტრი, კომბოსტო, თალგამი, ლობიო, პომიდორი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი; ასევე, ხილი, კენკროვნები, ხაჭო, კვერცხი, ჩაი და ყავა.
უმარილო დიეტის დროს იკრძალება: მაკარონი, შაქარი, ყურძენი, საზამთრო, ბანანი, შებოლილი პროდუქტი, ბურღულეული, მწარე და მჟავე საკვები.
უმარილო დიეტა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებების დროს გამოიყენება. ამ დროს უნდა მიირთვათ უმარილო, ორთქლზე მომზადებული კერძები. ასევე, იკრძალება შემწვარი საჭმელი, კარაქი და ზეთი კი მომზადების შემდეგ უნდა დაამატოთ. ამ დროს მკაცრად გამორიცხეთ ცხიმიანი, მწარე, შებოლილი პროდუქტები, მარინადები, ცხვრის ხორცი და საკონდიტრო ნაწარმი.