გულ–სისხლძარღვთა სისტემა, დაავადებები

სტენოკარდია

სტენოკარდიასტენოკარდია (გულის ანგინა) არის გულის იშემიური დაავადების ერთერთი კლინიკური სინდრომი, რომელიც გამოწვეულია მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი შრე) გარდამავალი,არასაკმარისი სისხლმომარაგებით და ახასიათებს შეტევითი ხასიათის დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.

არსებობს სტენოკარდიის განვითარების მთელი რიგი ხელშემწყობი რისკ-ფაქტორები:

  • კორონარების (გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიები) ათეროსკლეროზული ცვლილებები;
  • არტერიების სანათურის შემცირება, რომელსაც იწვევს თრომბოციტების (სისხლის შემადგენელი უჯრედები) ერთმანეთთან მიწებებით წარმოქმნილი მრავალუჯრედიანი წარმონაქმნი ე.წ. აგრეგატი;
  • კორონარული არტერიების სპაზმი;
  • ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება);
  • მომატებული არტერიული წნევა (160/90 ვცხ. სვეტ. მეტი).

მიოკარდიუმის არასაკმარისი სისხლმომარაგებისას ჩნდება იშემიის კერები, ირღვევა წონასწორობა გულის კუნთში ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და არტერიული სისხლის ნაკადის დინებას შორის. აღნიშნული დისბალანსი საწყის სტადიაზე მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს ვლინდება, მოგვიანებით კი მოსვენების მდგომარეობისთვისაც ტიპიური ხდება.

კლინიკური გამოვლინებების მიხედვით არსებობს სტენოკარდიის სხვადასხვა ტიპი:

  • დაძაბვის სტენოკარდია, ამ დროს სტენოკარდიულ შეტევას იწვევს ფიზიკური დატვირთვა (აღმართზე ან კიბეზე ასვლა, სქესობრივი კავშირი), ემოციური სტრესი, ჭარბი საკვების მიღება. ამ ტიპს ეკუთვნის არტერიული ჰიპერტენზიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს განვითარებული სტენოკარდიული შეტევებიც. დაძაბვის დროს იზრდება მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე, რომელიც აღემატება ათეროსკლეროზით დაზიანებული გვირგვინოვანი არტერიის გაფართოების უნარს, სწორედ ამის გამო ვითარდება შეტევა.
  • მოსვენებითი სტენოკარდია, რომლის დროსაც ხდება გვირგვინოვანი არტერიების მნიშვნელოვანი სტენოზი (შევიწროება) და, შესაბამისად გვირგვინოვანი სისხლისმიმოქცევის გამოხატული უკმარისობა.

მიმდინარეობის სტაბილურობის მიხედვით სტენოკარდია არსებობს:

  • სტაბილური სტენოკარდია. ამ დროს შეტევები დაკავშირებულია რაიმე სახის დატვირთვასთან და მათი სიხშირე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იცვლება. გამოირჩევა ნელი პროგრესირებით.
  • არასტაბილური სტენოკარდია, რომლის დროსაც შეტევები აღინიშნება ხშირად და საკმაოდ ხანგრძლივია. ამ ტიპის  სტენოკარდიის დროს 20%-ში ვითარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

არსებობს სტენოკარდიის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც 1959 წელს აღწერა მ. პრინცმეტალმა, რის გამოც იგი პრინცმეტალის სტენოკარდიად მოიხსენიება. აღნიშნული ფორმის დროს შეტევები განსაკუთრებული ინტენსივობისაა და ვითარდება მოსვენების მდგომარეობაში, გვიან ღამით ან გამთენიისას. შეტევა ნიტროგლიცერინის მიღებით ყოველთვის არ ქრება, ამ შემთხვევაში ტკივილის მოსახსნელად ნარკოტიკული საშუალებები გამოიყენება. პრინცმეტალის სტენოკარდიას ახასიათებს სისუსტე, თავბრუ, ზოგჯერ ქოშინი. შესაძლოა აღინიშნოს სახის სისხლძარღვების სპაზმი და ფერმკრთალობა, გაძლიერებული ოფლიანობა, შარდვისა და დეფეკაციის სურვილი, გულისრევა, ნერწყვის დნა, შეტევის ბოლოს ხშირი შარდვა წყალწყალა შარდით. ამ დროს ხშირია მიოკარდიუმის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკი.

სტაბილური მიმდინარეობის შემთხვევაში აუცილებელია განისაზღვროს ავადმყოფთა გამძლეობის ხარისხი ფიზიკური დატვირთვის მიმართ.

გამოყოფენ ოთხ ფუნქციურ ჯგუფს:

I ჯგუფი – ფიზიკური აქტივობა ფაქტიურად შეუზღუდავია, შეტევა მხოლოდ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად ვითარდება (ველოერგომეტრიული გამოკვლევისას გამძლეობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ აღემატება 600 კგ. მ/წთ.)
II ჯგუფი – ავადმყოფთა ფიზიკური დატვირთვა რამდენადმე შეზღუდულია, შეტევები ვითარდება ჩქარი სიარულისა და კიბეებზე ასვლისას (ველოერგომეტრიული გამოკვლევით ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ შეადგენს 450-600 კგ. მ/წთ.).
III ჯგუფი – შეტევა ვითარდება სწორ გზაზე აჩქარებული სიარულისას და ერთ სართულზე ასვლისას. (ველოერგომეტრიული გამოკვლევით ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ შეადგენს 150-300 კგ. მ/წთ.).
IV ჯგუფი – შეტევები შეიძლება განვითარდეს 100 მ. მანძილზე ნელი სიარულისას (ველოერგომეტრიული გამოკვლევით ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ შეადგენს 150 კგ. მ/წთ.-ზე ნაკლებს).

სტენოკარდიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
  • ავადმყოფთა გამოკითხვა, რის საფუძველზეც ხდება შეტევის ხასიათის და სანგრძლივობის დაზუსტება, დგინდება შეტევის კავშირი ფიზიკურ დატვირთვასთან და ნიტროგლიცერინის ზეგავლენა შეტევების მოხსნაზე.
  • დატვირთვის სინჯები: მარტინეს ცდა – 30 წამში 20 ჩაბუქნა; მასტერის ცდა – ორსაფეხურიან კიბეზე დოზირებული ასვლა-ჩასვლა; ველოერგომეტრიული ცდა – რომლის დროსა დატვირთვას ზრდიან სუბმაქსიმალურ დონემდე;
  • რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რომლის დროსაც ინტრავენურად შეყავთ რადიოაქტიური იზოტოპი მიოკარდში  და განმეორებითი სცინტიგრაფიისას ავლენენ იშემიურ კერებს მიოკარდიუმში;
  • სელექტიური კორონაროგრაფია, რომელიც არის კონტრასტული გამოკვლევა და ტარდება შერჩევითად გულის მკვებავ არტერიებზე;
  • ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა.

სტენოკარდიის სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიაკითხოთ კარდიოლოგს, რომელიც ავადმყოფის პროფესიული თავისებურებების გათვალისწინებით, ფუნქციონალური ჯგუფიდან გამომდინარე, დანიშნავს საგანგებო დღის რეჟიმს, გამაჯანსაღებელ სამკურნალო ფიზკულტურას და შესაბამის მკურნალობას.

ექიმთან მისვლამდე შეტევის დროს უნდა მიიღოთ ნიტროგლიცერინი (ენის ქვეშ) და  მოერიდოთ ზედმეტ მოძრაობებს.