სასარგებლო რჩევები

სიმსუქნე უშვილობასთან პირდაპირ კავშირშია

სიმსუქნე უშვილობასთან კავშირშიასიმსუქნე არის დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე, განსაკუთრებულ პრობლემებს მომავალ დედებს და ორსულებს უქმნით.

რა გართულებებს იწვევს სიმსუქნე ქალებში, ამ საკითხზე მეან-გინეკოლოგ ნინო კოკაიას ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ნინო, რა იწვევს ქალებში სიმსუქნეს?

– მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. სიმსუქნეს იწვევს, როგორც ენდოკრინოლოგიური პათოლოგია, ასევე ადინამია – უმოძრაობა უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ ქალის, არამედ ყველას ორგანიზმზე. მნიშვნელოვანია კვების ფაქტორიც, კვებას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ყველა ვერ ახერხებს სწორად კვებას, შედეგად კი ვიღებთ სიმსუქნეს და მისგან გამოწვეულ სხვა პათოლოგიებს.

– ასაკის მიხედვით თუ იცვლება ქალის წონა?

– რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად ქალის წონაც იცვლება. მეცნიერები სკალების მიხედვით ადგენენ კორელაციურ კავშირს ქალის ასაკსა და ჭარბ წონას შორის. რეპროდუქციული ასაკის ქალებში სიმსუქნის გავრცელება 40–50%–ს აღწევს, ხოლო მენოპაუზური ასაკის ქალებში 70–75%–ს უახლოვდება. ანუ, რაც უფრო ასაკში შედის ქალი, მისი სხეულიც უფრო მიდრეკილი ხდება სიმსუქნისკენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკის მატებისას აუცილებლად გავსუქდებით. ქალმა ყოველთვის უნდა აკონტროლოს თავისი წონა.

– როგორ აისახება სიმსუქნე შვილოსნობაზე?

– სიმსუქნე პირდაპირ კავშირშია უშვილობასთან. სიმსუქნის დროს 5–6–ჯერ უფრო მაღალია მენსტრუალური ციკლის დარღვევის მაჩვენებელი. სხეულის წონის მკვეთრი მატება ხშირად ხდება როგორც პირველადი, ასევე მეორეული უშვილობის მიზეზი. ამ დროს დიდია ალბათობა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, არაეფექტური გამოდგეს.

– რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ორსულობაზე, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

– ორსულობას ჭარბწონიან ქალებში ძალიან დიდი გართულებები შეიძლება მოჰყვეს. იმატებს მშობიარობის, თვითონ ორსულობის, ე.წ ლოგინობის პერიოდის პათოლოგიურად განვითარების ალბათობა და, სხვათა შორის, ნაყოფის შენარჩუნებაც საკმაოდ ძნელია ამ დროს. აღარაფერს ვამბობ მომავალი დედის ჯანმრთელობის შერყევაზე, რადგან ჭარბ წონას ხშირად თან სდევს გულის და სხვა ორგანოთა პათოლოგიები.

– ორსულის წონა როგორ მოქმედებს ნაყოფის წონაზე?

– დედის წონა მოქმედებს არამხოლოდ ნაყოფის წონაზე, არამედ მის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს, რადგან ასეთ დროს ხშირია ნაყოფის სიკვდილიანობა, სამშობიარო ტრავმები და ა.შ. რაც შეეხება წონას, ხშირია შემთხვევა, რომ ბავშვიც ჭარბწონიანი იბადება, რაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი. არსებობს შემთხვევები, როცა პირიქით, ნაყოფი ძალიან პატარა იბადება.

– უშუალოდ მშობიარობისას რა საფრთხე ემუქრება ბავშვს?

– სიმსუქნის დროს დამახასიათებელია, როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებული მშობიარობა, რაც უკვე გარკვეულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, ახალშობილმა სერიოზული დაზიანებაც კი მიიღოს, მაგალითად, ე.წ. მხრების დისტოსია, ლავიწის მოტეხილობა და სხვა სერიოზული ტრავმები. საფრთხე ემუქრება არამხოლოდ ბავშვს, არამედ დედასაც. მსუქან ქალებში ხშირია საკეისრო კვეთის აუცილებლობა.

– ორსულობისას რამდენად რეკომენდებულია დიეტა?

– ზოგადად, ორსულობისას ხშირად ინიშნება დიეტა. ქალი 30 კვირის, 7 თვის ორსული როგორც კი გახდება, მის კვებაში იზღუდება გარკვეული პროდუქტები. როცა ორსული ჭარბწონიანია, ამ დროს ხშირად არის იმის აუცილებლობა, რომ დიეტა პირველივე დღიდანვე დაენიშნოს მას.

– საშუალოდ რამდენ კილოგრამს იმატებს ჯანმრთელი ქალი ორსულობისას?

– წონაში მომატების მაჩვენებელი უმეტესად ინდივიდუალურია, მაგრამ ჯანმრთელმა ქალმა დაახლოებით 14–15 კილოგრამი რომ მოიმატოს ორსულობისას, ეს ნორმალურია, თუმცა, როცა ისედაც მსუქანი ორსული კიდევ იმატებს წონაში და მომატებული კილოგრამები ხშირად 20 კილოს აჭარბებს, ამ დროს უკვე გარკვეული ზომების მიღებაა აუცილებელი.

– მართებულია თუ არა მშობიარობისთანავე სხეულის აღდგენაზე ზრუნვა?

– მშობიარობიდან 40 დღის განმავლობაში, ქალი ზედმეტ მოძრაობას და დატვირთვას უნდა ერიდოს. მშობიარობიდან ორ თვეში კი მას შეუძლია დაიწყოს ზრუნვა საკუთარ ფიგურაზე. იაროს ფიტნეს ცენტრებში და გააკეთოს მსუბუქი ვარჯიშები. ვარჯიში შეუცვლელია იმ შემთხვევაში, როცა ქალს მშობიარობის შემდეგ მუცლის კუნთები მოშვებული აქვს. ვარჯიშის დროს ხდება ამ კუნთების გამაგრება და მუცლისთვის სასურველი ფორმის და ზომის დაბრუნება. ხშირია შემთხვევა, როცა ნამშობიარები ქალი ვერაფერს უხერხებს ე.წ სტრიებს. მომავალი დედების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ორსულობის პერიოდში თუ გამოიყენებთ შესაბამის, ექიმის მიერ რეკომენდებულ გელებს, სტრიებს თავიდან აიცილებთ და მშობიარობის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ სასურველი სხეულის ფორმის ხელახლა ჩამოყალიბება.

– კიდევ რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ ორსულებს?

– მინდა ვურჩიო, რომ რაც შეიძლება მეტად გაითავისონ პასუხისმგებლობა თავიანთი შვილების და საკუთარი თავის მიმართ. ამ შემთხვევაში, ჭარბი წონისგანაც იოლად გათავისუფლდებიან და ექიმის დავალებებსაც ზედმიწევნით შეასრულებენ. მიიღეთ ყველაფერი, ოღონდ ზომიერად, ეცადეთ, იკვებოთ სწორად და დიდი ყურადღება დაუთმოთ როგორც საკუთარ, ასევე თქვენი შვილის ჯანმრთელობას.