სინუსიტი
მწვავე სინუსიტი პარანაზალური სინუსების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაზიანებაა, რომელიც გამოწვეულია დახშულ ღრუში ბაქტერიების ზრდით, მისი ხანგრძლივობა 4 კვირაზე ნაკლებია. სინუსიტის განვითარება უხშირესად იწყება რინიტის ფონზე, რის გამოც მას ხშირ შემთხვევაში უწოდებენ რინოსინუსიტს.
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება დაავადების ანამნეზს, კლინიკურ სურათს, სიმპტომების ხანგრძლივობას, ობიექტურ გასინჯვას და, საჭიროებისას, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.
სინუსიტის არც ერთი კლინიკური ნიშანი დამოუკიდებლად არ არის სპეციფიური დიაგნოზის დასასმელად.
ბაქტერიული სინუსიტის კლინიკური ნიშნებია:
ზემო სასუნთქი გზების ინფექციის კლინიკა, რომელიც არ უმჯობესდება 10-14 დღის განმავლობაში და რომელსაც თან ახლავს 2 ნიშანი:
- ცხვირიდან ლორწოვან — ჩირქოვანი გამონადენი
- გახანგრძლივებული არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
ასევე შესაძლებელია:
- ცხელება;
- ხველა;
- აგზნება;
- სახის ტკივილი;
- სახის შესიება ან ერითემა დაზიანების არეში;
- მგრძნობელობა სინუსის პალპაციის ან პერკუსიის დროს (პალპაციისას მცირე ასაკის ბავშვებში სახის ტკივილი და სინუსის მგრძნობელობა არ ვლინდება, თუმცა ეს სიმპტომები კარგი ინდიკატორია სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში);
- პერიორბიტალური შესივება;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის ერითემა ან შეშუპება;
- ძირითადი კბილების მგრძნობელობა;
- თანმხლები შუა ყურის ანთება ბავშვებში.
ძირითადი სიმპტომები, რომელსაც ეფუძნება დიაგნოზი არის:
- ზემო სასუნთქი გზების ინფექციის კლინიკა, რომელიც არ უმჯობესდება 10-14 დღის განმავლობაში;
- ცხვირით სუნთქვის ბლოკირება/ცხვირიდან გამონადენი (შეიძლება მხოლოდ ლორწოვანი, შესქელებული, ლორწოვან-ჩირქოვანი);
- პერსისტული ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით.
შედარებით იშვიათად ვლინდება გულისრევა, ყურის და ყელის ტკივილი, სახის ტკივილი, შეშუპება.
სინუსიტის მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ კლინიკურ სურათზე დაყრდნობით.
რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- მწვავე სინუსიტის დიაგნოზისას, თუ საეჭვოა სუბპერიოსტული ან ორბიტალური აბსცესი;
- მწვავე სინუსიტის დიაგნოზისას, თუ საეჭვოა ინტრაკრანიული გართულებები;
- თუ მკურნალობის მიუხედავად არ არის გაუმჯობესება და საჭიროა დიაგნოზის დადასტურება.
გაურთულებელი მწვავე სინუსიტის დროს სისხლის საერთო ანალიზის ან ნაზოფარინგიული კულტურის რუტინულად ჩატარება არ არის აუცილებელი.
მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.