სასარგებლო რჩევები

ჭუჭყიანი ხელები და პარაზიტული დაავადებები

ჭუჭყიანი ხელები ბოლო დროს იმატა იმ დაავადებების რიცხვმა (A ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზენტერია და სხვა), რომლებიც ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადადის.

ამას სწავლულები მოსახლეობის ხშირ გადაადგილებას, ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბეს, ჭუჭყიან წყალსატევებსა და ტბებში ბანაობას, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანების – ბუზების მომრავლებას უკავშირებენ.

ასევე, მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება უხარისხო საკვები პროდუქტების, წყლის, გაურეცხავი ბოსტნეულისა და ხილის ან სულაც, პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობის შემთხვევაში ანუ – დაუბანელი, ჭუჭყიანი, ფეკალური მასებით დაბინძურებული ხელების მეშვეობით.

პარაზიტული დაავადების საშიშროება განსაკუთრებით, წელიწადის თბილ პერიოდში მატულობს, რადგანაც ამ დროს იქმნება მიკრობის გამრავლებისა და განვითარებისთვის მეტად სასურველი პირობები, რაც პროდუქტების სწრაფად გაფუჭებას იწვევს.

როდის არის აუცილებელი ხელების საპნით დაბანა:

აუცილებელია ხელების დაბანა ხშირ-ხშირად და თითოეული დაბანისას საპონი ორჯერ უნდა წაისვათ.

ხელების საპნით დაბანა აუცილებელია:

  • ჭამამდე;
  • სამსახურიდან ან სეირნობიდან სახლში დაბრუნებისას;
  • განსაკუთრებული ყურადღება გვინდა მივაქციოთ ხელების საპნით დაბანას საპირფარეშოში შესვლის შემდეგ – მაშინაც კი, თუკი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ დაგიკმაყოფილებიათ. რატომ? – იმიტომ, რომ კარს, ონკანს, პირსაბანს, სადაც უამრავი ნაწლავური ინფექციისა თუ პარაზიტის კვერცხი ბუდობს, ნებსით და უნებლიეთ, უკვე შეეხეთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, დაიკმაყოფილეთ თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აუცილებლად გესაჭიროებათ ხელების დაბანა, თანაც – საპნით;
  • ფრჩხილები დაიჭერით ძირში, რადგან იქ ადვილად იბუდებს პარაზიტების კვერცხები;
  • შვილებს პატარაობიდანვე შეასწავლეთ პირადი ჰიგიენის ელემენტარული, მაგრამ ბევრისთვის დავიწყებული წესები;
  • გადააჩვიეთ პატარები ხელებისა და სათამაშოების პირში ჩადებას;
  • ბავშვს თეთრეული ყოველდღიურად გამოუცვალეთ. თეთრეული გარეცხეთ 60-გრადუსიან წყალში და გააუთოეთ;
  • საბავშვო სათამაშოები გარეცხეთ ან მტვერსასრუტით დაამუშავეთ.
  • ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს სტაფილო, მარწყვი, ბროწეულის წვენი, კაკალი, კრაზანის ჩაი – ისინი ორგანიზმს ჰელმინტებისაგან წმენდს;
  • ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი თეთრეული და პირსახოცი.

საკვები პროდუქტები და პარაზიტები

  • დაუშვებელია უმი ხორცისა და ნახევრად მოხარშული ხორცის, თევზის მიღება;
  • საკვები პროდუქტები, სასმელი და ჭურჭელი მუდმივად დაიცავით ბუზებისაგან;
  • ხილი და ბოსტნეული ჭამის წინ, გამდინარე წყალში გარეცხეთ და გადაავლეთ ანადუღარი წყალი;
  • საკვები პროდუქტები არ შეიძინოთ შემთხვევითი პირებისაგან, რომლებიც არასანქცირებულ ადგილებში ვაჭრობენ;
  • მკაცრად დაიცავით დამზადებული საკვებისა და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები;
  • დაუშვებელია ჭუჭყიან და მღვრიე წყალში ბანაობა;
  • პარაზიტული და მწვავე ნაწლავური დაავადებების მქონე ავადმყოფები, ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ;
  • სახლსა და ეზოში მუდმივად შეინარჩუნეთ სისუფთავე;
  • სახლის დალაგებისას გამოიყენეთ სარეცხი საშუალებები (ფხვნილები, სოდა, მდოგვი და ა.შ.), რომლებიც პარაზიტების კვერცხების მოსპობაში დაგეხმარებათ;
  • ხალიჩები გაწმინდეთ მტვერსასრუტით ან დაბერტყეთ;
  • რბილი სათამაშოები გაიტანეთ ყინვაში ან თაკარა მზეზე – 2-3 საათით.

ამ წესების მკაცრი დაცვა თავიდან აგაცილებთ ორალურ-ფეკალური გზით გადამდებ დაავადებებს.