ცოფი ანუ ჰიდროფობია
ცოფი ანუ ჰიდროფობია (წყლის შიში) მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს ინფიცირებული ცხოველისგან გადაედება. ცოფის ვირუსით თბილსისხლიანი ცხოველები ინფიცირდებიან.
ამრიგად, ჰიდროფობიისთვის განწირულნი არიან:
- ძაღლი
- კატა
- ძროხა
- თხა
- ცხენი
- ბოცვერი
- ზაზუნა
- ღამურა
- თახვი
- მელა
- მაიმუნი
ამერიკელების დაკვირვებით, მათ ქვეყანაში ცოფს ყველაზე ხშირად ღამურა, კოიოტი და სკუნსი ავრცელებენ. აი, ჩვენში კი ჰიდროფობიის მთავარი წყარო მაწანწალა ძაღლები და კატები გახლავთ.
ცივსისხლიანი ცხოველები (მწერები, ქვეწარმავლები) ცოფით არ ავადდებიან.
ცოფს ვირუსმატარებელი ცხოველი კბენისას ან დაკაწვრისას გადმოგვდებს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სხეულზე ნერწყვის უბრალო მოხვედრითაც დასნებოვნდეთ – კანზე არსებული მიკროტრავმებიდან ვირუსი სისხლში მოხვდეს.
კბენის შემდეგ ინფიცირება ყველაზე სწრაფად ტუჩებისა და თვალის ლორწოვანის დანერწყვის შემდეგ ხდება.
ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წლამდე, ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც, გრძელდება. საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლეა, როდესაც ადამიანს ძლიერ აქვს დაკბენილი სახე, თავი, ხელები. გარდა ამისა, დაავადება უფრო მალე იჩენს თავს ბავშვებში.
ცოფის პირველი ნიშნებია:
ქავილი, დაკბენილი ადგილის მჭრელი და მწვავე ტკივილი. ნაწიბური წითლდება და შუპდება, თავს იჩენს რევმატული ხასიათის ტკივილები, უმადობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, ყაბზობა. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 38-40 გრადუსამდე მოიმატოს.
რამდენიმე დღის შემდეგ იწყება აღგზნების პერიოდი:
- ავადმყოფს წყლის დანახვისთანავე შიში ეუფლება,
- ტანჯვისგან სახე ემანჭება,
- უვითარდება ხახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი,
- ხდება ძალზე აგრესიული,
- გარშემო ყველაფერს ამტვრევს,
- ბოდავს,
- უხვად გამოყოფს ნერწყვს.
აღგზნებას დამბლა მოსდევს, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით მთავრდება, რაც სიკვდილს იწვევს.
გახსოვდეთ: კბენის, დაკაწვრისა და დადორბლის შემთხვევაში, თუნდაც ცხოველი ჯანმრთელი გეგონოთ, უთუოდ მიმართეთ ექიმს, რადგან დაავადების ფარული პერიოდის უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ცოფის ვირუსი უკვე ნერწყვშია და არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველი ცოფით დაავადებული აღმოჩნდეს.
კბენისა და დაკაწვრის შემდეგ ცხოველს 10 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეთ (ცხადია, თუ შესაძლებელია, ანუ თუ ცხოველი არ დაიკარგა).
ცოფიან ძაღლს შემდეგი ნიშნებით ამოიცნობთ:
- ეცვლება ქცევა
- უმიზეზოდ ყეფს
- იფხანს ნაკბენ ადგილს
- არ ჭამს
- არ სვამს
- ღრღნის და ყლაპავს უჩვეულო საგნებს – ლურსმნებს, ქვებს, ჩვრებს…
ჩვეულებრივზე მეტად ელაქუცება პატრონს, სიბნელეში იმალება ან, პირიქით, აღგზნებულია. თუ დაბმულია, ცდილობს, აიწყვიტოს და თუ ნებას მისცემთ, დიდ მანძილზე გაიქცევა. უმიზეზოდ ესხმის თავს და კბენს ცხოველებს, ფრინველებს, უცხო ადამიანებს და პატრონსაც კი.
რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლს გამოაჩნდება დამბლის ნიშნები, ყეფს ხრინწიანი ხმით, ჩამოსდის დორბლი, ბარბაცით დადის, მიათრევს კიდურებს, უჭირს სუნთქვა, ბოლოს წაიქცევა და კვდება.
თუ ცხოველმა დაგკბინათ:
- ნაკბენი ჭრილობა საპნიანი წყლით დაიმუშავეთ და არა იოდითა და სპირტით.
- დროულად მიმართეთ ქირურგ-რაბიოლოგს, რომელიც ჭრილობას სათანადოდ დაამუშავებს და დროულად და კვალიფიციურად ჩაგიტარებთ ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) აცრებს. ამჟამად ვაქცინაცია 6-ჯერადია და 28 დღის განმავლობაში კეთდება.
- თუ ცხოველს ათდღიანი დაკვირვების შედეგად გაცოფების ვერავითარი ნიშანი ვერ შეატყვეთ, შესაძლოა, ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება არც კი დაგჭირდეთ. ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ექიმი მიიღებს.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ:
- ექვსი თვის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლიანი სასმლის მიღება, ლუდისაც კი. სასმელი ასუსტებს ცოფის ვირუსისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
- ერიდეთ გადაღლას, გადაცივებას, ზედმეტ ჩაფუთვნას.
- ზედმიწევნით დაიცავით კანის ჰიგიენა.
- ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 2 თვის განმავლობაში აკრძალულია ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრის ჩატარება, გარდა ანტიტეტანურისა.