დაავადებები, ინფექციური დაავადებები

გაციება

https://lh6.googleusercontent.com/-vPESI9XufQw/T0u42ZkhgrI/AAAAAAAACG4/-1O_F-J2Hu8/s386/prostuda.jpgგაციება განიხილება როგორც მწვავე, მსუბუქად მიმდინარე კატარული სინდრომი, რომელიც, როგორც წესი, არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.

გაციების გამომწვევი მიზეზებია _  ვირუსული (მიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები: პარაგრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი,  ადენოვირუსი, პიკორნავირუსი (რინოვირუსი) და კორონავირუსი) ინფექცია.

მოზრდილებში წლის განმავლობაში აღინიშნება გაციების 2-4 ეპიზოდი. ბავშვებში მისი სიხშირე შესაძლებელია 10-მდეც კი იყოს. მისი ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 24-72 საათი გამომწვევის ხასიათის მიხედვით.

გაციებისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

  • გამონადენი ცხვირიდან და ცხვირით სუნთქვის გაძნელება – რომელიც უხშირესი სიმპტომებია;
  • ყელის ტკივილი ან ფხაჭნის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი;
  • ხველა — აღინიშნება გაციების 30%-ში;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა;
  • თვალების წვა;
  • ყურის დაგუბება ან წნევის შეგრძნება;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ადრეული ასაკის ბავშვებში: აგზნებადობა და კვების გაძნელება ცხვირიდან გამონადენის გამო და დიარეა.

დიაგნოზი ემყარება ანამნეზს და დაავადების კლინიკურ ნიშნებს.

გაციების დროს რეკომენდებულია სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები,  აქცენტი უნდა გაკეთდეს სითხის ადექვატურ მიწოდებაზე, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში უფრო ხშირ კვებაზე.

რომ არ გაიპაროს რაიმე გართულება, მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც გაატარებს დიფერენციალურ დიაგნოზს :

  • ალერგიულ და არაალერგიულ რინიტთან;
  • ფარინგიტთან;
  • გრიპთან – ვინაიდან, გრიპის ვირუსი ხშირად იწვევს გაციების მსგავსი კლინიკური სიმპტომატიკის განვითარებას.;
  • ბავშვებში უცხო სხეულთან ცხვირში;
  • ადრეული ასაკის ბავშვებში უნდა გამოირიცხოს უფრო სერიოზული მდგომარეობები: პნევმონია, სეფსისი.