ტვინი უნიკალური ორგანოა
ისევე როგორც ნებისმიერ ორგანოს, მიუხედავად განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში.
თავის ტვინი შეიცავს 100 მილიარდ ნეირონს, რომელიც 16-ჯერ აღემატება დედამიწის მოსახლეობას.
ნეირონები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ და უზრუნველყოფენ ტვინის შეუფერხებელ, უწყვეტ მუშაობას, შედეგად, ტვინს შეუძლია ისეთი მოცულობის ინფორმაციის დაგროვება, რომელიც აღემატება 100 კომპიუტერის საერთო ინფორმაციას. ტვინის უჯრედებში დაგროვებული ინფორმაცია დალაგებულია “თაროებზე” და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ადამიანი.
თუმცა, ზოგჯერ ჩნდება პრობლემები, დროთა განმავლობაში ტვინის უნარი, გადაამუშაოს, დაიმახსოვროს და გაიხსენოს ინფორმაცია, თანდათან ქვეითდება…
ტვინმა რომ სრულფასოვნად იმუშაოს, საჭიროა მისი მუდმივად ვარჯიში. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და რეგულარული ვარჯიში შეგინარჩუნებთ ნათელ გონებას, მეხსიერებას და დაგიცავთ ალცჰაიმერის დაავადებისგან. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცხოველური ცხიმებით გაჯერებული რაციონი აუარესებს ტვინის მუშაობას და ხელს უწყობს ალჰცაიმერის დაავადების განვითარებას. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის (ღვინო, ლუდი და სხვ.) გამოყენება შლის ტვინის ნერვულ უჯრედებს, ასევე ნეგატიურად მოქმედებს ტკბილი გაზიანი სასმელები.
ტვინმა რომ არ გიღალატოთ და კარგად იმუშაოს, უნდა ჭამოთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, თევზი და მიიღოთ ზეითუნის ზეთი, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. რაციონში გაითვალისწინეთ ბურღულეული, ნიგოზი, დაღერღილი ხორბლის პური, სვით დღეში არანაკლებ 1,5 ლ სითხე (სასურველია, წყალი და ახალი წვენი).
მაგალითად, ბეტა-კაროტინით მდიდარი სტაფილოს წვენი ხელს უშლის ტვინის დაბერების პროცესს და უჯრედების დაშლას. ზოგიერთი სამკურნალო მცენარე ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მათ შორის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა გინკგოს ექსტრაქტი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის გადამტანი ძარღვების კედლების ელასტიკურობას, გაფართოებას, ამარაგებს ტვინს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით. ანალოგიური თვისებები აქვს: ჟენშენს, ნიორს, ცირცელს. მასტიმულირებელი ეფექტი აქვს კოფეინს. დღეში 2 ფინჯანი ყავა აჩქარებს თავის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესს. აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას.
ტვინს არა მარტო გონებრივი, არამედ ფიზიკური ვარჯიშიც სჭირდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული სპორტული ვარჯიშები ასტიმულირებს იმ უჯრედების ზრდას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებაზე.
ტვინისთვის საუკეთესო ვარჯიშია აერობიკა, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, ფეხით სიარული… რაც შეეხება ნეირობიკას, ეს არის ტვინის “მოთელვა”, რომელიც ააქტიურებს მის მუშაობას. მაგალითად: ტანსაცმელი ჩაიცვით ან იარეთ ოთახში თვალდახუჭულმა, გაიხეხეთ კბილები მარცხენა ხელით, ამ დროს ტვინის ის უჯრედები იწყებს მუშაობას, რომლებიც ადრე არ მონაწილეობდნენ პროცესში.
გადაღლილობა თავის ტვინის უჯრედების მუშაობას აფერხებს, რაც მეხსიერების დაქვეითებაში იჩენს თავს: ყველაფერი გავიწყდებათ, ვერ იხსენებთ, სად დადეთ გასაღები, ჩაიდანში შაქრის ნაცვლად მარილი ჩაყარეთ და ა.შ. ამ მდგომარეობას გამოასწორებს ძილი. საჭიროა იძინოთ დღე-ღამეში არანაკლებ 7-8 საათი. სასურველია, შუადღით ჩათვლიმოთ, ეს პროცესი აჩქარებს ახალი ინფორმაციის ათვისებას. არ მისცეთ უფლება თქვენს ინტელექტს – გაზარმაცდეს: ისწავლეთ ლექსები ზეპირად და უცხო ენა, ამოხსენით კროსვორდები შვილთან ერთად, ამოცანები, თავსატეხები, სუდოკუ, ააწყვეთ ფაზლები, ითამაშეთ ჭადრაკი…
ეს ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო საშუალებებია, რომლებიც 100%-ით უშლის ხელს თავის ტვინის და ზოგადად, დაბერების პროცესს.